თუკი მჯერა, რომ შემიძლია. თუკი ვენდობი საკუთარ თავს და ამ ნდობას რეალისტური საფუძვლები აქვს, მაშინ ვიტყვი, რომ მე თავდაჯერებული ადამიანი ვარ. თუკი ვფიქრობ, რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ და შესაბამისად ვიქცევი, ამას თავდაჯერებულობასთან საერთო არაფერი აქვს.
სულ სხვა შესავალი
ერთხელ, უცნობი ადამიანების წრეში, გაცნობის მიზნით მკითხეს, „შენ ვინ ხარ?“ წამის მეასედში ვუპასუხე „არავინ“. „სახელიც არ გაქვს?“ და ატყდა სიცილი. უცებ მომინდა მეთქვა „მე აპრილი მქვია, შენ თუ გინდა გვირილა დამიძახე“.
საინტერესოა, მე არ ვარ ჩემი სახელი, არ ვარ ჩემი პროფესია, არ ვარ ჩემი სოციალური სტატუსი, არ ვარ ჩემი პიროვნული თვისებები, არ ვარ ჩემი აზრები, არ ვარ ჩემი ემოციები, არ ვარ ჩემი რწმენა-წარმოდგენები, არ ვარ ჩემი ცოდნა, არ ვარ ჩემი შიშები და თუ ეს ყველაფერი არ ვარ, მაშინ ვინ ვარ ან რა ვარ? მე ვარ. უბრალოდ ვარ და წერტილი. და ასე, ამ მდგომარეობაში, მე ვენდობი საკუთარ თავს. მჯერა, რომ შემიძლია. ყველაფერი? არა, ყველაფერი არა. ზემოთ ვახსენე რეალისტური საფუძვლები. აქ ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის რეალისტური ხედვა ცოტათი გონების ხაფანგს ჰგავს რადგან, როგორ ვამოწმებ, რომ ის, რაც მე მგონია საკუთარ თავზე, რეალისტურია? როგორ და ისევ საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გგონია, რასაც შენ თავზე ფიქრობ, სინამდვილის ამსახველია? ესეც ხაფანგია. უფრო სწორედ, ძალიან ვიწრო ზღვარი. სად მომატყუებს ჩემი გონება, ვინ იცის. თუმცა, თუკი მე გულწრფელად დავიჯერებ, რომ ვარ ვარდისფერი ღრუბელი და მოვიქცევი შესაბამისად, იქნება თუ არა ეს სინამდვილე? დიახ, იქნება. ეს იქნება ჩემი სუბიექტური რეალობა. და აქვე ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური რეალობა, სადაც მე ვარდისფერი ღრუბელი კი არა, უბრალოდ ილუზიებით შეპყრობილი ადამიანი ვარ, ვბოდავ. თუმცა, თავდაჯერებული, რადგან მჯერა, რომ ნადვილად ვარდისფერი ღრუბელი ვარ, ასეთ საკუთარ თავს ვენდობი და ამის შესაბამისად ვიქცევი. არის ეს გონების ხაფანგი? მე ვფიქრობ, არის. შემიძლია საკუთარი თავის ხედვის სინამდვილესთან შესაბამისობა სხვა ადამიანებთან გადავამოწმო, მივიდე და ვკითხო, უკუკავშირი ვთხოვო. თუმცა, აქაც ხაფანგია. მე არ ვიცი იმ ადამიანს ჩემს შესახებ რა ფარული ზრახვები, წარმოდგენები, ემოციები, შეხედულებები, მოლოდინები და შეფასებები აქვს. მე არ ვიცი იმ ადამიანის რეალობაში მე ვინ ვარ, რა ვარ და რამდენად შეიძლება ეს უკუკავშირი იყოს ობიექტური. აჰა, აქაც იმ ობიექტურობას ვითხოვ, რომელიც არც კი ვიცი, რა ფორმით არსებობს. არის მესამე გზაც, უბრალოდ დავაკვირდე ჩემს კომუნიკაციას სამყაროსთან, თუ რა საპასუხო რეაქციებს ვიღებ. კომუნიკაციის მთავარი აზრი ხომ მის საპასუხო რეაქციაშია. მე თუ ვკომუნიცირებ, როგორც ვარდისფერი ღრუბელი და სამყაროსგან საპასუხო რეაქციად ვიღებ „გოგონა, კარგ ფსიქიატრს მიგასწავლით“, აქ წესით უნდა დავფიქრდე. პირიქით, თუ სამყაროც მპასუხობს, როგორც ვარდისფერ ღრუბელს უპასუხებდა, მაშინ ორმაგი დადასტურება მაქვს: მეც მჯერა, რომ ვარდისფერი ღრუბელი ვარ და სამყაროც ასე მხედავს. სიტყვა სამყაროში ვგულისხმობ ყველას და ყველაფერ იმას, რაც ჩემს გარეთ არის.
არის თუ არა ეს ყველაფერი ჩემი ტვინის მიერ გაკონტროლებული ჰალუცინაცია? ალბათ, არის. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ ობიექტური რეალობა, სინამდვილეში როგორი შეიძლება იყოს ის? ჩვენ ვმოძრაობთ გაურკვევლობაში, მუდმივად ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოში, სადაც არ ვიცით და ვერ ვაკონტროლებთ, როდის მოვა სიკვდილი, როდის მოვა სიყვარული, როდის მოვა ბედნიერება, როდის მოვა უბედურება. აბა დაფიქრდით, რეალურად და ნამდვილად რისი კონტროლი შეგიძლიათ? და ამ მუდამ ცვალებად სამყაროში, როდესაც იმასაც კი ვერ ვაკონტროლებთ, ხვალ დილას გავიღვიძებთ თუ არა, მაინც ვახერხებთ შევქმნათ უზარმაზარი მონუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, გრძელვადიანი ურთიერთობები, ვაშენებთ სახლებს, სადაც რამდენიმე ათეული წელი გვინდა ვიცხოვროთ, ვაგროვებთ ფულს, ვრგავთ ხეებს და ვთანხმდებით, რომ ის, ვინც არასდროს გვინახავს, ყოვლისშემძლე და შემოქმედია. ვიგონებთ ხალხთაშორის ურთიერთობის სისტემებს და ვიყურებით მომავალში, რომელიც, ობიექტურად რომ ვთქვათ ისევე გაურკვეველია, როგორც აწმყო. ჩვენი კი, ასეთ რეალობაში, გვყოფნის თავდაჯერება და ჩვენს ილუზორულ წარმოსახვებს საყოველთაო რეალობად ვაქცევთ, რომელიც ხელშესახები არაა, თუმცა უკვე ობიექტურია.
ის, რის საფუძველზეც საკუთარ თავს ვეყრდნობით და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, საკმაოდ ილუზორულია, საპნის ბუშტივითაა. ხშირად, საკმარისია ერთმა ადამიანმა ერთი სიტყვა გითხრას და შენი წლობით ნაშენები თავდაჯერებულობა ჩამოიშლება. უფრო ხშირად კი, სხვა ადამიანის სიტყვაც არ არის საჭირო. ჩვენვე ვეუბნებით ამგვარ სიტყვებს ჩვენივე თავს. უცნაურია არა? ამას ხუმრობით დრამატულ ერორს ვეძახი. ათი წელია ტრენერი ვარ. აქედან რამდენიმე წელი ლექტორი ვიყავი. ჩემივე ავტორობით შედგენილ საგანს ვასწავლიდი მაგისტრატურის სტუდენტებს. დღემდე მგონია, რომ ის, რაც მე ვიცი, ისედაც ყველამ იცის და ახალი ამ ადამიანებს რაღა უნდა ვასწავლო? და დღემდე ყველა ტრენინგის, ლექციის თუ სიტყვით გამოსვლის წინ ვემზადები გიჟივით, ახალ წიგნებს ვკითხულობ, ახალ თემებს ვამზადებ, ახალ ინსტრუმენტებს ვეძებ და მაინც ვღელავ. ვღელავ მანამ, სანამ ჩემ თავს არ ვეტყვი ამ ფრაზას: „ირინა, ამ წუთას შენ ხარ უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელსაც ეს ადამიანები გამოყენებენ ცოდნის მისაღებად. მეტი არაფერი“. ეს ის მაგიური ფრაზაა, რომელიც ჩემს თავს მოვუფიქრე, როცა 500-მდე ადამიანის წინ უნდა დავმდგარიყავი და მომეყოლა ჩემი ცოდნების შესახებ.
და მაინც, დავუბრუნდეთ თავდაჯერებულობას. ჯერ არ მქონია შემთხვევა, როცა ჩემთან სესიებზე მოსულ ადამიანს არ ეთქვას, თავდაჯერებულობაზე ვიმუშაოთ. ეს ის არის, რასაც ყველა დავსდევთ. ზოგჯერ საფუძვლიანად ჩავიჭერთ ხელში და ამ დროს ვასწრებთ გავხდეთ წარმატებულები საქმეში, ურთიერთობებში, სოციუმში. ზოგჯერ კი ძალიან გვისხლტება ხელიდან და მის დევნაში დროც გადის. თავდაჯერებულობაზე დგას ადამიანი, მისი ბედნიერება, მისი წარმატება, მისი ეგო, მისი მიღწევები, მისი შიშები, მისი ოცნებები, მისი ფინანსები, მისი ურთიერთობები, მისი ყველაფერი. და თავდაჯერებულობის გარეშე ადამიანი უბრალოდ იშლება ნაწილებად. გინახავთ ჩამოშლილი ადამიანი? მინახავს, ვყოფილვარ და მიგრძვნია, რომ სინამდვილეში ამ ილუზორულ საპნის ბუშტზე დგას ჩვენი, ადამიანების დრამატული გარდასახვები.
აღქმა რომ ჩვენი ტვინის მიერ გაკონტროლებული ჰალუცინაციაა, ამაზე ვთანხმდებით? და საკუთარი თავის აღქმა რას ემყარება? სინამდვილეში, როგორც კი გააცნობიერებ, რომ შენ არ ხარ არც შენი სახელი, არც შენი პროფესია, არც შენი სოციალური სტატუსი, არც შენი პიროვნული თვისებები, არც შენი აზრები, არც შენი ემოციები, არც შენი რწმენა-წარმოდგენები, არც შენი ცოდნა, არც შენი შიშები, იქვე თავდაჯერებულობას ანაცვლებს სიყვარული. და აცნობიერებ: საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი ენა არის სიყვარული. და ეს არის ჰალუცინაცია, რომელსაც ვერ გააკონტროლებ.