დაუსრულებელი წრე

მომინდა დამეწერა ძალიან ყოფით და ძალიან ადამიანურ პრობლემაზე. ამ დაუსრულებელ წრეზე შეიძლება წლობით ვიაროთ ისე, რომ ვერც მივხვდეთ რა გვჭირს. ბევრჯერ პროკრასტინაციის პრობლემა ჩემთან სესიებზე გაუჟღერებიათ. მეც მიცხოვრია ამ ყველაფრით. ჩემი დაკვირვებით, დაუსრულებელი წრის გარღვევაში გვეხმარება საკუთარი ძალის და საკუთარი სასრულობის გაცნობიერება.

დღე დაიწყო უღიმღამოდ. და დღე მიილია. როგორც კი მოსაღამოვდა, იწყებ ფიქრს, რა გინდა, რომ გააკეთო ხვალ. ის, რაც გინდოდა გაგეკეთებინა დღეს, მაგრამ რაღაცნაირად არ იყავი განწყობაზე, დრო არ გეყო, დაგეზარა, ვერ მოასწარი, გერთულა და ა.შ. იწყებ ფიქრს და შენი მილეული ენერგიაც ცოცხლდება. ნელ-ნელა გრძნობ, როგორ სწრაფდება აზრები, სურვილები: „აი ახლა რომ დღე იყოს, ამას გავაკეთებდი, წავიკითხავდი, ვისწავლიდი, ვივარჯიშებდი, ჯანსაღ კვებას მივხედავდი, პროექტს დავწერდი… მაგრამ უკვე გვიანი საღამოა და …. მოდი, ხვალისთვის იყოს“. მერე, საკუთარ თავთან უფრო მეტი სიმტკიცისთვის, იღებ ტელეფონს და ნოუთებში იწერ შენი ხვალინდელი გასაკეთებელი საქმეების სიას. იმ სიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შენს მიზნებს უკავშირდება. კარგად დაფიქრდები, ჩამოწერ ყველა ნაბიჯს და თან არაერთს. შენს თავს ეუბნები, რომ ამ ყველაფერს ხვალ მოასწრებ, მოერევი, გააკეთებ იმიტომ, რომ ამ წუთას ისეთი ენერგიის მოზღვავებას და მოტივაციას გრძნობ, რომ მიგიშვან, მთებსაც გადადგამ. მაგრამ, რადგან უკვე ღამეა და ძილის დროა, დაე იყოს ხვალ.

მეორე დღეს იღვიძებ და ეს ყველაფერი გამქრალია, ენერგიაც, მოტივაციაც, სურვილებიც, მიზნებიც. დღე იწყება უღიმღამოდ. აკეთებ მხოლოდ იმ საქმეებს, რასაც შენგან მოითხოვენ სხვები, რასაც შენგან მოითხოვს ყოფა, სამსახური, რაც აუცილებელია, გადაუდებელია, დედლაინი კარს მოგდგომია. იმ მნიშვნელოვან სიას კი უბრალოდ თვალს არიდებ. დღის მეორე ნახევარში იწყებ ფიქრს, „რა კარგი იქნებოდა, ამ სიიდან რომელიმე მაინც რომ გამეკეთებინა“. გეწყება შფოთვა, სინდისის ქენჯნა. ცოტათი თვალსაც აარიდებ საკუთარ თავს. თუ ძალიან შეგაწუხებს სინდისი, იქნებ ამ მნიშვნელოვანი სიიდან რომელიმე ერთი მაინც გააკეთო. რაც უფრო მეტად საღამოვდება, მით უფრო მეტად გიჩნდება სურვილი ყველაფერი დაიწყო თავიდან. და, რა თქმა უნდა, იწყებ თავიდან. საკუთარ თავს ჰპირდები, რომ ამ ყველაფერს გააკეთებ ხვალ. სიასაც გადახედავ, განაახლებ კიდევაც, იქნებ უფრო დახვეწო, რაღაცები მიამატო ან ამოაკლო. ენერგიაც მოდის, მოტივაციაც ჩნდება, ნელ-ნელა გავიწყდება შფოთვა და სინდისის ქენჯნაც. „კი, ხვალ ნამდვილად გავაკეთებ,“ – ეუბნები შენს თავს და ასე იმედიანად იძინებ. თენდება ხვალ და მიდიხარ იმავე წრეზე.

თუკი ჩვენი თვით-რეგულაციის უნარი წარუმატებელია, ანუ არ მუშაობს, გვახასიათებს მნიშვნელოვანი შესასრულებელი საქმეების, დავალებების, ამოცანების ირაციონალური გადადება და ეს არის პროკრასტინაცია. ალბათ ეს სიტყვა ყველამ იცით და ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიგუგლავთ how to overcome procrastination. რა პასუხებიც ნახეთ, ყველა სწორია. თუმცა, უნდა ვიპოვოთ ის, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს.

ადამიანებს გვახასიათებს პროკრასტინაცია. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან: რა ხდება თქვენს გონებაში იმ მომენტში, როცა იღებთ გადაწყვეტილებას და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გაკეთებას დებთ ხვალისთვის? თან ამ ყველაფერს ახასიათებს პარადოქსულობა. ვიცით, რომ ეს გასაკეთებელი საქმე მართლა მნიშვნელოვანია და ნამდვილად კავშირშია ჩვენს მიზანთან. ვაცნობიერებთ იმ შედეგებსაც, რასაც ამ ყველაფრის დღეს გაკეთება მოგვიტანს. მაგრამ მაინც, რაღაც მომენტში ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გადავდოთ ხვალისთვის. და ამ მომენტში რა ხდება თქვენს გონებაში? რას ეუბნებით საკუთარ თავს? რა არის ის, რაც ამის გაკეთებას „გაიძულებთ“?

ალბათ, ასე გადადებული გვაქვს უამრავი კარგი წიგნის წაკითხვა, ჯანსაღად კვება, ფიზიკური აქტივობა, ადამიანებთან ურთიერთობა, რაღაცის სწავლა, მნიშვნელოვანი მიზნები და ამის ნაცვლად ვაკეთებთ სხვა რამეებს, რაც ნაკლებად ან საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვაკეთებთ. როგორც ამბობენ, პროკრასტინაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ამწუთიერი სიამოვნება. ყველა ეს შესასრულებელი საქმეები საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომლის შედეგს და ერთგვარ ჯილდოს მივიღებთ მომავალში, მაგრამ არა ახლა. ამიტომ, ჩვენში არის რაღაც ნაწილი, რომელსაც ახლა ურჩევნია გარანტირებული სიამოვნება, ვიდრე მომავალში, რომელიც ჯერ არ დამდგარა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც დადგება. მეტი სიმარტივისთვის წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სელფი აწმყოში და სელფი მომავალში. მიზნებს ისახავს მომავლის სელფი, რომელიც ხედავს, რა უნდა რომ მიიღოს ცხოვრებისგან, გეგმავს ნაბიჯებს და შედეგებსაც ნათლად განსაზღვრავს. სელფი მომავალში იაზრებს გრძელვადიან ჯილდოებს. თუმცა, მოქმედება და მომავლის სურათამდე მისვლა შეუძლია მხოლოდ აწმყოს სელფს. და გადადების გადაწყვეტილებასაც სწორედ აწმყოს სელფი იღებს, რადგან ის არის ამ მომენტში და მას სწორედ ახლა უნდა თავისი წილი სიამოვნება. სინამდვილეში, ეს სიამოვნება არაფრის მომცემი არ არის და მეტიც, ეს სიამოვნება ჭამს ჩვენს დროს და გვაახლოვებს სიკვდილთან.

პროკრასტინაციის რამდენიმე მიზეზს შორის, გარდა ამწუთიერი სიამოვნებისა, არის წარუმატებლობის ან წარმატების შიშები, პერფექციონიზმი, მეოცნებეობა, კრიზისის სიყვარული, რწმენა-წარმოდგენა, რომ დედლაინის მოახლოება შემოქმედებითობას გვიხსნის და ამ ყველა მიზეზთან დაკავშირებული შფოთვები. რომ შემეძლოს სრული კატეგორიულობით ვთქვა, რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანები პროკრასტინაციას შევეშვათ, ვიტყოდი ასე: ალბათ ყველაფერი უნდა განულდეს. და ყველაფერში ვგულისხმობ „ყველაფერ იმას“, რაც შფოთვის მიზეზად იქცევა. განულება არ ხდება ბრძოლით. თუ ვიტყვი, რომ ვებრძვი შიშს, ე.ი. მე ამ ბრძოლაში ენერგიებს ვკარგავ და შიშს ვკვებავ. ამის ნაცვლად, შემიძლია ვიპოვო ჩემთვის რა დგას შიშის საპირისპირო მხარეს და იმას დავუსხა წყალი, ის გავაძლიერო, იმაზე მოვახდინო ფოკუსირება და სწორედ ამით გავანულო შიში.  

და მთავარი: თუკი გააცნობიერებ, რომ ხელისშემშლელი ბარიერები, წინააღმდეგობები, რწმენა-წარმოდგენები, სტერეოტიპები, ჩარჩოები, შიშები, ქცევები – ყველაფერი, რაც ხელს გიშლის საკუთარი თავის შეგრძნებაში, არის ტვინის მიერ დაგებული ხაფანგები, ერთგვარი ილუზია, თუკი ამას ნათლად, ცხადად გააცნობიერებ, ეს ჰგავს გამოფხიზლებას. თითქოს ამ წუთას გაახილე თვალი და დაინახე სამყარო ისეთი, როგორიც არის. არც კარგი, არც ცუდი, არც კეთილი, არც ბოროტი – უბრალოდ სამყარო კატეგორიების გარეშე. და საკუთარი თავი მასში შენი ყველა იმ ნაწილით, რომელიც გაქვს და რომელმაც აქამდე მოგიყვანა. საკუთარი თავი განსჯის გარეშე, როგორც მოცემულობა, რომელიც შეგიძლია შეცვალო.

გაცნობიერების მერე ცვლილებები ერთიანად და თავისით არ მოდის. ამ ცვლილებებს სჭირდება ძალისხმევა, რომ გადადგა პატარა, ცნობიერი, სასურველი, თავისუფალი და ლაღი ნაბიჯები, რომელიც ნელა, მშვიდად და გააზრებულად მიგიყვანს იქამდე, სადაც მისვლას შენი გონება პროკრასტინაციის, შფოთვების და ხაფანგების გარეშე მოინდომებს.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე