ამ პოსტის წერისას ის კადრი მედგა თვალწინ, სასამართლო პროცესზე ბიჭმა რომ გამოსძახა დედას, ციხეში ვარჯიში დავიწყეო.

ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, ბევრ ემოციას, ფიქრს და ამბავს რომ გადაზელს ერთმანეთში. ზოგჯერ მგონია, ფილმში ვართ, სადაც ყველა ჟანრი ერთადაა თავმოყრილი, ემოციებსაც შესაბამისს აჩენს – ხან ვიცინით, ხან ვტირით, ხან სასოწარკვეთაში ვართ, ხან გაუგებრობაში, ხან სევდაა და ხანაც უსაზღვრო ოპტიმიზმი. ამ ემოციურ როლერკოსტერსაც გადააზრება სჭირდება, განცდა და თვითგამოხატვა. ეს უნარი კი დაბადებიდან არავის დაგვყოლია, ზოგი ადრეულ ასაკში ვსწავლობთ საკუთარი ემოციების მოვლას, ზოგი უფრო გვიან. თუმცა, ეს ნამდვილად დასწავლადი უნარია და ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება ასეთ რთულ დროს ადამიანებმა საკუთარი თავისთვის გავაკეთოთ. არსებობს ასეთი თქმა – “სულ საინტერესო დროებაში გეცხოვროს“. ძველ ჩინურ წყევლას მიაწერენ, თუმცა არა მგონია სიმართლე იყოს. უფრო, თანამედროვე დასავლელების მოგონილია, ვფიქრობ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ავტორი, შინაარსია კარგად გასააზრებელი. რას ნიშნავს საინტერესო დროება? ქაოსი, ომი, გაურკვევლობა, პოლიტიკური აჯანყებები, კრიზისი, პანდემია… თითქოს წყევლასავით ჟღერს, ასეთ დროებაში ცხოვრებას რომ უსურვებ ადამიანს. თუმცა, მეორე მხრივ დალოცვაც შეიძლება იყოს. დროება, რომელიც სტაბილურია, მშვიდია, წინასწარგანჭვრეტადია, ინტელექტუალურ გარღვევებს ვერ შობს – ისტორია ასე ამბობს. მეორე მხრივ, დიდი ცვლილებების დროებაში ცხოვრება ისეთი უნარების დასწავლას და აზროვნების პარადიგმის ცვლილებას მოითხოვს ჩვენგან, რომელიც თან რთულია და თან შესაძლებლობებით აღსავსე. როგორ ვუპასუხებ ამ გამოწვევებს, ეს ჩემი ადამიანური გადაწყვეტილებაა. სოციალური და პოლიტიკური აჯანყებების დროს, სტრესი, დეპრესია, გადაწვა, სასოწარკვეთა,…

ერთხელ მახსოვს, სტიმული-რეაქციის მოდელს ვხსნიდი ერთ-ერთ ვორქშოპზე, როცა მონაწილემ მითხრა, მე თუ ეს მექანიზმი ვიცი, ე.ი. მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, ვიდრე იმას, ვინც არ იცის, ამიტომ, არ ვარ დარმუნებული რომ ამის ცოდნა მინდაო. ჩემი მაშინდელი რეაქციაც მახსოვს.

