კარგი ურთიერთობები არის ჯანმრთელობის და ბედნიერების საფუძველი, – ამბობს ჰარვარდის კვლევა ზრდასრულის განვითარების შესახებ, რომელიც 80 წელია გრძელდება. ეს არის ერთადერთი, ყველაზე მასშტაბური პროექტი კვლევების მიმართულებით, რომელიც 1938 წელს დაიწყო და რომლის თავდაპირველი მონაწილეცაა 724 ოჯახი. კვლევა კიდევ უფრო მეტად მასშტაბურ ხასიათს იძენს, რადგან ბენეფიციარები უკვე არიან მათი შვილები და მათი მეორე თაობა, ვინც პირველად ჩაერთო ამ პროცესში. და ეს რაოდენობა 2000 ადამიანს გასცდა.
პირველი ბენეფიციარები იყვნენ 11-19 წლის ადამიანები სხვადასხვა სოციალური გარემოებებიდან. წარმოგიდგენიათ? მთელი ცხოვრების მანძილზე, მკვლევრები აკვირდებოდნენ, კითხვარების და ინტერვიუების გამოყენებით სწავლობდნენ მათ ცხოვრებას. ზოგი მათგანი ძალიან წარმატებული გახდა თავის პროფესიაში, ცნობადიც, პოპულარულიც. ზოგმა კი უბრალოდ იცხოვრა ან ვერ.
პირველივე წინადადებიდან ჩანს, რომ ჰარვარდის მეცნიერები იკვლევენ ბედნიერების და კეთილდღეობის გამომწვევ მიზეზებს. და აქვე ჩანს პასუხიც. როგორც კვლევა აჩვენებს, კარგი, ხარისხიანი ურთიერთობები, სიღრმისეული სოციალური კონტაქტი, გვერდით მყოფი ადამიანებისადმი ნდობა და შეგრძნება, რომ შეგვიძლია დავეყრდნოთ მათ, არის ბედნიერების საფუძველი. ის ადამიანები, რომლებიც არიან მეტად კონტაქტში ოჯახთან, მეგობრებთან, საზოგადოების წევრებთან, არიან მეტად ბედნიერები, მეტად ჯანმრთელები ფიზიკურად და ცხოვრობენ უფრო დიდხანს. და ამის საპირწონედ, მარტოობა კლავს. მარტოობა არის ტოქსიკური. ისინი, ვინც მარტოობას ირჩევენ, არიან ნაკლებად ბედნიერები, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია.
კვლევაში ასევე ხაზგასმულია ფაქტორი, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე ირგვლივ. ქორწინება, რომელიც სავსეა კონფლიქტებით, მეგობრობა, რომელიც ტოქსიკურია, სამსახური, რომელიც თავს მოხვეულია, – ეს ყველაფერი აისახება ჯანმრთელობაზე უფრო მეტად, ვიდრე ამ ყველაფრის არ ქონა. გამოიკვეთა კორელაცია ურთიერთობის ხარისხსა და ბედნიერებას შორის. შესაძლოა, ირგვლივ გვყავდეს ნაკლები რაოდენობის ადამიანები, მაგრამ ურთიერთობების ხარისხი იყოს მაღალი და სწორედ ეს გვანიჭებს ბედნიერებას – ქორწინება, რომელშიც სიყვარულია; მეგობრობა, რომელიც ჯანსაღია; სამსახური, რომელიც სასურველია. ამის პარალელურად, თანამედროვე კულტურა გვეუბნება, რომ რაც უფრო წარმატებული ხარ, მით უფრო ბედნიერი ხარ; რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უფრო ბედნიერი ხარ; რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით უფრო ბედნიერი ხარ; რაც მეტად გავლენიანი ან პოპულარული ხარ, მით უფრო ბედნიერი ხარ. კი, თანამედროვე კულტურას აქვს მითები და ეს მითები ბევრი ადამიანისთვის დამანგრეველია.
როდესაც ამ კვლევას ვეცნობოდი, ირგვლივ მიმოვიხედე და დავიწყე ფიქრი, რამდენად კმაყოფილი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელიც მაქვს? რამდენად ბედნიერი ვარ ადამიანებით, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან? რამდენად ჩემი ურთიერთობები მანიჭებს სიამოვნებას, მხდის უკეთესს – მცვლის, როგორც ადამიანი? და ზოგადად, რას ნიშნავს კარგი ურთიერთობა, როგორია ის?
მე ვფიქრობ, კარგია ურთიერთობა, როცა ამ ურთიერთობაში ადამიანები ერთმანეთს არაფერს ვუმტკიცებთ. უბრალოდ ვართ, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ეს წუთი არის მნიშვნელოვანი და მასში ვართ ბოლომდე, ღია და ნამდვილი ჩვენ. ურთიერთობა არის კარგი, როდესაც ერთმანეთის ემოციებს, განცდებს, გამოცდილებებს ვიაზრებთ და ვიღებთ ისეთად, როგორიც არის, ყველანაირი კატეგორიების და იარლიყების მინიჭების გარეშე. ურთიერთობა არის კარგი, როდესაც არ განვსჯით და მით უმეტეს, არ ვსჯით ადამიანებს შეცდომების გამო. ურთიერთობა კარგია, როცა არ ვცდილობთ ერთმანეთის შეცვლას, ერთმანეთის აღზრდას და ვიღებთ ერთმანეთის ბნელ მხარეებს, ვაძლევთ უფლებას საკუთარ თავსაც და მეორე ადამიანსაც ამ ბნელი მხარეების გამოვლენის. ურთიერთობა არის კარგი, როდესაც შეგვიძლია მოსმენა და დიალოგი, ასევე სიჩუმე, პაუზები და ამ პაუზებით ტკბობა. ურთიერთობა არის კარგი, სადაც თავს ვგრძნობთ თავისუფლად, ლაღად და შეზღუდვების გარეშე. სილაღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემთვის ეს თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ურთიერთობა არის კარგი, სადაც არის თვითკრიტიკა, იუმორი და, განსაკუთრებით, თვითიუმორი. ურთიერთობა კარგია, სადაც არის ნდობა, სადაც არის სიყვარული, სადაც არის შიშები და სწორედ სიყვარულით ხდება შიშებისგან განკურნება. კარგია ის ურთიერთობა, რომელიც მასწავლის ახალს, მავსებს და ეს სისავსის შეგრძნება მაკეთებინებს პატარ-პატარა სასწაულებს ყოველ დღე. ასეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს ნებისმიერ ფორმატში, მეგობრული, პარტნიორული, საქმიანი, ოჯახური თუ სხვა. და ასეთი ურთიერთობის შენებას სჭირდება სურვილი, ძალისხმევა და მთელი ცხოვრება.
აქვე, პარტნიორულ ურთიერთობებზე ეკჰარტ ტოლე გამახსენდა. ის ამბობს: „თუკი ურთიერთობებში ორივეს განიცდით, – „სიყვარულსაც“ და იმასაც, რაც სიყვარულის საპირისპიროა – თავდასხმა, ემოციური ძალადობა და ა.შ. – დიდი ალბათობით, ეგოსთვის დამახასიათებელი მიჯაჭვულობისა და სიყვარულზე დამოკიდებულებით გამოწვეული „ჩაბღაუჭების“ გავლენის ქვეშ ხართ. არ შეიძლება ერთ მომენტში პარტნიორი გიყვარდეთ, მეორე წუთს კი თავს ესხმოდეთ მას. ნადვილ სიყვარულს საპირისპირო არა აქვს. თუ მას „საპირისპირო“ უჩნდება, სიყვარული აღარ არის. ეს არის ეგოს ძლიერი მოთხოვნილება, ჰქონდეს თავისი „მე“-ს უფრო სრული და ღრმა შეგრძნება. ეს არის საჭიროება, რომელსაც სხვა ადამიანი დროებით აკმაყოფილებს. ეს ეგოსთვის ხსნას ნიშნავს, რომელიც მცირე ხნით მართლაც ხსნად გეჩვენებათ. შემდეგ დგება მომენტი, როდესაც პარტნიორის ქცევა თქვენს, უფრო სწორედ თქვენი ეგოს მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს. შიშის, ტკივილისა და დანაკლისის განცდა, რომელიც ეგოტური ცნობიერების განუყოფელი ნაწილია და რომელიც დროებით „სასიყვარულო ურთიერთობებმა“ დაფარა, ზედაპირზე ამოდის“.
ნამდვილად, სიყვარულს არ აქვს საპირისპირო. და თუ სიყვარული იწვევს ტკივილს, ემოციურ ტანჯვას, შფოთვას, შერეულ ნეგატიურ ემოციებს, ეს სიყვარული აღარ არის. ეს უბრალოდ ეგოს საჭიროებებია, რომელსაც იმ მომენტში, იმ ფორმით და იმ ადამიანთან ვიკმაყოფილებთ. ნამდვილ სიყვარულს, რომელსაც საპირისპირო არ აქვს, განსხვავებულად შევიგრძნობთ, სხვა სიღრმეა, სხვა სიმძლავრეა, სხვა მიმღებლობაა – საკუთარ თავში და სხვა ადამიანში წვდომის სხვა მასშტაბია. ამაზე ალბათ მოგვიანებით დავწერ.
და ბოლოს, ისევ ჰარვარდის კვლევის ერთ-ერთ ავტორს რომ დავუბრუნდე, როგორც რობერტ ვალდინგერი ამბობს, The good life is built with good relationships.