ასეთი კითხვები მინდა დაგისვათ:
- როგორ გესმით, რას ნიშნავს საკუთარ სხეულთან კონტაქტი?
- რომ შეაფასოთ 1-დან 10-მდე, რამდენად გაქვთ საკუთარ სხეულთან კონტაქტი?
- ბოლოს როდის მოუსმინეთ საკუთარ სხეულს?
ყოველდღიურ რუტინაში და განსაკუთრებით, საოფისე ცხოვრებაში, სხეული გვავიწყდება. თითქოს, მხრებთან დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. და დიდად არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, სხეულებრივი შეგრძნებები რას გვეუბნება მანამ, სანამ ეს ყველაფერი კონკრეტულ დაავადებაში არ გადაიზრდება. სხეულებრივ გონიერებას არავინ გვასწავლის და ჩვენი სოციალური ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც არავის აღელვებს დიდად, საოფისე სკამზე რამდენ საათს გავატარებთ გადაბმულად. სხეულებრივ გონიერებას ვინ დარდობს, როცა ჩვენს ქვეყანაში მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი ჯერ ისევ სტიგმაა. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, მუშაობთ ისეთ გარემოში, სადაც მედიტაციისთვის და სხეულზე ზრუნვისთვის სივრცე და დრო გაქვთ გამოყოფილი. ან, თქვენი ყოველდღიურობის რუტინაში, სხეულზე ზრუნვისთვის 20-25 წუთი გაქვთ კალენდარში ჩასმული, რამდენად გაიზრდებოდა თქვენი პროდუქტიულობა? სიცოცხლის ხალისი? და სიჯანსაღე? ახალგაზრდობის ასაკი?
სხეული და გონება არის ერთიანი სისტემა და მუშაობს სინქრონულად. ის, რაც ხდება გონებაში, აისახება სხეულზე და პირიქით. შეგვიძლია ახლავე შევამოწმოთ ეს ამბავი. აბა ადექით, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე მყარად, გაიმართეთ, თავი მაღლა ასწიეთ, დადექით დოინჯით, იგრძენით ხერხემლის სიმყარე – ამას ჰქვია გმირის პოზა. და ახლა, ამ პოზაში, ხმამაღლა თქვით „მე ვარ წარუმატებელი“. სასაცილოა? სხეული არ გიშვებთ? რა თქმა უნდა! პირიქითაც შეგვიძლია ვცადოთ. დაჯექით სკამზე, ჩამოყარეთ ხელები, მხრები, დახარეთ თავი, ჩააცქერდით იატაკს, მოადუნეთ მთელი სხეული და ხმამაღლა თქვით „მე ვარ წარმატებული“. არც ეს გამოგივათ იმიტომ, რომ სხეული სხვა პოზაშია და სხვა რამეს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ამიტომ, თუკი ვიტყვით, რომ ემოციური მდგომარეობის მართვაში სხეული უპირატესი ინსტრუმენტია, მართლები ვიქნებით.
პირველად ცეკვა-მოძრაობით თერაპიაზე რომ წავედი და სხეულის ყველა ნაწილი ვიგრძენი, მანდ მივხვდი, რომ ამდენი წელი სულ ტყუილად ვაიგნორებდი მისგან წამოსულ იმპულსებს. ეს იყო საოცარი გამოცდილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. მერე ამას დაემატა იოგა, ტაიჩი, ექსტატური ცეკვები, სხვადასხვა ტიპის დინამიური მედიტაციები, ემბოდიმენთი. მოკლედ, ყველაფერი მოვსინჯე, რასაც კი ყური მოვკარი და რაც სხეულებრივ გონიერებას უკავშირდებოდა. ყველაფერი ჯანსაღი. ამიტომ, დღეს სხეულებრივ გონიერებაზე და სომატურ ფსიქოლოგიაზე მინდა დავფოკუსირდე.
სომატური ფსიქოლოგია არის ფსიქოთერაპიის ფორმა, რომელიც ეყრდნობა სომატურ (სხეულებრივ) გამოცდილებას და მოიცავს ჰოლისტურ მიდგომებს. ეს არის სხეულის და გონების კავშირის გაცნობიერება, ფსიქიკური პროცესების და სხეულებრივი ენერგიის ერთმანეთთან ინტერაქცია და შესაბამისი პრაქტიკები, რომელიც მიმართულია თვითცნობიერებისკენ. ჩვენ ვფიქრობთ არამარტო გონებით, არამედ სხეულით. შეჩერდით სულ ერთი წამით და დააკვირდით, როგორ მიედინება თქვენი ფიქრები სხეულში. რა სახის ენერგია გაქვთ ამ წუთას სხეულში? სად იწყება და საით მიემართება ეს ენერგია? და რა კავშირშია ის თქვენს ფიქრებთან, რომელიც ამ წუთას გაქვთ?
ემბოდიმენთი, იგივე სხეულებრივი გაცნობიერების პრაქტიკა, ექცევა სომატური ფსიქოლოგიის ქოლგის ქვეშ და მოიცავს ისეთ სავარჯიშოებს, რომლის მიზანია სხეულთან კონტაქტის დამყარება, სხეულის მოსმენა და ამ გზით ბალანსის პოვნა, საკუთარი თავის მიღება, თვით-რეგულაცია. ემბოდიმენთი იკვლევს კავშირს სხეულებრივ ენერგიებსა და მენტალურ პროცესებს შორის. ემბოდიმენთის ფილოსოფია და თეორია ემყარება იდეას, რომ გონება ინტეგრირებულია სხეულის სენსორულ და მოტორულ სისტემებში. ამ მოსაზრებას ნეირომეცნიერება ამყარებს. ტვინი მართავს სამყაროსთან ინტერაქციას და ეს ინტერაქცია ხდება სხეულით. ყველა ფსიქოლოგიურ პროცესზე გავლენას ახდენს სხეული, სენსორული სისტემა, მოტორული სისტემა, შეგრძნებები.
ცეკვა-მოძრაობითი თერაპია ეს არის მოძრაობა კონკრეტულ რიტმებზე, ინტერაქცია საკუთარ სხეულთან, შემოქმედებითობა, განცდები გამოხატული სხეულით, ფიქრების ექსპრესია, მზერა შიგნით და კონტაქტი გარე სამყაროსთან სხვადასხვა ფორმით. ეს არის მომენტი, როდესაც სხეულმა იცის რას ნიშნავს იყო ერთი მთლიანობა სამყაროსთან. სხეულმა იცის როგორ, რა ფორმით უნდა თქვას თავისი სათქმელი და სულაც არ არის აუცილებელი, რომ იცოდეთ ცეკვა. თქვენ უბრალოდ მიყვებით რიტმებს და ფასილიტატორის ინსტრუქციებს. რაღაც მომენტიდან კი მიყვებით მხოლოდ საკუთარ სხეულს და აძლევთ საშუალებას ბოლომდე გამოხატოს ის, რაც ხდება შიგნით. აძლევთ საშუალებას აზრებმა გაიარონ სხეულში, არ ჩერდებით არცერთ ფიქრზე და მხოლოდ ასე, ამ ფორმით, ის შფოთვის ენერგია, რომელიც მოაქვს ფიქრებს, გარდაიქმნება შემოქმედებით ენერგიად. და თქვენ შეგიძლიათ ეს შემოქმედებითი ენერგია მიმართოთ იქით, საითაც ცნობიერად მოგინდებათ. ეს არის ის უდიდესი ბენეფიტი, რასაც ცეკვა-მოძრაობითი თერაპია იძლევა.
სხეულებრივი გონიერებისთვის ნებისმიერი პრაქტიკა შეგიძლიათ აირჩიოთ, სუნთქვითი სავარჯიშოები, იოგა, სხვადასხვა დინამიური მედიტაციები, ფიზიკური აქტივობები, ცეკვა-მოძრაობითი თუ სხვა სომატური პრაქტიკები. აქ უკვე გადამწყვეტია თქვენი გემოვნება და ინტერესები. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ერთი პატარა გაცნობიერება: სხეულმა იცის. და ამისი კარგი მაგალითია ინტუიცია, როგორც განსაკუთრებული უნარი, რომელიც ლოგიკური აზროვნების და ემპირიული მტკიცებულებების გარეშე, უშუალოდ წვდება ჭეშმარიტებას. ჩემთვის ინტუიცია არის სხეულმა იცის.