ეგოსგან თავისუფალი კონტაქტი

ეგოზე მინდა ვისაუბრო. უფრო სწორედ, გონების ნულოვან მდგომარეობაზე, როცა ყველაფერი შენს შიგნით და შენს გარეთ უბრალოდ ნულდება. კი, არსებობს ასეთი მდგომარეობა და მქონია.

ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავიწყო განმარტებით, რომ აქ მოცემულ ვერსიებთან მიმართებაში, პირადად მე, არ ვსვამ კითხვებს – ეს ცუდია თუ კარგი? ზოგადად, არ მიყვარს ამ კითხვის დასმა და როცა მე თვითონ მეკითხებიან ტრენინგებზე, ეს ცუდია თუ კარგი, პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს: ყველაფერი კარგია, რასაც კარგად გამოიყენებ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის; ცუდია, თუ გამოიყენებ ცუდად. როგორც წესი, ამ კითხვებს მისვამენ სხვადასხვა თვისებებთან ან ქცევის პატერნებთან მიმართებაში. ჰოდა, ქვემოთ მოყვანილ პატერნებსაც ნუ შეხედავთ ცუდი/კარგის ფოკუსით. მე მასე არ ვუყურებ.

ეგოზე მინდა ვისაუბრო. უფრო სწორედ, გონების ნულოვან მდგომარეობაზე, როცა ყველაფერი შენს შიგნით და შენს გარეთ უბრალოდ ნულდება. კი, არსებობს ასეთი მდგომარეობა და მქონია. ეს ჰგავს ყველაფრისგან თავისუფალ კონტაქტს სამყაროსთან და საკუთარ თავთან. სივრცეს, სადაც ყველაფრის მიმართ, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, ხარ სრულიად ნეიტრალური.

სულ ვეძებდი პასუხს კითხვაზე ვინ ვარ. რაც აქამდე ვიპოვე, ყველაფერი იყო ზედსართავი სახელი, არსებითი სახელი, ეგოს გამოძახილი. სინამდვილეში, მაგ კითხვის პასუხია უბრალოდ მე ვარ, სადაც არის ზმნა ვარ, როგორც პროცესი, ყოფნის ამსახველი. და მე – როგორც დამკვირვებელი, რომელიც იმზირება უფილტროდ, შეფასებების გარეშე, პატერნების გარეშე, წარსული გამოცდილებების გარეშე, ოღონდ როგორ და რანაირად, სახელს ვერ ვარქმევ ჯერ. ვერც აღვწერ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წამია ეს მდგომარეობა და აქ არავითარი ეგო არ არის. არც მე და შენს შორის გამყოფი ხაზია.

რადგან ისევ ეგო ვახსენე, მოდი განმარტებაც ვთქვათ. ფროიდს თუ ვკითხავთ, გვეტყვის, რომ ეგო არის პიროვნების ცენტრალური ნაწილი, რომელიც სხვა ნაწილებთან ერთად (იდი, სუპერ-ეგო), შეადგენს ფსიქიკურ სტრუქტურას. სხვა განმარტებებიც არსებობს. მაგალითად:

  • ეგო არის საკუთარი მე-ს მნიშვნელობის აღმატებული წარმოდგენა;
  • მე (იგივე სელფი), რომელიც განსხვავებულია სამყაროსგან და სხვა მე-ებისგან;
  • ეგო არის ის სურათი, რაც ადამიანს აქვს საკუთარი თავის შესახებ;
  • სხვადასხვანაირად აღქმული მე, რომელიც გარე სამყაროსთან კომუნიცირებს, შეიმეცნებს მას აღქმის ორგანოებით, მართავს აზრობრივ პროცესს, მენტალურ მდგომარეობებს და მოქმედებს. არის ერთგვარი მედიატორი გარემოს, იდის და სუპერ-ეგოს შორის.

რაიან ჰოლიდეი ამბობს, რომ ეგო არის არაჯანსაღი რწმენა-წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ. ქედმაღლობა. საკუთარ თავზე ორიენტირებული ამბიცია. როგორც ხედავთ, საკმაოდ ნეგატიური განმარტებაა, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპს, რომ ეგო „ცუდი ტიპია“.

ძალიან მომწონს ეკჰარტ ტოლეს განმარტება, რომელიც მე ვთარგმნე და არ ვიცი, რამდენად ზუსტი ნათარგმნია. თუმცა შინაარსი, ვფიქრობ, გასაგებია: როცა ყველა აზრი მთლიანად შთანთქავს შენს ყურადღებას, როცა ისეთი გაიგივებული ხარ ხმასთან, რომელიც შენს თავშია და ემოციებთან, რომელიც თან ახლავს მას, რომ კარგავ საკუთარ თავს თითოეულ აზრში და თითოეულ ემოციაში, მაშინ ხდება სრული გაიგივება ეგოსთან (ანუ მის ხელში ხარ და ვერ მართავ მას – ჩემი დამატება). ეგო არის არსებული აზრობრივი ფორმების და მისგან განპირობებული მენტალურ-ემოციური პატერნების ერთიანობა, რომელიც იქმნება მე-ს შეგრძნებით, სელფის შეგრძნებით.

ეგოს სხვადასხვა გამოხატულებები აქვს. შემიძლია გავიხსენო რაც შემხვედრია და მინახავს/მომისმენია:

განმსჯელი ეგომუდმივად განვიხილავ, ვაფასებ, განვსჯი სხვებს. ცუდ ვერსიაში, ვჭორაობ. თითქოს ასეთი ქმედება ერთგვარი საჭიროებაა მე-ს დამკვიდრებისთვის.

სხვების მაამებელი ეგომზად ვარ ყველას ვასიამოვნო და ამით საკუთარი დაუცველობა დავმალო. ან იქნებ უარყოფის მეშინია და ჩემი მე ცდილობს ყველას თვალში კარგი ტიპი იყოს, მეტი დადასტურება მოიპოვოს. ასეთ ადამიანებს ფლიზერებს (pleaser) ეძახიან.

უპირატესი ეგომე შენზე უპირატესი ვარ და შესაბამისადაც ვიქცევი, გიმტკიცებ ჩემს უპირატესობას. ამ შემთხვევაში ხაზგასმა ხდება ხშირად სოციალურ სტატუსზე. მაგალითად, მე უბრალოდ მენეჯერი კი არა, მთავარი მენეჯერი ვარ. ერთ დღესაც თუ გითხარით, “მე ქოუჩი ვარ, თქვენ არავინ”, ე.ი. ჩემში უპირატესობის მოყვარულმა ეგომ გაიღვიძა :)))

„მართალი“ ეგოსაკუთარ თავს დავაპროექტებ, როგორც კეთილშობილი, სათნო, მართალი, წესიერი, მაღალზნეობრივი. ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის გამო, მე სხვებზე უკეთესი ვარ, რადგან ცუდად არავის ველაპარაკები, ცუდად არავის ვექცევი. ჩემს მიერ მიგნებული გასხივოსნების გზაც შენსას სჯობია, რადგან ჩემი აღმოჩენილი მეტიდაციები ჭეშმარიტად მართალია.  

დადანაშაულების მოყვარული ეგოყოველთვის ყველაფერი სხვისი ბრალია.

გამოცდილებაზე დაფუძნებული ეგო30 წელია ამას ვაკეთებ და მე უკეთ ვიცი, შენ არაფერიც არ იცი.

ძალაუფლებაზე დაფუძნებული ეგომე ვფლობ ძალაუფლებას შევცვალო სხვა ადამიანების ცხოვრება ისე, როგორც მინდა. ამიტომ, ჩემი მე ასოცირებულია სწორედ ამ ძალასთან. ასეთი ეგო მინახავს პოლიტიკოსებში, ხელმძღვანელ პირებში, ზოგ გურუში. და საინტერესოა, ძალაუფლების დაკარგვის მერე რა ხდება?

ფულზე დაფუძნებული ეგომე ვფლობ ქონებას, მაქვს ფული, შესაბამისი შესაძლებლობები და შემიძლია ვიმოქმედო სხვებზე სწორედ ამ ფულის გავლენით. აქაც საინტერესოა, ფულის დაკარგვის მერე რა ხდება?

სულიერებაზე დაფუძნებული ეგომე მაქვს სიამაყის შეგრძნება, რომ ვარ განსხვავებული, არაჩვეულებრივი, რადგან ჩემი სულიერი ეგო მეუბნება, რისაც მე მწამს და მჯერა, ეს მნიშვნელოვანია, ჩემი ცოდნები გამორჩეულია. და ხშირად მავიწყდება, რომ სულიერება ზოგჯერ ჩვეულებრივობას ნიშნავს.

შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ სხვა ვერსიები, ალბათ ბევრია. რომელში იცანით საკუთარი თავი? მე ყველაში 🙂 ისევ შესავალს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ცუდი და კარგის ჭრილში არ შევხედავდი ამ ყველაფერს. აქ ჩამოთვლილს ყველას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გამოვლინება. ამასთანავე, არსებობს ეგოს მკვეთრად ნეგატიური გამოვლინებები: როცა ყოველთვის მართალი მინდა ვიყო; როცა ვერ ვიღებ კრიტიკას და უკუკავშირს, თუმცა ხმამაღლა ვამბობ, რომ უკუკავშირისთვის მზად ვარ; როცა წინააღმდეგობას ვუწევ ცვლილებებს, როცა ვცდილობ ვიყო ვინმე სხვა; როცა სხვებს ვედრები ან ვეჯიბრები და ა.შ. აქაც ბევრი ვერსიაა. თუმცა…

მახსოვს ის მომენტი, როცა საკუთარ თავს ვუთხარი მე ვარ და ეს საკმარისია. მეტი არც არაფერია საჭირო. დაე, ვარ-ის მერე იყოს სიცარიელე, უსაზღვრო სივრცე. მერე რა, რომ მეშინია. უსაზღვრობის მეშინია? ეგ არაფერია. დაივიწყე ირინე, ყველაფერი დაივიწყე, რაც აქამდე ხაზები გაგივლია. ყველანაირი ჩარჩო და ინსტრუქცია დაივიწყე და გაიხედე იქით, საითაც ჯერ არ გაგიხედავს, ჯერ არ იცი რა ხდება. მერე რა, თუ გეშინია. პირველად ყოველთვის არის შიში. უნდა შეგეშინდეს, სხვანაირად ვერ. უნდა შეგეშინდეს და მოგინდეს ჩახედო შენს შიშს თვალებში. და წახვიდე იქით, საითაც ჯერ არ გაგიხედავს.

ეგოსგან თავისუფალი კონტაქტი სამყაროსთან და საკუთარ თავთან დიდია. ზოგჯერ ისეთი დიდი, რომ სხეულის შეგრძნებას მაკარგვინებს. ეს დიდიც რაღაც კიდევ უფრო დიდის ნაწილია, რაც დაცლილია ყველანაირი შეფასებისგან, მოლოდინისგან და კიდევ ათასი ადამიანური სისულელისგან. ჩემთვის ასეთია ფერისცვალება. ამ ყველაფერზე როცა ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი ეგოს/ქცევის პატერნები უბრალოდ აზრს კარგავს.

რამდენად ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე? ვერ, რადგან ჩემი ეგო პერიოდულად ფუვდება :)))

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე