ფიქრის საბაბი ყოველთვის იყო თემა, თუ რა არის ბედნიერება. ადამიანები როდის ვართ ბედნიერები და რას დავსდევთ სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს ჰარვარდის მეცნიერებმა 80 წლიან კვლევაზე დაყრდნობით. და ეს ის პასუხია, რომელიც თითქოს ყველამ ისედაც ვიცოდით.

კარგი ურთიერთობები არის ჯანმრთელობის და ბედნიერების საფუძველი, – ამბობს ჰარვარდის კვლევა ზრდასრულის განვითარების შესახებ, რომელიც 80 წელია გრძელდება. ეს არის ერთადერთი, ყველაზე მასშტაბური პროექტი კვლევების მიმართულებით, რომელიც 1938 წელს დაიწყო და რომლის თავდაპირველი მონაწილეცაა 724 ოჯახი. კვლევა კიდევ უფრო მეტად მასშტაბურ ხასიათს იძენს, რადგან ბენეფიციარები უკვე არიან მათი შვილები და მათი მეორე თაობა, ვინც პირველად ჩაერთო ამ პროცესში. და ეს რაოდენობა 2000 ადამიანს გასცდა. პირველი ბენეფიციარები იყვნენ 11-19 წლის ადამიანები სხვადასხვა სოციალური გარემოებებიდან. წარმოგიდგენიათ? მთელი ცხოვრების მანძილზე, მკვლევრები აკვირდებოდნენ, კითხვარების და ინტერვიუების გამოყენებით სწავლობდნენ მათ ცხოვრებას. ზოგი მათგანი ძალიან წარმატებული გახდა თავის პროფესიაში, ცნობადიც, პოპულარულიც. ზოგმა კი უბრალოდ იცხოვრა ან ვერ. პირველივე წინადადებიდან ჩანს, რომ ჰარვარდის მეცნიერები იკვლევენ ბედნიერების და კეთილდღეობის გამომწვევ მიზეზებს. და აქვე ჩანს პასუხიც. როგორც კვლევა აჩვენებს, კარგი, ხარისხიანი ურთიერთობები, სიღრმისეული სოციალური კონტაქტი, გვერდით მყოფი ადამიანებისადმი ნდობა და შეგრძნება, რომ შეგვიძლია დავეყრდნოთ მათ, არის ბედნიერების საფუძველი. ის ადამიანები, რომლებიც არიან მეტად კონტაქტში ოჯახთან, მეგობრებთან, საზოგადოების წევრებთან, არიან მეტად ბედნიერები, მეტად ჯანმრთელები ფიზიკურად და ცხოვრობენ უფრო დიდხანს. და ამის საპირწონედ, მარტოობა კლავს. მარტოობა არის ტოქსიკური. ისინი, ვინც მარტოობას ირჩევენ, არიან ნაკლებად ბედნიერები, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია. კვლევაში ასევე ხაზგასმულია ფაქტორი, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე…

მომინდა დამეწერა ძალიან ყოფით და ძალიან ადამიანურ პრობლემაზე. ამ დაუსრულებელ წრეზე შეიძლება წლობით ვიაროთ ისე, რომ ვერც მივხვდეთ რა გვჭირს. ბევრჯერ პროკრასტინაციის პრობლემა ჩემთან სესიებზე გაუჟღერებიათ. მეც მიცხოვრია ამ ყველაფრით. ჩემი დაკვირვებით, დაუსრულებელი წრის გარღვევაში გვეხმარება საკუთარი ძალის და საკუთარი სასრულობის გაცნობიერება.

დღე დაიწყო უღიმღამოდ. და დღე მიილია. როგორც კი მოსაღამოვდა, იწყებ ფიქრს, რა გინდა, რომ გააკეთო ხვალ. ის, რაც გინდოდა გაგეკეთებინა დღეს, მაგრამ რაღაცნაირად არ იყავი განწყობაზე, დრო არ გეყო, დაგეზარა, ვერ მოასწარი, გერთულა და ა.შ. იწყებ ფიქრს და შენი მილეული ენერგიაც ცოცხლდება. ნელ-ნელა გრძნობ, როგორ სწრაფდება აზრები, სურვილები: „აი ახლა რომ დღე იყოს, ამას გავაკეთებდი, წავიკითხავდი, ვისწავლიდი, ვივარჯიშებდი, ჯანსაღ კვებას მივხედავდი, პროექტს დავწერდი… მაგრამ უკვე გვიანი საღამოა და …. მოდი, ხვალისთვის იყოს“. მერე, საკუთარ თავთან უფრო მეტი სიმტკიცისთვის, იღებ ტელეფონს და ნოუთებში იწერ შენი ხვალინდელი გასაკეთებელი საქმეების სიას. იმ სიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შენს მიზნებს უკავშირდება. კარგად დაფიქრდები, ჩამოწერ ყველა ნაბიჯს და თან არაერთს. შენს თავს ეუბნები, რომ ამ ყველაფერს ხვალ მოასწრებ, მოერევი, გააკეთებ იმიტომ, რომ ამ წუთას ისეთი ენერგიის მოზღვავებას და მოტივაციას გრძნობ, რომ მიგიშვან, მთებსაც გადადგამ. მაგრამ, რადგან უკვე ღამეა და ძილის დროა, დაე იყოს ხვალ. მეორე დღეს იღვიძებ და ეს ყველაფერი გამქრალია, ენერგიაც, მოტივაციაც, სურვილებიც, მიზნებიც. დღე იწყება უღიმღამოდ. აკეთებ მხოლოდ იმ საქმეებს, რასაც შენგან მოითხოვენ სხვები, რასაც შენგან მოითხოვს ყოფა, სამსახური, რაც აუცილებელია, გადაუდებელია, დედლაინი კარს მოგდგომია. იმ მნიშვნელოვან სიას კი უბრალოდ თვალს არიდებ. დღის მეორე ნახევარში იწყებ ფიქრს, „რა კარგი იქნებოდა, ამ სიიდან რომელიმე…

ემოციური ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია: შენი იზოლაცია და კონტროლი, შენი თვითშეფასების დათრგუნვა, შენი კრიტიკა და დადანაშაულება, შინაგანი ქაოსის შექმნა შენთვის, შენი ემოციების იგნორი ან დაცინვა, მუდმივად ყველაფერში მისი უპირატესობის მტკიცება.

მახსოვს, ვუსმენდი ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს და ჩემს თავს ვუმეორებდი „გაექეცი, ირინა. სასწრაფოდ გაეცალე“. ეს შეგრძნება გამიჩინა მისმა ნათქვამმა ფრაზამ, რომელმაც წითელი განგაშის სიგნალი ამინთო. ფრაზა ჟღერდა შემდეგნაირად: „მე ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა შრეებს ვწვდები და ამიტომ კარგად ვიცი, ამ სიტუაციაში რა არის შენთვის უკეთესი. აი დამიჯერე, რასაც ვაკეთებ, შენთვის ვაკეთებ“. ეს არის ტიპიური ემოციური მოძალადის ფრაზა, რომელიც ამას გეუბნება ისე, რომ არც გეკითხება რას გრძნობ შენ, რა არის შენთვის უკეთესი, შენ როგორ გინდა, შენ როგორ წარმოგიდგენია. ეს არის ტიპიური ემოციური მოძალადის ქცევა, რომელიც ნებისმიერ კონტექსტს შეგიძლიათ მოარგოთ. რა არის ემოციური ძალადობა? მეორე ადამიანის კონტროლი ემოციების გამოყენებით, რომელიც მოიცავს მანიპულაციის შემდეგ იარაღებს: გაკრიტიკება, დამცირება, დათრგუნვა, შერცხვენა, დადანაშაულება ან რაიმე სხვა ნეგატიური ემოციით მანიპულირება. ემოციური ძალადობა ყველაზე მეტად გავრცელებულია რომანტიულ, პარტნიორულ ურთიერთობებში, ქორწინებაში. თუმცა, არც მეგობრობაში, სამსახურეობრივ გარემოში ან ოჯახში შეიმჩნევა ნაკლები ნიშნები. თუკი ფიზიკურ ძალადობას პირდაპირი ნიშნები აქვს, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, გამოუცდელი ადამიანისთვის, ემოციური ძალადობის პირველივე ნიშნების შემჩნევა. როგორც წესი, ასეთი პირველი ნიშნები სიყვარულის სახელით იფუთება, „ვუყვარვარ და ასე გამოხატავს“, „ამას ჩემთვის აკეთებს“, თითქოს გონება ცდილობს ძალადობრივი ფაქტების რაციონალიზება მოახდინოს, არ დაიჯეროს, უარყოს ან კიდევ, რეალობიდან ამოგლიჯოს. თუკი ვიტყვით ყველაზე ზუსტ განმარტებას, მაშინ ვიტყვით შემდეგნაირად, რომ (ნებისმიერი) ურთიერთობა არის ემოციურად ძალადობრივი,…

ჩემი დაკვირვებით, ვინც ერთხელ მაინც გაუგებს გემოს, როგორია კატეგორიებად დაყოფილი ცნებების მიღმა ცხოვრება, ის აუცილებლად „აჯანყდება“ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, მის აღქმაში ადამიანებს და მოვლენებს ჩამოშორდებათ ზედ მიკერებული იარლიყები და ის აუცილებლად ნახავს, როგორია ობიექტური სამყარო.

მახსოვს, ბავშვობაში ველოსიპედიდან თუ ჩამოვვარდებოდი და მუხლებს გადავიყვლეფდი, ამას მარცხად არ აღვიქვამდი. მაგრამ, როგორც კი ომობანაში ჩემი ბანაკი დამარცხდებოდა, ამაზე დიდი დრამა ვერც დედაჩემის საყვედურები იყო გადაყვლეფილი მუხლების გამო და ვერც დახეულ და მტვერში ამოგანგლულ ტანსაცმელზე დარდი. ჩემი ბავშვობიდან, ეხებოდა ეს თამაშს, სწავლას თუ სხვა შემეცნებით აქტივობებს, ყველაზე მძაფრი მოგონებები უკავშირდება წაგებას და მოგებას. თითქოს, დაბადებისას, რაღაც მომენტში ჩამძახეს, „ნახე ირინა, ეს არის სამყარო, სადაც შენ იცხოვრებ და შენ არ უნდა დამარცხდე. არაფერში. არასოდეს.“ და მეც ამ ინსტრუქციით ვცხოვრობდი. ამიტომ, ზედიზედ ვიგებდი ყველა თამაშს, ყველა კონკურსს, ყველა შეჯიბრს, ყველა დიალოგს, ყველა ადამიანის გულს. და თუ იმ დღეს ამას ვერ ვახერხებდი, მეორე დღეს მაინც ჩემი იყო ყველა თამაში, ყველა კონკურსი, ყველა შეჯიბრი, ყველა დიალოგი, ყველა ადამიანის გული. მერე გავიზარდე და ჩემი წაუგებელი სერიაც დასრულდა. ბევრ რამეში ჩავფლავდი. წავაგე უმწეობასთან, უგუნურებასთან, საკუთარი და სხვა ადამიანების ეგოებთან, ადამიანობის რწმენასთანაც წავაგე. თუმცა, ალბათ, ეს გზა უნდა გამევლო, რომ მეგრძნო, არსებობს მარცხი და არსებობს მარცხი, რომელიც პირდაპირ გეუბნება მთავარ სათქმელს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ადამიანებს არ გვიყვარს მარცხზე ლაპარაკი. სამაგიეროდ, გაუჩერებლივ ვილაპარაკებთ ჩვენს წარმატებებზე, თანაც, აღმატებულ ხარისხში. გარკვეულ ფაქტებს ცნობიერად გავალამაზებთ, ზოგ ეპიზოდს კი უკვე შეცვლილ-შელამაზებულს მოგვაწვდის ჩვენი მეხსიერება, რომელსაც ფაქტები იმდენად აღარ ახსოვს, რამდენადაც…

ეს ის არის, რასაც ყველა დავსდევთ. ზოგჯერ საფუძვლიანად ჩავიჭერთ ხელში და ამ დროს ვასწრებთ გავხდეთ წარმატებულები საქმეში, ურთიერთობებში, სოციუმში. ზოგჯერ კი ძალიან გვისხლტება ხელიდან და მის დევნაში დროც გადის.

თუკი მჯერა, რომ შემიძლია. თუკი ვენდობი საკუთარ თავს და ამ ნდობას რეალისტური საფუძვლები აქვს, მაშინ ვიტყვი, რომ მე თავდაჯერებული ადამიანი ვარ. თუკი ვფიქრობ, რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ და შესაბამისად ვიქცევი, ამას თავდაჯერებულობასთან საერთო არაფერი აქვს. სულ სხვა შესავალი ერთხელ, უცნობი ადამიანების წრეში, გაცნობის მიზნით მკითხეს, „შენ ვინ ხარ?“ წამის მეასედში ვუპასუხე „არავინ“. „სახელიც არ გაქვს?“ და ატყდა სიცილი. უცებ მომინდა მეთქვა „მე აპრილი მქვია, შენ თუ გინდა გვირილა დამიძახე“. საინტერესოა, მე არ ვარ ჩემი სახელი, არ ვარ ჩემი პროფესია, არ ვარ ჩემი სოციალური სტატუსი, არ ვარ ჩემი პიროვნული თვისებები, არ ვარ ჩემი აზრები, არ ვარ ჩემი ემოციები, არ ვარ ჩემი რწმენა-წარმოდგენები, არ ვარ ჩემი ცოდნა, არ ვარ ჩემი შიშები და თუ ეს ყველაფერი არ ვარ, მაშინ ვინ ვარ ან რა ვარ? მე ვარ. უბრალოდ ვარ და წერტილი. და ასე, ამ მდგომარეობაში, მე ვენდობი საკუთარ თავს. მჯერა, რომ შემიძლია. ყველაფერი? არა, ყველაფერი არა. ზემოთ ვახსენე რეალისტური საფუძვლები. აქ ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის რეალისტური ხედვა ცოტათი გონების ხაფანგს ჰგავს რადგან, როგორ ვამოწმებ, რომ ის, რაც მე მგონია საკუთარ თავზე, რეალისტურია? როგორ და ისევ საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გგონია, რასაც შენ თავზე ფიქრობ, სინამდვილის ამსახველია? ესეც ხაფანგია. უფრო სწორედ, ძალიან ვიწრო ზღვარი.…

ადამიანებს გვაქვს კოგნიტური თანამიმდევრულობის თანდაყოლილი საჭიროება. თუკი ჩვენს რწმენებს, ფასეულობებს, ქცევებს შორის არის დისჰარმონია, აუცილებლად გვიჩნდება სურვილი შევცვალოთ ჩვენი რწმენა ან ქცევა და ამისათვის მოვიძიოთ ახალი ინფორმაცია. თუკი ვერ ვცვლით ვერცერთს, ვიწყებთ რწმენის ან ქცევის მნიშვნელობის შემცირებას.

არის ასეთი თეორია, კოგნიტური დისონანსი, რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია და რომელიც ადამიანებს გვემართება. ეს არის ერთგვარი დაძაბულობის მდგომარეობა. ჩნდება მაშინ, როცა ინდივიდს ერთდროულად ორი კოგნიცია (იდეა, მოსაზრება, დამოკიდებულება, რწმენა-წარმოდგენა) აქვს და ეს კოგნიციები ფსიქოლოგიურად ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ორი მოსაზრება მაქვს ერთდროულად და ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს უპირისპირდება. შესაბამისად, ჩნდება ერთგვარი დისკომფორტი, როგორც მე ამას ვეძახი, ერორი. და რადგან ორი წინააღმდეგობრივი აზრის ქონას აბსურდულობამდე მივყავართ, ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი აბსურდულობა გავამართლოთ, ანუ ეს დისონანსი შევამციროთ. კოგნიტური დისონანსის თეორიის საფუძვლები უკავშირდება ფსიქოლოგ ლეონ ფესტინგერს. როგორც ის ამბობს, ადამიანებს გვაქვს კოგნიტური თანამიმდევრულობის თანდაყოლილი საჭიროება. თუკი ჩვენს რწმენებს, ფასეულობებს, ქცევებს შორის არის დისჰარმონია, აუცილებლად გვიჩნდება სურვილი შევცვალოთ ჩვენი რწმენა ან ქცევა და ამისათვის მოვიძიოთ ახალი ინფორმაცია. თუკი ვერ ვცვლით ვერცერთს, ვიწყებთ რწმენის ან ქცევის მნიშვნელობის შემცირებას. ხომ საინტერესო ფენომენია? ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სიგარეტზე დამოკიდებულება. გვაქვს ორი მოცემულობა: „მე ვარ მწეველი“ და „მოწევა კლავს“. როგორც კი მწეველი ამის გააზრებას იწყებს, პირველი ქმედებაა, „მოდი, სიგარეტს შევეშვები“. თუმცა, როგორც კი დადგება მომენტი, რომ ადამიანი ამას ვერ მოახერხებს, მეორე იდეაზე თავდასხმის ჯერი დგება. შესაბამისად, ადამიანი აუცილებლად იპოვის 90 წლის ბებიას, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა, მაგრამ ცოცხალია და არც ფილტვების კიბო აქვს. ასევე,…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ერთი პატარა გაცნობიერება: სხეულმა იცის. და ამისი კარგი მაგალითია ინტუიცია, როგორც განსაკუთრებული უნარი, რომელიც ლოგიკური აზროვნების და ემპირიული მტკიცებულებების გარეშე, უშუალოდ წვდება ჭეშმარიტებას.

ასეთი კითხვები მინდა დაგისვათ: როგორ გესმით, რას ნიშნავს საკუთარ სხეულთან კონტაქტი?რომ შეაფასოთ 1-დან 10-მდე, რამდენად გაქვთ საკუთარ სხეულთან კონტაქტი?ბოლოს როდის მოუსმინეთ საკუთარ სხეულს? ყოველდღიურ რუტინაში და განსაკუთრებით, საოფისე ცხოვრებაში, სხეული გვავიწყდება. თითქოს, მხრებთან დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. და დიდად არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, სხეულებრივი შეგრძნებები რას გვეუბნება მანამ, სანამ ეს ყველაფერი კონკრეტულ დაავადებაში არ გადაიზრდება. სხეულებრივ გონიერებას არავინ გვასწავლის და ჩვენი სოციალური ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც არავის აღელვებს დიდად, საოფისე სკამზე რამდენ საათს გავატარებთ გადაბმულად. სხეულებრივ გონიერებას ვინ დარდობს, როცა ჩვენს ქვეყანაში მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი ჯერ ისევ სტიგმაა. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, მუშაობთ ისეთ გარემოში, სადაც მედიტაციისთვის და სხეულზე ზრუნვისთვის სივრცე და დრო გაქვთ გამოყოფილი. ან, თქვენი ყოველდღიურობის რუტინაში, სხეულზე ზრუნვისთვის 20-25 წუთი გაქვთ კალენდარში ჩასმული, რამდენად გაიზრდებოდა თქვენი პროდუქტიულობა? სიცოცხლის ხალისი? და სიჯანსაღე? ახალგაზრდობის ასაკი? სხეული და გონება არის ერთიანი სისტემა და მუშაობს სინქრონულად. ის, რაც ხდება გონებაში, აისახება სხეულზე და პირიქით. შეგვიძლია ახლავე შევამოწმოთ ეს ამბავი. აბა ადექით, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე მყარად, გაიმართეთ, თავი მაღლა ასწიეთ, დადექით დოინჯით, იგრძენით ხერხემლის სიმყარე – ამას ჰქვია გმირის პოზა. და ახლა, ამ პოზაში, ხმამაღლა თქვით „მე ვარ წარუმატებელი“. სასაცილოა? სხეული არ გიშვებთ? რა თქმა უნდა! პირიქითაც შეგვიძლია ვცადოთ. დაჯექით…

იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადია და არაფერია მარადიული, არსებობენ სიტყვები. და ეს სიტყვები ქმნიან დინებას, შენსას, ჩემსას, სხვისას. NLP-ში ასეთი პრინციპი გვაქვს, როგორც აზროვნებ, ისევე მეტყველებ და როგორც მეტყველებ, ისევე აზროვნებ. ჰოდა, რა სიტყვებია თქვენთან?

გიფიქრიათ სიტყვებზე? მე სულ ვფიქრობ. ზოგი სიტყვა მაღიმებს, ზოგი მაბრაზებს, ზოგი მავსებს. ყველა სიტყვას თავისი ემოცია აქვს. სიტყვამ შეიძლება სრულიად შეცვალოს განწყობა, დამოკიდებულება, აღქმა, ყველაფერი საერთოდ. სიტყვას შეუძლია გაგანულოს და ახლიდან დაგბადოს, ადამიანის სულის კუნჭულებში ჩაგახედოს და არამარტო ჩაგახედოს. სიტყვას შეუძლია ადამიანი შეცვალოს. ამასწინათ კარგი ნაცნობი შემხვდა. რა არის შენკენ ახალი, მკითხა და მეც სიხარულით მივუგე, რომ, როგორც იქნა, მცენარეები გავახარე. უკვე 60-ზე მეტი სუკულენტი მაქვს და 20-მდე სხვადასხვა ჯიშის სახლის მცენარე. ააა, დეპრესია გაქვს, მითხრა და სინანულით თავი გადააქნია. აქ შევჩერდები და ამ ძალიან საინტერესო მომენტს დაგიფიქსირებთ. მის რეალობაში მცენარეების მოვლა-გახარება ასოცირდება დეპრესიასთან. ერთგვარი ტოლობა აქვს დასმული, რადგან, როდესაც მას ჰქონდა დეპრესია, სწორედ ამ მიზეზით და ამ დროს დაიწყო მცენარეების მოვლა-გახარება. მის გამოცდილებაში შენახულია შესაბამისი შინაარსი და ემოციები. ჩემს რეალობაში სულ სხვა რამ ხდება. 2015 წლიდან ვცდილობდი მცენარეები გამეხარებინა და ბევრი წელი არ გამომდიოდა. ისე ძალიან მინდოდა, რომ მებაღეობის გაკვეთილებიც კი ავიღე, ვკითხულობდი თითოეული მცენარის წარმოშობის, ხასიათის და თვისებების შესახებ. და როგორც იქნა, ჩემი მცენარეები კი არ ხმებიან, ხარობენ. ჩემს გამოცდილებაში სხვანაირი ტოლობაა, მცენარეების მოვლა-გახარება უდრის მიღწევას, რაღაც არ გამომდიოდა და ახლა გამომდის. შესაბამისად, მე და ჩემი ნაცნობი კომუნიკაციაში ავცდებით ერთმანეთს მანამ, სანამ არ გავარკვევთ, რას ნიშნავს მისთვის მცენარეების…

ეგოზე მინდა ვისაუბრო. უფრო სწორედ, გონების ნულოვან მდგომარეობაზე, როცა ყველაფერი შენს შიგნით და შენს გარეთ უბრალოდ ნულდება. კი, არსებობს ასეთი მდგომარეობა და მქონია.

ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავიწყო განმარტებით, რომ აქ მოცემულ ვერსიებთან მიმართებაში, პირადად მე, არ ვსვამ კითხვებს – ეს ცუდია თუ კარგი? ზოგადად, არ მიყვარს ამ კითხვის დასმა და როცა მე თვითონ მეკითხებიან ტრენინგებზე, ეს ცუდია თუ კარგი, პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს: ყველაფერი კარგია, რასაც კარგად გამოიყენებ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის; ცუდია, თუ გამოიყენებ ცუდად. როგორც წესი, ამ კითხვებს მისვამენ სხვადასხვა თვისებებთან ან ქცევის პატერნებთან მიმართებაში. ჰოდა, ქვემოთ მოყვანილ პატერნებსაც ნუ შეხედავთ ცუდი/კარგის ფოკუსით. მე მასე არ ვუყურებ. ეგოზე მინდა ვისაუბრო. უფრო სწორედ, გონების ნულოვან მდგომარეობაზე, როცა ყველაფერი შენს შიგნით და შენს გარეთ უბრალოდ ნულდება. კი, არსებობს ასეთი მდგომარეობა და მქონია. ეს ჰგავს ყველაფრისგან თავისუფალ კონტაქტს სამყაროსთან და საკუთარ თავთან. სივრცეს, სადაც ყველაფრის მიმართ, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, ხარ სრულიად ნეიტრალური. სულ ვეძებდი პასუხს კითხვაზე ვინ ვარ. რაც აქამდე ვიპოვე, ყველაფერი იყო ზედსართავი სახელი, არსებითი სახელი, ეგოს გამოძახილი. სინამდვილეში, მაგ კითხვის პასუხია უბრალოდ მე ვარ, სადაც არის ზმნა ვარ, როგორც პროცესი, ყოფნის ამსახველი. და მე – როგორც დამკვირვებელი, რომელიც იმზირება უფილტროდ, შეფასებების გარეშე, პატერნების გარეშე, წარსული გამოცდილებების გარეშე, ოღონდ როგორ და რანაირად, სახელს ვერ ვარქმევ ჯერ. ვერც აღვწერ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წამია ეს მდგომარეობა და აქ არავითარი ეგო…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე