როცა ემოცია ხდება იარაღი

ემოციური ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია: შენი იზოლაცია და კონტროლი, შენი თვითშეფასების დათრგუნვა, შენი კრიტიკა და დადანაშაულება, შინაგანი ქაოსის შექმნა შენთვის, შენი ემოციების იგნორი ან დაცინვა, მუდმივად ყველაფერში მისი უპირატესობის მტკიცება.

მახსოვს, ვუსმენდი ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს და ჩემს თავს ვუმეორებდი „გაექეცი, ირინა. სასწრაფოდ გაეცალე“. ეს შეგრძნება გამიჩინა მისმა ნათქვამმა ფრაზამ, რომელმაც წითელი განგაშის სიგნალი ამინთო. ფრაზა ჟღერდა შემდეგნაირად: „მე ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა შრეებს ვწვდები და ამიტომ კარგად ვიცი, ამ სიტუაციაში რა არის შენთვის უკეთესი. აი დამიჯერე, რასაც ვაკეთებ, შენთვის ვაკეთებ“. ეს არის ტიპიური ემოციური მოძალადის ფრაზა, რომელიც ამას გეუბნება ისე, რომ არც გეკითხება რას გრძნობ შენ, რა არის შენთვის უკეთესი, შენ როგორ გინდა, შენ როგორ წარმოგიდგენია. ეს არის ტიპიური ემოციური მოძალადის ქცევა, რომელიც ნებისმიერ კონტექსტს შეგიძლიათ მოარგოთ.

რა არის ემოციური ძალადობა? მეორე ადამიანის კონტროლი ემოციების გამოყენებით, რომელიც მოიცავს მანიპულაციის შემდეგ იარაღებს: გაკრიტიკება, დამცირება, დათრგუნვა, შერცხვენა, დადანაშაულება ან რაიმე სხვა ნეგატიური ემოციით მანიპულირება. ემოციური ძალადობა ყველაზე მეტად გავრცელებულია რომანტიულ, პარტნიორულ ურთიერთობებში, ქორწინებაში. თუმცა, არც მეგობრობაში, სამსახურეობრივ გარემოში ან ოჯახში შეიმჩნევა ნაკლები ნიშნები. თუკი ფიზიკურ ძალადობას პირდაპირი ნიშნები აქვს, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, გამოუცდელი ადამიანისთვის, ემოციური ძალადობის პირველივე ნიშნების შემჩნევა. როგორც წესი, ასეთი პირველი ნიშნები სიყვარულის სახელით იფუთება, „ვუყვარვარ და ასე გამოხატავს“, „ამას ჩემთვის აკეთებს“, თითქოს გონება ცდილობს ძალადობრივი ფაქტების რაციონალიზება მოახდინოს, არ დაიჯეროს, უარყოს ან კიდევ, რეალობიდან ამოგლიჯოს.

თუკი ვიტყვით ყველაზე ზუსტ განმარტებას, მაშინ ვიტყვით შემდეგნაირად, რომ (ნებისმიერი) ურთიერთობა არის ემოციურად ძალადობრივი, რომელშიც არის თანმიმდევრულად განმეორებადი ქცევის ან/და სიტყვების შაბლონები, რაც იწვევს ადამიანის თვითშეფასების და მენტალური სიჯანსაღის მოშლას.

შემჩნეული მაქვს, ემოციური მოძალადეების ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა მოხიბლონ ადამიანები ირგვლივ, თავი წარმოაჩინონ როგორც საუკეთესო ქცევების და იდეების მატარებლებად. და ამას ნამდვილად ახერხებენ. მათზე ნამდვილად ვამბობთ, კარგი ბიჭია/კაცია, ჭკვიანია, გაწონასწორებულია, მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, მისაბაძია. და ისინი ნამდვილად იქცევიან ასე, ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ასეთებად წარმოჩინდნენ. სამაგიეროდ, ქალები მათ გვერდით არიან დათრგუნულები, დაჩაჩანაკებულები, თვალებში სხივჩამქრალები, რადგან მათ ყოველდღე დოზირებულად ესმით თავიანთი პარტნიორებისგან, რომ არც ისე კარგები, არც ისე ლამაზები, არც ისე ჭკვიანები არიან. და ეს ქალები დღითი დღე იჯერებენ, რომ არ არიან სათანადოდ კარგები, ლამაზები, ჭკვიანები. ეს ქალები დღითი დღე ქრებიან. ეს ქალები დღითი დღე იქცევიან უსახურ არსებებად, რომლის ფუნქციებში მხოლოდ პარტნიორისთვის/ქმრისთვის არსებობა შედის, მისთვის კერძების მომზადება, მისთვის შვილების გაჩენა, მისი სახლის დალაგება, მის ირგვლივ ტრიალი. და ამ ქალებს ნელ-ნელა ავიწყდებათ, რომ მათაც აქვთ სურვილები, მათაც აქვთ განცდები, ემოციები, მათაც შეუძლიათ განვითარება, სწავლა, მიზნების მიღწევა და საკუთარი გამოცდილების მიღება. ამ ქალებს ავიწყდებათ ან შეიძლება არც არასდროს უსწავლიათ, რომ პარტნიორი/ქმარი უნდა იყოს მხარდამჭერი და არა დამთრგუნველი.

როგორ იქცევა ემოციური მოძალადე?

ემოციური მოძალადე აუცილებლად შეგირჩევს მეგობრებს და გეტყვის, რომ შენი ეს კონკრეტული მეგობარი არ მოსწონს. განსაკუთრებით არ მოეწონება ის მეგობარი, რომელშიც უფრო მეტ საფრთხეს ან პოტენციურ ოპონენტს დაინახავს. შესაძლოა გითხრას, „ამასთან იმეგობრე, იმასთან არა“ და აუცილებლად დაგიმტკიცებს, რომ შენზე ზრუნავს და ამას ამიტომ აკეთებს. მერე ამ ფრაზასაც გადაგიკრავს, „არ გინდა ჩემთან უფრო მეტი დრო გაატარო, ვიდრე ამ შენს მეგობრებთან?“. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მეგობრებისგან იზოლირებული ხარ, თუმცა არც შენი პარტნიორი ატარებს შენთან დროს. საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ სულ მის მოლოდინში ხარ. ის კი ხან დიდხანს მუშაობს, ხან მივლინებაშია, ხან შეხვედრებზეა, ხან თავის მეგობრებთან არის და ა.შ.

ემოციური მოძალადე იმაზეც იზრუნებს, რომ პროფესიული განვითარების გზიდან გადაგახვევინოს: „რად გინდა მუშაობა. არ ჯობია ცოტა ხანი შენს თავს/სახლს/ბავშვს მიხედო?“, „იმ სამსახურში რამდენსაც გიხდიან, მაგდენს ხომ მეც გაძლევ“, „წამოდი სამსახურიდან და რაც გინდა აკეთე, ბევრი თავისუფალი დრო გექნება შენთვის“. ეს ბოლო წინადადება განსაკუთრებით მიმზიდველად ჟღერს. ოღონდ მერე აღმოჩნდება, რომ „რაც გინდა აკეთე“-ს შინაარსი ძალიან შეზღუდულია და მხოლოდ იმის კეთება შეგიძლია, რაც მას უნდა.

ემოციური მოძალადე არაფრად ჩააგდებს შენს ემოციებს. როდესაც ეტყვი, რომ ცუდად ხარ, ჩაიცინებს და გეტყვის, „შენ თვითონ მიხედე შენს თავს“. როცა ეტყვი, რომ რაღაც კონკრეტული გეწყინა, გიპასუხებს, რომ „ეს მხოლოდ შენი პრობლემაა“. როცა კითხვას დასვამ, თქვენს ურთიერთობაში ასე რატომ ხდება, მიგითითებს, რომ კონკრეტულ თაროზე კონკრეტული წიგნი დევს და „შეგიძლია გადმოიღო და წაიკითხო. მანდ წერია პასუხი“. როცა ატირდები, გაბრაზდება და ბრალს დაგდებს, რომ „მის ნერვებზე თამაშობ. მას კი ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და შენთვის არ სცალია“. როცა მისგან გაქცევა მოგინდება, დაგადანაშაულებს, რომ შენ მისგან ყველაფერი წაიღე და ასე უნამუსოდ გაიმეტე ამხელა ტკივილისთვის.

ემოციური მოძალადე მუდმივ გაუგებრობაში გამყოფებს, მუდმივად შემოგთავაზებს ურთიერთსაპირისპირო ვერსიებს შენს შესახებ. მაგალითად, თან როგორი ჭკვიანი ხარ, მაგრამ თან რა უბედური, რადგან ეს შენი სიჭკვიანე ხელს გიშლის დატკბე ცხოვრებით. ემოციურ მოძალადეს უყვარს, როდესაც მოგიწყობს ზეიმს და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სიხარულს გამოხატავ, აუცილებლად გაგაკრიტიკებს ან დაგადანაშაულებს რამეში. იქვე პარალელურად, აუცილებლად დაგიფიქსირებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ ასე უგუნურად მოიქეცი, ის მაინც კარგი პარტნიორია, არაფერს არ შეიმჩნევს და თავისივე მოწყობილი ზეიმით ტკბობას გააგრძელებს. ემოციური მოძალადე გაანულებს შენს მიღწევებს, რაც აქამდე გქონდა, შენს ძლიერ მხარეებს და ამას გააკეთებს ძალიან მსუბუქად. ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ წარმატებული იყავი იმიტომ კი არა, რომ შენ ჩადე ამაში ძალისხმევა. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ გაგიმართლა. თან, რა კარგია, რომ ასეთი იღბლიანი ხარ.

ემოციური მოძალადის განწყობა მკვეთრად იცვლება. ის ხან შენზე უგონოდ შეყვარებული, მზრუნველი პარტნიორია, ხან კი უეცრად ცივდება და გაიგნორებს. შენ კი ვერ გაგიგია, ამჯერად რა დააშავე. ამჯერად იმიტომ, რომ ემოციური მოძალადე მუდმივად ახერხებს ჩაგაყენოს დამნაშავის პოზიციაში. შენც იჯერებ, რომ მუდმივად გეშლება და ბოლოს ფიქრობ, რომ თქვენ ორს შორის, ცუდი პარტნიორი შენ ხარ. ამ ყველაფერს ემატება ცინიზმი მისი მხრიდან, რომელსაც შეგიფუთავს, როგორც მაღალინტელექტუალურ იუმორს, რომელსაც შენ ვერ გაიგებ, თუმცა შეუძლია გასწავლოს.

ეს აღწერები კიდევ არაერთ აბზაცში შეიძლება გაიწეროს. ერთი ჩანაწერი ვერასოდეს დაიტევს ყველა იმ ზიანის ფორმას, რასაც ემოციური მოძალადე აყენებს ადამიანს. განსაკუთრებით მძიმე ის მომენტია, როდესაც ქალი ფიქრობს, რომ მოძალადე შეიცვლება, ეს ბოლო იქნება და ასე აღარ მოიქცევა. ეს არის ეტაპი, როდესაც, ისედაც ილუზორული სიმართლე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. და რთულია, ძალიან რთულია ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებენ ამას.

ემოციური ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია: შენი იზოლაცია და კონტროლი, შენი თვითშეფასების დათრგუნვა, შენი კრიტიკა და დადანაშაულება, შინაგანი ქაოსის შექმნა შენთვის, შენი ემოციების იგნორირება ან დაცინვა, მუდმივად ყველაფერში მისი უპირატესობის მტკიცება.

და რა ხდება ბოლოს? ბოლოს ქალი არის შეშინებული, საკუთარი თავის რწმენადაკარგული, ძალაგამოცლილი, იდენტობადაკარგული, საკუთარი ხმის გარეშე, ფიზიკურად შეცვლილი, დარცხვენილი, რომ ყველაფერი მისი ბრალია და ვერც იაზრებს, როდის გახდა ასეთი.

ჩვენ, ქალებმა, უნდა ვთქვათ, ხმამაღლა უნდა ამოვიძახოთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის, თუკი ვერ მივხვდით თავიდანვე. ჩვენი ბრალი არ არის, თუკი „სიყვარულის სახელით“ თვალები დავხუჭეთ. ჩვენი ბრალი არ არის, თუკი მაშინათვე ვერ გამოვიქეცით. ჩვენი ბრალი არ არის, თუკი მსხვერპლის როლში აღმოვჩნდით. მაგრამ, ჩვენი ბრალი იქნება, თუკი ამაზე არ ვილაპარაკებთ.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე