არის ასეთი თეორია, კოგნიტური დისონანსი, რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია და რომელიც ადამიანებს გვემართება. ეს არის ერთგვარი დაძაბულობის მდგომარეობა. ჩნდება მაშინ, როცა ინდივიდს ერთდროულად ორი კოგნიცია (იდეა, მოსაზრება, დამოკიდებულება, რწმენა-წარმოდგენა) აქვს და ეს კოგნიციები ფსიქოლოგიურად ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ორი მოსაზრება მაქვს ერთდროულად და ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს უპირისპირდება. შესაბამისად, ჩნდება ერთგვარი დისკომფორტი, როგორც მე ამას ვეძახი, ერორი. და რადგან ორი წინააღმდეგობრივი აზრის ქონას აბსურდულობამდე მივყავართ, ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი აბსურდულობა გავამართლოთ, ანუ ეს დისონანსი შევამციროთ.
კოგნიტური დისონანსის თეორიის საფუძვლები უკავშირდება ფსიქოლოგ ლეონ ფესტინგერს. როგორც ის ამბობს, ადამიანებს გვაქვს კოგნიტური თანამიმდევრულობის თანდაყოლილი საჭიროება. თუკი ჩვენს რწმენებს, ფასეულობებს, ქცევებს შორის არის დისჰარმონია, აუცილებლად გვიჩნდება სურვილი შევცვალოთ ჩვენი რწმენა ან ქცევა და ამისათვის მოვიძიოთ ახალი ინფორმაცია. თუკი ვერ ვცვლით ვერცერთს, ვიწყებთ რწმენის ან ქცევის მნიშვნელობის შემცირებას. ხომ საინტერესო ფენომენია? ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სიგარეტზე დამოკიდებულება. გვაქვს ორი მოცემულობა: „მე ვარ მწეველი“ და „მოწევა კლავს“. როგორც კი მწეველი ამის გააზრებას იწყებს, პირველი ქმედებაა, „მოდი, სიგარეტს შევეშვები“. თუმცა, როგორც კი დადგება მომენტი, რომ ადამიანი ამას ვერ მოახერხებს, მეორე იდეაზე თავდასხმის ჯერი დგება. შესაბამისად, ადამიანი აუცილებლად იპოვის 90 წლის ბებიას, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა, მაგრამ ცოცხალია და არც ფილტვების კიბო აქვს. ასევე, აუცილებლად გაიცნობს, მოძებნის, დააიდენტიფიცირებს მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომლებიც ასევე ეწევიან და „აბა, ეს ადამიანები თუ ეწევიან, ისინი ხომ ჭკვიანები არიან (ჩემსავით)“ და ა.შ. მოკლედ, ყველა გზით გაამართლებს თავის მწეველობას რადგან, კოგნიტური დისონანსი პირდაპირ ურტყამს მე კონცეფციას და დისონანსის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის თვით-გამართლება.
ასევე ერთ-ერთი, რასაც ადამიანები ვაკეთებთ კოგნიტური დისონანსის დროს, ეს არის დამოკიდებულების შეცვლა. აი მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ აბარებთ გამოცდებს, გჭირდებათ მაღალი ქულა, რომელიც იქნება თქვენი ერთგვარი ჯილდო, მაგრამ გამოცდისთვის ან არ ხართ მზად, ან ძალიან ნერვიულობთ. გამოსავალი არის გადაწერა. ჩნდება ორი კოგნიცია: „მე წესიერი ადამიანი ვარ“ – რაც გამორიცხავს თაღლითობას, „მე მინდა მივიღო კარგი ქულა“. გარკვეული ფიქრის შემდეგ, სადღაც გაიელვებს აზრი, რომ „არის სიტუაციები, სადაც გადაწერა არც ისე ცუდია და ამით ბევრი არაფერი დაშავდება. ამას ყველა გააკეთებდა“ და ა.შ. შედეგად, ადგებით და გადაიწერთ. დამოკიდებულების შეცვლისთვის ასევე მნიშვნელოვანია ექსტერნალური გამართლება, ანუ გარედან ინიცირებული (ამისთვის გთავაზობენ ფულს, ჯილდოს თუ სხვა სარგებელს და რა ზომისას), თუ ინტერნალური, ანუ შიდა. რაც უფრო დაბალია გარე გამართლების საბაბი, მით უფრო მეტად გვესაჭიროება შიდა გამართლება და, შესაბამისად, ვიცვლით დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, ძალიან ნელა, საინტერესოდ და მე-ს მოფრთხილებით.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებთან კომუნიკაციისას, საკუთარ თავთან თუ სამყაროსთან ინტერაქციის დროს, კოგნიტური დისონანსის ბევრი მაგალითი გვაქვს და ამაზე არც ვფიქრობთ. აუცილებლად ვახდენთ იმ შემთხვევების თუ შეცდომების რაციონალიზებას, რომელიც ჩვენში დისონანსს იწვევს. მაგალითად, თუკი დავარღვევ ჯანსაღი კვების წესებს შოკოლადის მაფინის ხათრით, აუცილებლად ვეტყვი ჩემს თავს, რომ „ეს მაფინი სინამდვილეში იმდენ კალორიასაც არ შეიცავს, რომ ნერვიულობად ღირდეს“, „შემიძლია ვახშამი ამოვაგდო და ამით დავაბალანსო“ და ა.შ. სინამდვილეში, ორივე საპირისპირო აზრი მაწუხებს, შოკოლადის მაფინი მიყვარს და შოკოლადის მაფინი ჯანსაღ კვებას ეწინააღმდეგება, რომელსაც მე ვიცავ და ასევე ფასეულია ჩემთვის. ჰოდა, ჩემი გონება იბრძვის მანამ, სანამ მაფინის ჩაკბეჩის რაციონალიზებას არ მოახდენს. სინამდვილეში, ეს არაფერში მჭირდება და უბრალოდ შემიძლია ავირჩიო, მაფინი მინდა თუ ჯანსაღი კვება. თუმცა, გონებას თავისი ხაფანგები აქვს დაგებული.
დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ყოფა პირდაპირ კოგნიტური დისონანსია. ერთ მხარეს არის კოგნიცია „რუსი/რუსეთი მტერია“, მეორე მხარეს არის „ჩემი მეგობარი პაშა კარგი და კეთილი რუსია“. ასევე, გამართლებისთვის გვაქვს „რუსები აქ ფულს ხარჯავენ“. ეს ის გარე გამართლება/სარგებელია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ასე მგონია, თითქოს მთელი ძალით ვცდილობთ დისონანსის შემცირებას და საკითხის რაციონალიზებას „რუსი მტერიას“ დარბილების ხარჯზე. განსაკუთრებით, ის ადამიანები, ვინც რუსი ტურისტებისგან ფინანსურ სარგებელს ნახულობენ. და ეს უფრო საშიშია, რადგან ამით ეს ადამიანები იღებენ გარე გამართლებას, თუმცა დისონანსის შესამცირებლად აუცილებლად სჭირდებათ შიდა გამართლება. შედეგად კი მივიღებთ მათ შეცვლილ დამოკიდებულებას რუსების და რუსეთის მიერ. და ვინ იცის, საჭირო დროს, როგორ გამოიყენებს ამას ოკუპანტი ქვეყანა, რომლისთვისაც უკვე რაოდენობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ თეორიაში არსებობს ასეთი წესი: თუ გინდათ, რომ ადამიანებმა უფრო დადებითი დამოკიდებულება შეიმუშაონ საგნის მიმართ, შეეცადეთ მიაღწიოთ მათ ჩართულობას ამ საგნის ფლობაში. ვფიქრობ, ეს აბზაცი ამბობს სათქმელს.
მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური დისონანსის საშუალებით შეცდომების რაციონალიზებას ვახდენთ, ის ასევე გვეხმარება ქცევის ცვლილებაში. თუკი ჩემი ფასეულობაა ფიზიკური სიჯანსაღე და ამავდროულად ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, ბუნებრივია, ძალიან დამეზარება სპორტ დარბაზში სიარული და აქტიური ვარჯიში. თუმცა, დისონანსის შესარბილებლად ჩემი ტვინი იმუშავებს მანამ, სანამ არ მომაძებნინებს ისეთ აქტივობას, რომელიც ფიზიკური სიჯანსაღის მოთხოვნილებასაც უპასუხებს და ცოტათი ჩემს სიზარმაცესაც გამოკვებავს. მაგალითად, იოგა ან დინამიური ცეკვა-მედიტაციები. ეს ყველაფერი მოხდება კარგ ვერსიაში, ანუ დავიწყებ ქცევის ცვლილებას. ცუდ ვერსიაში კი გაუცნობიერებლად ძირს გამოვუთხრი ფიზიკური სიჯანსაღის იდეას და ბოლოს აუცილებლად ვიტყვი, რომ ისედაც ჯანსაღი ვარ და მე ეს არაფერში მჭირდება. ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ კოგნიტური დისონანსისგან გამოწვეულ დისკომფორტს ვმკურნალობთ ორი მიდგომით: ვიცვლით ქცევას ან ვიცვლით დამოკიდებულებას/რწმენას.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კოგნიტური დისონანსი საკმაოდ პრობლემატურია. ადამიანებს მოგვწონს იმაზე ფიქრი, რომ გვაქვს რწმენები, ფასეულობების სისტემა და ჩვენი ქცევებიც შეესაბამება ამ ფასეულობებს. ხშირად, კოგნიტური დისონანსის პრობლემატურობა სწორედ აქ ჩნდება. ქცევის ცვლილება საკმაოდ რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ცვლილებები კი ერთადერთი მუდმივაა. სამყარო ჩვენს ირგვლივ სულ იცვლება, რაც ადამიანებს გვიბიძგებს ვიყოთ მოქნილები, შევცვალოთ ქცევები და ეს ყველაფერი იყოს ჰარმონიაში ჩვენს რწმენებთან, ფასეულობებთან. და ეს რთულია. სწორედ აქ დგება მომენტი, როცა ვირჩევთ: შევცვალოთ რწმენა, შევცვალოთ ქცევა თუ შევცვალოთ ქცევის მიმართ დამოკიდებულება? შოკოლადის მაფინის თუ ვარჯიშის შემთხვევაში, უფრო მარტივად ვაგვარებთ საკუთარ თავთან დისონანსის ამბავს. და როდესაც ადამიანი დგება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე, რუსი მტერია თუ რუსი შემოსავლის წყაროა, აქ დისონანსიც დიდია და დისკომფორტიც. ამ დისონანსის შესამცირებლად დღეს ჩვენ, ადამიანები, ძალიან ბევრ რამეს მოვიგონებთ, ძალიან ბევრ რამეში გავიმართლებთ თავს, ასევე თავს დავესხმებით სხვებს, ისევ საკუთარი მე-ს კომფორტისთვის და გამართლებისთვის. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ კოგნიტური დისონანსი ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მუშაობს. როგორც ყოველთვის და ყველგან, არიან გამონაკლისები და არის შანსი, რომ ადეკვატურობა არ დავკარგოთ მსჯელობაში, შეფასებებში, ქმედებებში. და ამისი შანსი არის ფასეულობების გააზრება, აღიარება, მიღება საკუთარი მცდარობის, თუკი ამისი საჭიროება დგას და მე-ს სიმტკიცე, რომელიც შესაძლებელია, თუკი ადამიანი სწორ მხარეს დადგება – საკუთარი ფასეულობების მხარეს. ეს კი იმხელა ემოციაა, რომ ქცევასაც გვაცვლევინებს და ჩაძინების წინ რომ წამია, იქაც მართლები ვართ საკუთარ თავთან.