მახსოვს, ბავშვობაში ველოსიპედიდან თუ ჩამოვვარდებოდი და მუხლებს გადავიყვლეფდი, ამას მარცხად არ აღვიქვამდი. მაგრამ, როგორც კი ომობანაში ჩემი ბანაკი დამარცხდებოდა, ამაზე დიდი დრამა ვერც დედაჩემის საყვედურები იყო გადაყვლეფილი მუხლების გამო და ვერც დახეულ და მტვერში ამოგანგლულ ტანსაცმელზე დარდი. ჩემი ბავშვობიდან, ეხებოდა ეს თამაშს, სწავლას თუ სხვა შემეცნებით აქტივობებს, ყველაზე მძაფრი მოგონებები უკავშირდება წაგებას და მოგებას. თითქოს, დაბადებისას, რაღაც მომენტში ჩამძახეს, „ნახე ირინა, ეს არის სამყარო, სადაც შენ იცხოვრებ და შენ არ უნდა დამარცხდე. არაფერში. არასოდეს.“ და მეც ამ ინსტრუქციით ვცხოვრობდი. ამიტომ, ზედიზედ ვიგებდი ყველა თამაშს, ყველა კონკურსს, ყველა შეჯიბრს, ყველა დიალოგს, ყველა ადამიანის გულს. და თუ იმ დღეს ამას ვერ ვახერხებდი, მეორე დღეს მაინც ჩემი იყო ყველა თამაში, ყველა კონკურსი, ყველა შეჯიბრი, ყველა დიალოგი, ყველა ადამიანის გული. მერე გავიზარდე და ჩემი წაუგებელი სერიაც დასრულდა. ბევრ რამეში ჩავფლავდი. წავაგე უმწეობასთან, უგუნურებასთან, საკუთარი და სხვა ადამიანების ეგოებთან, ადამიანობის რწმენასთანაც წავაგე. თუმცა, ალბათ, ეს გზა უნდა გამევლო, რომ მეგრძნო, არსებობს მარცხი და არსებობს მარცხი, რომელიც პირდაპირ გეუბნება მთავარ სათქმელს.
რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ადამიანებს არ გვიყვარს მარცხზე ლაპარაკი. სამაგიეროდ, გაუჩერებლივ ვილაპარაკებთ ჩვენს წარმატებებზე, თანაც, აღმატებულ ხარისხში. გარკვეულ ფაქტებს ცნობიერად გავალამაზებთ, ზოგ ეპიზოდს კი უკვე შეცვლილ-შელამაზებულს მოგვაწვდის ჩვენი მეხსიერება, რომელსაც ფაქტები იმდენად აღარ ახსოვს, რამდენადაც ემოციები. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩვენს დღევანდელობაში კულტივირებულია წარმატება და ასეთ გარემოში ბავშვებიც ისე იზრდებიან, რომ მათ იშვიათად ვეუბნებით, რას ნიშნავს მარცხი, რა ემოციებს აჩენს ეს, როგორ მოვიქცეთ, როდესაც რაღაც არ გამოგვდის, რა მოვუხერხოთ შიშებს, რომელიც იმ მომენტში გვჭამს. თითქოს, ბავშვებს ვუმალავთ, რომ მარცხი ადამიანური ყოფის აუცილებელი ნაწილია და რომ ერთხელ დამარცხებული მუდმივად დამარცხებულს არ ნიშნავს.
სინამდვილეში, მარცხი წარმატების პრერეკვიზიტია და კიდევ უფრო დიდ სინამდვილეში, ორივე არის ადამიანების მიერ მოგონილი სოციალური კონსტრუქცია, რომლითაც ისევ ერთმანეთს ვანიჭებთ კატეგორიებს, და პირველ რიგში საკუთარ თავს. ადამიანები ურთიერთვქმედებთ სოციალურ სისტემაში და ამავე სისტემაში, ალბათ ყოფის გამარტივებისთვის, ვქმნით სხვადასხვა როლებს, როლის შესაბამის წესებს, ამ როლებს ვახარისხებთ კატეგორიებად და საკმარისია, რომელიმე კატეგორიის შესაბამის ფოლდერში რომელიმე ფაქტი მოხვდეს, მერე მისთვის კატეგორიის შეცვლა და სხვა ფოლდერში გადასკუპება საკმაოდ ძნელია. არათუ ძნელი, ხშირად არც ვფიქრობთ, რომ ასე შეიძლება. არადა, რეალობის გააზრების ერთ-ერთი გზა არის სწორედ კატეგორიების აგება, რომელიც ემყარება ჩვენს შეხედულებებს და რწმენა-წარმოდგენებს და რომელიც განსხვავდება კულტურული თუ ისტორიული კონტექსტის შესაბამისად. ჩვენს კულტურაში, სადაც წარმატების და წარმატებულობის სოციალური კონსტრუქცია შედარებით ახალია (იმ გაგებით, რა გაგებითაც ის დღეს არის), ჯერ მარცხზე ღიად იშვიათად ვლაპარაკობთ. თან ვხვდებით, რომ საჭიროა. საჭიროა იმისათვის, რომ წარმატება ილუზორული არ გახდეს, წარუმატებლობის შედეგად ადამიანი არ გატყდეს და გავიაზროთ, რომ შეცდომები არათუ მოსულა, აუცილებელიც არის.
შემიძლია ასეთი კითხვა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ, ხართ წარმატებული თუ ხართ წარუმატებელი? აქვე ალბათ დამაზუსტებელი კითხვა გაგიჩნდებათ, წარმატებული ან წარუმატებელი რაში? გნებავთ პროფესიაში, გნებავთ ურთიერთობებში, გნებავთ შინ და გნებავთ გარეთ. ან სულაც თქვენ, როგორც ადამიანი, მთლიანობაში, ხართ წარმატებული თუ ხართ წარუმატებელი? და რა მოხდება, თუკი ამ ორი კატეგორიის მიღმა ვიაზროვნებთ? მაშინ კითხვაც სხვანაირად დაისმება: ვინ ხართ, როდესაც ადამიანები არ გაფასებენ, არ განგსჯიან, კატეგორიებს არ განიჭებენ? ვინ ხართ, როდესაც არ გეშინიათ, რომ რამე არ გამოგივათ? ვინ ხართ, როდესაც არ გეშინიათ დაცინვის, უარყოფის? და ჩემი საყვარელი კითხვა: რომ არ გეშინოდეთ იმის, რისიც გეშინიათ, რას გააკეთებდით? რთული კითხვებია. მარცხთან და უარყოფასთან დაკავშირებული შიშები ადამიანების ყოველდღიურობაა. რომ არ გამომივიდეს? სხვები გაიგებენ…, რას იტყვიან…, დამცინებენ… და ა.შ.
ამ ყველაფრის მიღმა არსებობს გარკვეული საფეხურები, რასაც გავდივართ მარცხის გასააზრებლად და მისი რეფრეიმინგისთვის. ჩემი გამოცდილებით, ეს საფეხურები შემდეგია:
- მარცხის აღიარება: ალბათ, ეს არის ყველაზე რთული ნაბიჯი, როდესაც საკუთარ თავთან უნდა აღიარო, რომ დამარცხდი. ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული ქცევაა თავის არიდება, უარყოფა, სხვებზე გადაბრალება. და ეს ეტაპი მოითხოვს ყველაზე დიდ გამბედაობას, რომ იყო მართალი საკუთარ თავთან.
- ნეგატიური ემოციების მიღება: სრულიად ნორმალურია, თუკი მარცხის შედეგად ვგრძნობთ მოწყენას, სევდას, გაბრაზებას, აგრესიას… ამ ემოციებსაც სჭირდება ვალიდაცია. ჩემთვის ამ ნაწილში მიმღებლობა ნიშნავს დავარქვა სახელი ამ ნეგატიურ ემოციებს და მივცე საკუთარ თავს შესაძლებლობა, გამოვხატო ეს ყველაფერი ეკოლოგიურად (არ მივაყენო ზიანი არც საკუთარ თავს და არც სხვებს). ამ შემთხვევაში ეკოლოგიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ეკოლოგიურობას ჩვენი ახლობელი ადამიანები გვირღვევენ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გვეუბნებიან, რომ არ გვაქვს ცუდად ყოფნის უფლება. რაც ვისწავლე ამ წლების განმავლობაში, არის ის, რომ ჩემს თავს ვაძლევ ცუდად ყოფნის უფლებას გარკვეული დროით. რას ნიშნავს გარკვეული დროით: ვაკეთებ დეკლარირებას, რომ შემიძლია ვიყო სევდიანი ამდენი საათით, ამდენი დღით. თუკი იმ მომენტში არ მინდა ადამიანებთან ყოფნა, შემიძლია ეს ვთქვა. და თუკი მკითხავენ „რა შემიძლია გავაკეთო შენთვის ახლა“, ეს იქნება მხარდაჭერის ყველაზე ეკოლოგიური და ჭეშმარიტი ფორმა.
- მარცხის სრული გაცნობიერება რაციონალურ და ემოციურ დონეზე, რასაც მოჰყვება დაპირება საკუთარ თავთან, რომ კი, ნამდვილად მინდა გადავიაზრო, გავაგრძელო და გადავდგა შემდეგი ნაბიჯები.
- გაკვეთილები: ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რა მოხდა? რას მასწავლის ეს ყველაფერი? რა შემიძლია გავაუმჯობესო, შევცვალო და გავაკეთო სხვანაირად? შემჩნეული მაქვს, რომ თუ მარცხიდან შესაბამის გაკვეთილი ვერ გამომაქვს, წრეზე სიარულს ემსგავსება ეს ყველაფერი.
- საზღვრების გადაწევა: ეს ყველაფერი ხდება ჩვენს აზროვნებაში. ვაცნობიერებ, რომ კი, შეიძლება ისევ დავმარცხდე, მაგრამ ფოკუსი მაქვს პროგრესზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აქამდე ვერ ვხედავდი. და ძალიან მადლიერი ვარ იმ გამოცდილების, რაც მივიღე.
რთულია ეს ყველაფერი? კი, რთულია. ყველაზე მტკივნეული ალბათ აღიარებაა და უფრო მეტად, ამ ყველაფერის ხმამაღლა აღიარება. და მაინც, ადამიანებს გვიყვარს კატეგორიებით აზროვნება. ჩემი დაკვირვებით, ვინც ერთხელ მაინც გაუგებს გემოს, როგორია კატეგორიებად დაყოფილი ცნებების მიღმა ცხოვრება, ის აუცილებლად „აჯანყდება“ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, მის აღქმაში ადამიანებს და მოვლენებს ჩამოშორდებათ ზედ მიკერებული იარლიყები და ის აუცილებლად ნახავს, როგორია ობიექტური სამყარო. რაღაც მომენტში კი სიტყვა ობიექტურიც წაიშლება და დარჩება სამყარო ისეთი, როგორიც არის, იარლიყების, კატეგორიების, შეფასებების და ზედსართავი სახელების გარეშე.