გიფიქრიათ სიტყვებზე? მე სულ ვფიქრობ. ზოგი სიტყვა მაღიმებს, ზოგი მაბრაზებს, ზოგი მავსებს. ყველა სიტყვას თავისი ემოცია აქვს. სიტყვამ შეიძლება სრულიად შეცვალოს განწყობა, დამოკიდებულება, აღქმა, ყველაფერი საერთოდ. სიტყვას შეუძლია გაგანულოს და ახლიდან დაგბადოს, ადამიანის სულის კუნჭულებში ჩაგახედოს და არამარტო ჩაგახედოს. სიტყვას შეუძლია ადამიანი შეცვალოს.
ამასწინათ კარგი ნაცნობი შემხვდა. რა არის შენკენ ახალი, მკითხა და მეც სიხარულით მივუგე, რომ, როგორც იქნა, მცენარეები გავახარე. უკვე 60-ზე მეტი სუკულენტი მაქვს და 20-მდე სხვადასხვა ჯიშის სახლის მცენარე. ააა, დეპრესია გაქვს, მითხრა და სინანულით თავი გადააქნია. აქ შევჩერდები და ამ ძალიან საინტერესო მომენტს დაგიფიქსირებთ. მის რეალობაში მცენარეების მოვლა-გახარება ასოცირდება დეპრესიასთან. ერთგვარი ტოლობა აქვს დასმული, რადგან, როდესაც მას ჰქონდა დეპრესია, სწორედ ამ მიზეზით და ამ დროს დაიწყო მცენარეების მოვლა-გახარება. მის გამოცდილებაში შენახულია შესაბამისი შინაარსი და ემოციები. ჩემს რეალობაში სულ სხვა რამ ხდება. 2015 წლიდან ვცდილობდი მცენარეები გამეხარებინა და ბევრი წელი არ გამომდიოდა. ისე ძალიან მინდოდა, რომ მებაღეობის გაკვეთილებიც კი ავიღე, ვკითხულობდი თითოეული მცენარის წარმოშობის, ხასიათის და თვისებების შესახებ. და როგორც იქნა, ჩემი მცენარეები კი არ ხმებიან, ხარობენ. ჩემს გამოცდილებაში სხვანაირი ტოლობაა, მცენარეების მოვლა-გახარება უდრის მიღწევას, რაღაც არ გამომდიოდა და ახლა გამომდის. შესაბამისად, მე და ჩემი ნაცნობი კომუნიკაციაში ავცდებით ერთმანეთს მანამ, სანამ არ გავარკვევთ, რას ნიშნავს მისთვის მცენარეების მოვლა-გახარება და რას ნიშნავს ეს ჩემთვის.
რა მნიშვნელობას ვანიჭებთ სიტყვებს?
მოსმენის დროს: როგორც კი შემოდის კონკრეტული სიტყვა, ჩვენს გონებაში ჩნდება შესაბამისი სურათი, ემოცია, სხვა სენსორული ინფორმაცია და გაგონილ სიტყვებს ვადებთ იმ შინაარსს, რასაც გვაძლევს ჩვენეული სამყაროს რუკა (წარსული გამოცდილება). საუბრის დროს: ჩვენში მწიფდება კონკრეტული ფიქრი, ჩნდება შესაბამისი სურათები, ემოციები, სხვა სენსორული ინფორმაცია, რასაც შემოგვთავაზებს ჩვენი გამოცდილება. მერე ვეძებთ სიტყვებს, რომელსაც შეუძლია აღწეროს ეს ყველაფერი თანამოსაუბრისთვის. აქაც ვხელმძღვანელობთ ისევ ჩვენი გამოცდილების შესაბამისად. თანამოსაუბრე კი, ჩვენ მიერ ნათქვამ სიტყვებს, აუცილებლად დაადებს იმ სურათებს და ემოციებს, რომელსაც მას მიაწვდის მისი სამყაროს რუკა (მისი წარსული გამოცდილება). და ასე დაუსრულებლად. წარმოიდგინეთ პროცესი? ასე გამოიყურება ეს ყველაფერი ვიზუალურად.
ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში არსებობს ზედაპირული სტრუქტურა და სიღრმისეული სტრუქტურა. ეს ტერმინები 60-იან წლებში ნოამ ჩომსკიმ დაამკვიდრა, თუმცა აქ უფრო იმ მიმართულებით წავალ, რასაც NLP გვთავაზობს. მითუმეტეს, რომ ერთი და იგივე რამეზეა საუბარი, უბრალოდ, სხვადასხვა ფოკუსით: ერთი ფსიქო-ლინგვისტური, მეორე გრამატიკული. სიღრმისეული სტრუქტურა არის ის, რის გამოხატვაც გვინდა, რაც მწიფდება ჩვენში, როგორც შინაგანი რეპრეზენტაცია. ზედაპირული სტრუქტურა არის ის სიტყვები და წინადადებები, რითაც შიგნით მომწიფებულს გადმოვცემთ. რაღაცით აისბერგს ჰგავს ეს ყველაფერი. ზედაპირული სტრუქტურა არის ის მცირე ნაწილი, რომელსაც წყლის ზემოთ ვხედავთ. დანარჩენი წყალქვეშაა და არაფერი ვიცით, რა ხდება იქ (სიღრმისეული სტრუქტურა). ზემოთ მოყვანილ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, „მცენარეების მოვლა-გახარება“ არის ზედაპირული სტრუქტურა. სიღრმისეული სტრუქტურა კი ჩემს შემთხვევაში სხვაა, მის შემთხვევაში სხვა. სიტყვები ერთი და იგივეა, ემოციები სხვადასხვა.
სიღრმისეული სტრუქტურა ემყარება ჩვენს წარსულ გამოცდილებას, აღქმებს, რწმენებს, ფასეულობებს, სენსორულ არხებს, ინფორმაციის გადამუშავების პროცესში წამყვან სისტემას, ფილტრებს, მეტაპროგრამებს, გაუცნობიერებელ ქცევის პატერნებს. იმ მომენტში, როცა სათქმელი ამოგვაქვს სიღრმისეული სტრუქტურიდან ზედაპირულ სტრუქტურაში, ანუ ვეძებთ სიტყვებს, საინტერესო რამ ხდება: სათქმელის დიდ ნაწილს წავშლით, განვაზოგადებთ ან დავამახინჯებთ (ვამახინჯებთ ნიშნავს ფაქტს/მოვლენას ვუცვლით შინაარსს, რომ მოვარგოთ ისევ ჩვენს აღქმებს). და მხოლოდ ამ პროცესების შემდეგ ვაყალიბებთ ზედაპირულ სტრუქტურას, ანუ ვპოულობთ სიტყვებს. ჩემს ნათქვამ სიტყვას, რომელიც მე ვიპოვე ჩემს გონებაში, რომელიც ეფუძნება სამყაროს ჩემეულ აღქმას და ჩემს გამოცდილებებს, გაცილებით სხვანაირი შინაარსი და ემოცია აქვს, ვიდრე შენს მიერ ნათქვამ იგივე სიტყვას, რომელსაც შენ პოულობ შენს გონებაში, რომელიც ეფუძნება სამყაროს შენეულ აღქმას და შენს გამოცდილებებს. ახლა, ამ აბზაცით, მე მგონია, რომ სათქმელი გავამარტივე. თუმცა, იქნებ გავართულე კიდევაც, who knows? :)))
ეს აბზაცი სხვა რამეზეა. ყველას გვაქვს შინაგანი დიალოგი (ზოგჯერ კონფლიქტი), საკუთარ თავთან. და ხშირად, ეს მეორე ხმა არის კრიტიკული, ნეგატიური, ეჭვებში, შიშებში. ეშინია წარუმატებლობის, ეშინია უარყოფის და შესაბამისადაც ლაპარაკობს. შინაგანი დიალოგის მნიშვნელობის განხილვას არ ვაპირებ. უბრალოდ მაინტერესებს, ამ დიალოგში თქვენი კრიტიკული ხმა რა სიტყვებით გელაპარაკებათ? და ამ სიტყვებს რა შინაარსი და ემოცია აქვს? ერთხელ, ლონდონში ყოფნისას, ტეიტ მოდერნში, ჩემი შინაგანი დიალოგის განსხეულება ვიხილე. შევდივარ ოთახში, სადაც არის დაბალი განათება, დგას კოშკი, რომელიც აშენებულია სხვადასხვა ფორმის რადიოებით, ყველა არის ჩართული და მომართული სხვადასხვა ტალღაზე :))) ინსტალაციას ბაბილონი ჰქვია და ძალიან მომნუსხველია. ისეთივე მომნუსხველი, როგორიც ბაბილონის გოდოლის ამბავი. იქაც ხომ განრისხებულმა ღმერთმა ენა აურია ადამიანებს და ამით მიმოფანტა სხვადასხვა მხარეს. ვერ შეეგუა „ერთ ენაზე მეტყველ“ კაცობრიობას.
ხშირად ადამიანები ერთმანეთთან ვურთიერთობთ ზედაპირული სტრუქტურით და არც ვცდილობთ გავიგოთ, რა შინაარსია ჩადებული სიტყვებში. არადა, ყველაზე საინტერესო იქ არის, სიტყვებს მიღმა, სიღრმისეულ სტრუქტურაში. იქ, სადაც ადამიანის სამყაროა. ისეთი, როგორიც არის, თავისთავადი და უნიკალური. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ვახერხებთ ჩავწვდეთ სიღრმისეულ სტრუქტურას და იქ მყოფ სიტყვებს შევუცვალოთ შინაარსი. ამ დროს ხდება ის საოცარი ამბავი, რასაც მე კონტაქტს ვეძახი. ეს არის შეხება ჩემი სამყაროსი შენს სამყაროსთან, ჩემი გამოცდილების – შენს გამოცდილებასთან.
ჩემს სიღრმისეულ სტრუქტურაში არის ერთი საინტერესო სიტყვა – სიცარიელე. მგონია, რომ ადამიანები ასეთები ვართ, არ გვიყვარს სიცარიელეები და ის რაღაცით უნდა შევავსოთ. იქნებ ადამიანები კი არ ვართ ასეთები, სამყაროა ასეთი. იქნებ ეს იმ ჩანაფიქრის ნაწილია, როდესაც რაღაც პირველად შეიკუმშა და მერე უკიდეგანოდ გაიშალა. და სწორედ მაშინ ითქვა სიტყვები, ‘დაე, შეივსოს სიცარიელე’. ამ სიტყვაში სწორედ ეს აზრი მიყვარს – სიცარიელე, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს. საკუთარ თავს და საკუთარ სახლსაც ხშირად ვუწყობ სიცარიელეს, რომ მერე ახლით შევავსო. ოღონდ, ვფიქრობ, რომ შევსება არ უნდა იყოს სპონტანური და შემთხვევითი. სიცარიელეს რით ვავსებთ, ამასაც ფიქრი და მიმართულების მიცემა სჭირდება. აქაც საკვანძო არის სიტყვები, რას ვამბობთ, რით გვინდა სიცარიელის შევსება?
იოანეს სახარება გამახსენდა: ‘დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა’. იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადია და არაფერია მარადიული, არსებობენ სიტყვები. და ეს სიტყვები ქმნიან დინებას, შენსას, ჩემსას, სხვისას. NLP-ში ასეთი პრინციპი გვაქვს, როგორც აზროვნებ, ისევე მეტყველებ და როგორც მეტყველებ, ისევე აზროვნებ. ჰოდა, რა სიტყვებია თქვენთან?