არჩევანის ბუნებაზე თუ დავფიქრდებით, პირველი მახსენდება ასეთი რამ – არსებობს სივრცე სტიმულსა და საპასუხო რეაქციას შორის და ამ სივრცის გაცნობიერება ნამდვილად არის ძალა. არ გეგონოთ ეს ჩემი მოსაზრება, სადღაც ამოვიკითხე, თუმცა ახლა ვერაფრით ვიხსენებ ავტორს. მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ სტიმულის უსასრულო ჯაჭვია. სულ რაღაც ხდება, სულ მოქმედებაა, სულ ცვლილებებია. რა დიდებული რამაა ბუნება, არა? ისეთად შექმნა ადამიანის სხეული, ზოგჯერ რომ ვუფიქრდები, იდეალური ბიო-რობოტი მგონია (რომელსაც თავში არასწორი პროგრამები ჩაუდეს). ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენი ყოფნის ბიოლოგიური ფუნდამენტია, უმალ მომართულია თითქმის სინქრონში იმოქმედოს გარედან შემოსულ სტიმულზე. იმიტომ ვიყენებ სიტყვას თითქმის, რომ სწორედ აქ არის გაცნობიერების სივრცე. ცოტას ნერვულ სისტემაზე ვილაპარაკებ და გაცნობიერების ამბებზე მერე გადავალ, თუ ძალიან არ ჩამითრია ნეიროფიზიოლოგიის საკითხებმა. იმაზე დაფუძნებით, რასაც ვხედავთ, გვესმის თუ ვგრძნობთ, ნერვული სისტემა მართავს ჩვენს ყველა ქმედებას. ის განსაზღვრავს როგორ ვფიქრობთ, ვმოქმედებთ, რას განვიცდით, რა რეაქციები და რეფლექსები გვაქვს. როდესაც რაღაც იცვლება გარემოში ან ჩვენში, ნერვული სისტემისთვის ეს არის სტიმული და მისი მთავარი ფუნქციაა ჰქონდეს რეაქცია სხვადასხვა სტიმულზე სხვადასხვა გზით. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შემოდის ინფორმაცია, ნერვული სისტემა ამ ინფორმაციას იღებს, გადაამუშავებს, აინტეგრირებს და აქვს საპასუხო რეაქცია სხეულებრივ, აზრობრივ და განცდების დონეზე. სწორედ ინტეგრირების პროცესში ვიღებთ გადაწყვეტილებებს ქმედებაზე. როგორც კი გადავწყვეტთ, ჩვენი სხეული რეაგირებს, ემოციები…

წინა ჩანაწერის გაგრძელებაა ეს. იქ ზებრაა, აქ ჟირაფია. აქვს ამასაც თავისი ლოგიკური მიზეზი, რაზეც, იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ ლაპარაკს, ინსპირაციის საფეხურამდე თუ მივბობღდი )))

… გაგრძელება. იყო ავთენტური და იპოვო შენი გზა, ყველაზე ღირებული და ყველაზე რთული ამბავია. იმიტაციას თავისი ბონუსები აქვს. როგორც მხატვრები სწავლობენ დასაწყისში ხატვას – გადახატვით, ასევეა იმიტაცია, რადგან თუ შესრულების ტექნიკაზე ფიქრობ, შემოქმედებაში ვერ დაიღვრები. იმიტაცია კიდევ გეხმარება გაიწვრთნა ტექნიკაში. და როცა საკმარისად ისწავლი იმიტაციით, სადღაც შიგნიდან ჩნდება შეგრძნება, ძახილი, რომელიც მიგანიშნებს – დროა მიბაძვის რეჟიმიდან გახვიდე და რაღაც შენი შექმნა, შენი და ავთენტური. სინამდვილეში ეს არის ყველაფერზე მეტად ღირებული. ეს გზა რთულია, იმედგაცრუებების გზაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ილუზიებიდან გასვლის, მოლოდინების გაშვების და იმ ყველაფრისგან გათავისუფლების, რაც ხაფანგია მეტამორფოზისთვის. ამ პროცესში თითქოს ყველაფერს ხელს უშვებ – კონტროლს, წარმოსახვებს, საკუთარ თავს. ამ პროცესში თითქოს ემორჩილები, სწავლობ როგორია ყოფნა ჩამოშლილ რეალობაში, მორღვეული იდენტობით და საკუთარ თავზე ილუზორული წარმოდგენებით. სიბნელეში ხეტიალს ჰგავს, თან ძალიან საშიშია და თან ძალიან ამაღელვებელი, რადგან ინტუიცია გეუბნება, რომ შენს წინაშე საოცარი ახალი სამყარო გადაიხსნება. და ინტუიცია სწორია. ინტუიციის საფეხურზე ყველა რწმენა-წარმოდგენა, რაც აქამდე შეგიქმნია, იშლება და რჩები მხოლოდ საკუთარ თავთან. ამ დროს არის ყველაზე ღრმა ფიქრი – ვინ ხარ, როდესაც არ ხარ შენი მოლოდინები, შენი გამოცდილებები, შენი შიშები, შენი რწმენები, შენი პატერნები, შენი შეხედულებები საკუთარ თავზე, ან სხვისი შეხედულებები შენზე – როდესაც ეს ყველაფერი არ ხარ, მაშინ…

გენიალურ გაბრიელასთან არაჩვეულებრივ კონცეფციას მივაგენი – რა გზას გავდივართ ინერციიდან ინსპირაციამდე, უძრაობიდან მოძრაობამდე, უარაფრობიდან ქმნადობამდე და ავთენტურობამდე.

ყოფილხარ უძრაობაში? თითქოს ცხოვრობ, თითქოს ყოველდღე აკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რაც აუცილებელია, პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ან ვალდებული ხარ. აკეთებ და მიუხედავად ამისა, მაინც უძრაობაში ხარ. თითქოს ინერციით აკეთებ. ასე მგონია, ცხოვრების ნახევარზე მეტს ამგვარ „მოძრავ“ უძრაობაში ვატარებთ, ინერციით ვცხოვრობთ. თითქოს, სასიცოცხლო ენერგია სადღაც არის მიმალული, სადღაც გაუცნობიერებელ შრეებში და ჩვენც ერთგვარ აპათიურობაში ვართ. შეიძლება წლები გავიდეს ასე, ან თვეები და ვერც მივხვდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. თუმცა, სასიცოცხლო ენერგია ყოველთვის ითხოვს აღმოჩენას, გარეთ გამოშვებას, ქმედების დინებაში შესვლას და პერიოდულად, შინაგანი ხმა ან შინაგანი კონფლიქტი ჩნდება, რომელიც მიგანიშნებს, რომ რაღაც ისე არ არის, რაღაც შესაცვლელია. ასეთია ინერციაში ყოფნა. ეს არის უძრაობის საფეხური – ჩვენი, ადამიანური ჩრდილოვანი მხარე. ინერციას ზოგჯერ მოჩვენებითი მოძრაობა ახასიათებს, რუტინაში ჩაძირვა, მხოლოდ სავალდებულო ავტომატური საქმეების კეთება. უფრო ცუდ შემთხვევაში – სრული უძრაობა, მორალური და ინტელექტუალური სიზარმაცე. ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანები მოძრავი არსებები ვართ, მოძრაობისთვის ვართ, მარადიულ ცვლილებებში დავაბიჯებთ. ინერცია კი თვით-დესტრუქციული ენერგიაა, წინააღმდეგობაა სიცოცხლის მიმართ. იმის გაცნობიერება, რომ ინერციაში ვართ, უკვე ითხოვს მოძრაობას, სხვაგვარ მოქმედებას. თუმცა, ინერციიდან პირდაპირ ქმნადობაში გადასვლა, ვფიქრობ, არ ხდება და იქამდე გზა არის გასავლელი. ინერციას შესაძლოა იწვევდეს გაუცნობიერებელი პატერნები, სურვილები, რწმენები – ის, რასთან მიმართებაშიც კითხვებს არ ვსვამთ, არც კი განვიხილავთ, უბრალოდ ჩრდილშია. რადგან,…

ეგიზსტენციალურ ქოუჩინგს ვუჭვრიტინებ, ვკითხულობ, ვტესტავ – ქოუჩის როლიდანაც და კლიენტის როლიდანაც. საოცარი რამეა, სრულიად განსხვავებული იმ გამოცდილებებიდან, რაც აქამდე მქონია.

სამყაროს ჩემეული აღწერა განსხვავდება სამყაროს სხვა აღწერებისგან. სამყაროს ჩემეულ აღწერაში ჩემი ჭეშმარიტებაა, რომელშიც და რომლითაც მე ვცხოვრობ. ჩემს ჭეშმარიტებას კი მთლიანად ვავლენ ყოფნაში – ჩემს ღრმად პერსონალურ პროექტში მომავლის საკუთარი თავის შესახებ, რასაც ვეფუძნები და საიდან გამომდინარეც ვოპერირებ აქ და ახლა. და თუ აქ და ახლა ქმედებაში არც არაფერს ვქმედებ, ალბათ მომავლის რა პროექტიც გამაჩნია, იქ თავს ვიტყუებ. რთული სიმართლეა ეს, რომელსაც უმეტესად თვალს ავარიდებთ. თუმცა, ამ რთული სიმართლის გაგებით შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ჩვენი გადააზრება საკუთარი თავის და მოხდეს ისე, რომ სულ სხვა რეალობაში მოგვინდეს გამოღვიძება. დიალოგი ეგზისტენციალურ საფეხურზე ამისთვისაა – რადგანაც ჩვენი ქმედება, ქცევები და მოტივაცია განსაზღვრულია ყოფნის ფუნდამენტური გაგებით, ამ საფეხურზე რეფლექსია ბევრს არაფერს ცვლის. ეგზისტენციალურ საფეხურზე რეფლექსია კი არჩევანის მრავალფეროვნებაში ითარგმნება – მე, როგორც ადამიანი, როდესაც არჩევანს ვაკეთებ, სამყაროს რა აღწერიდან ამოვდივარ და ამ აღწერაში რა პერსპექტივები არსებობს: რასაც ვხედავ, რასაც ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია დავინახო, რასაც ვხედავ, მაგრამ გავურბივარ, ან თავს ვიტყუებ და ა.შ. ძალიან მრავალფეროვანია ეს პერსპექტივები და სწორედ ამის გააზრება გვაძლევს თავისუფლებას – თავისუფლებას არჩევანში. ეგზისტენციალური დიალოგი არის სივრცე ღრმა გააზრებისთვის – იმისათვის, რომ მეტად ავთენტური გახდეს ადამიანი, მეტად გამოვიდეს სოციალური კონსტრუქციებიდან, გარედან თავს მოხვეული რწმენებისგან და მეტად დაუახლოვდეს თავის შინაგან სინამდვილეს. ეს, გარკვეულწილად,…

თუკი ამ სამყაროში მოვედი ამ სხეულში, ე.ი. ეს არის ჩემი ინსტრუმენტი აქ და ახლა ყოფნისთვის, რომელსაც შეუძლია როგორც ბორკილები დამადოს, ასევე გამათავისუფლოს. ამ პოსტში აღწერილი მაქვს ჩემი შეგრძნებები და დამოკიდებულება 5 რიტმის მიმართ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. თუმცა, ეს ნამდვილად არის ჩემი ჭეშმარიტება.

The Dance by Henri Matisse

ყოფნას აქვს ძალა. ჩვენი აზროვნება ისეა მოწყობილი, რომ ყოფნის შესახებ წარმოსახვაში გარკვეული პროექტი გვაქვს. თუკი ადამიანს ჰკითხავ – ვინ ხარ შენ? რაც არ უნდა გიპასუხოს, სახელიდან დაწყებული ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი სიტყვით ან სიმბოლოთი დამთავრებული, ის გიპასუხებს თავისი ყოფნიდან გამომდინარე – სად, რაში გრძნობს ყოფნის საზრისს. როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხად ვამბობთ სახელს, პროფესიას, სოციალურ სტატუსს, თუმცა იშვიათად შემხვედრია ვინმე, ვისაც ეთქვას – მე ვარ ჩემი სხეული. ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემხვედრია ადამიანები, ვინც სხეულში ყოფნაზე ფიქრობენ და ამის გამოცდილებაში გადატანისთვის სხვადასხვა პრაქტიკებს მიმართავენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სხეულია სწორედ ის, რითაც ამ სამყაროში განვიცდებით, ვკონტაქტობთ, შევიგრძნობთ, ვმთლიანდებით და ა.შ. ამას კი თავისებური სწავლა უნდა. უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა მე მარადიულად პირზე მაკერია 5 რიტმი – მოძრაობითი მედიტაციის პრაქტიკა, რომელიც არის ცეკვა. და ცეკვაზე მეტიც, რადგან ვცეკვავთ ყველა ემოციას, ყველა განცდას, სხეულის ყველა ნაწილს, კუნთს, უჯრედს, ყველა ამბავს, ყველა ადამიანს, ყველა ტკივილს და ყველა სიხარულს – ყველაფერს ვცეკვავთ და ამ მომენტში, ყველაფერთან გვაქვს წვდომა, ყველა კარი ღიაა და ყველაფერი ერთ წერტილშია, შენში, ჩემში, სხვებში და უბრალოდ ვცეკვავთ – ამ ყველაფერს ვცეკვავთ ერთად. ეს მეთოდი მოიცავს ბევრ საფეხურს და გაცილებით მეტია, ვიდრე სხეულებრივი პრაქტიკა. თუმცა, პირველი ამოცანაა გაათავისუფლო სხეული იმისათვის, რომ შეიგრძნო ყოფნის…

ეს არის კოგნიტური ფილოსოფოსის, ენდი კლარკის შესახებ The New Yorker-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანი. დიდი ხანია გატაცებული ვარ კლარკის იდეებით ცნობიერების შესახებ და მომინდა გამეზიარებინა თქვენთვისაც. Enjoy!

Photo-Illustration by Alma Haser

Photo-Illustration by Alma Haser

ინსტუმენტები, რომელსაც ვიყენებთ აზროვნებისთვის – ენიდან სმარტფონებამდე – შესაძლოა იყოს თავად აზროვნების ნაწილი. სად მთავრდება გონება და იწყება სამყარო? გონება თავის ქალაშია ჩარაზული, კანით დალუქული, თუ ფართოვდება მის გარეთ, ერწყმის ნივთებს, ადგილებს და სხვა გონებას, ვისთან ერთადაც აზროვნებს? და რა მოხდება, თუკი გავაკეთებთ დაშვებას, რომ ნივთები – კალამი, ფურცელი, ტელეფონი – ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ტვინის კონკრეტული ნაწილი და ამით გვაძლევს შესაძლებლობას დავიმახსოვროთ ან ვაწარმოოთ გამოთვლები? თქვენ შესაძლოა თქვათ, რომ ეს ნივთები ნამდვილად არ არის გონების ნაწილი, რადგან ისინი არ არის თავში, მაგრამ ეს კიდევ საკითხავია. და … არის თუ არ არის ნივთები გონების ნაწილი? იფიქრეთ ქალზე, სახელად ინგა, რომელსაც უნდა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წასვლა. ის ეძიებს მეხსიერებაში, აგონდება, რომ მუზეუმი მდებარეობს ორმოცდამეცამეტე ქუჩაზე და აი, მიდის. ახლა იფიქრეთ ოტტოზე, რომელსაც ალცჰაიმერი აქვს. მას ყველგან თან დააქვს უბის წიგნაკი, სადაც იწერს იმ ინფორმაციას, რომელსაც ფიქრობს, რომ დასჭირდება. მას ცუდი მეხსიერება აქვს, ამიტომ იყენებს უბის წიგნაკს ფაქტების გასახსენებლად ან ახლი ფაქტების ჩასაწერად. ერთ დღესაც, ოტტოც გადაწყვეტს წავიდეს Moma-ში და იცის რა, რომ მის უბის წიგნაკში მოიძებნება მისამართი, ჩახედავს. სანამ ინგამ თავის მეხსიერებას ჰკითხა ან ოტტომ თავის უბის წიგნაკს, არც ერთი მათგანის ცნობიერ გონებაში არ არსებობდა მისამართი „ორმოცდამეცამეტე ქუჩა“. თუმცა,…

აღდგომის ღამეა. ისევ სტრუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“ მიკავია ხელში, ვფურცლავ და მონიშნულ ადგილებს ჩავცქერი. ერთი წელია ეს წიგნი სასთუმალთან მიდევს იმ მიზნით, რომ მასზე რამე დავწერო. ერთი წელია ყოველ საღამოს ვაკეთებ მონიშვნებს და მერე ისევ სასთუმალთან ვდებ. და მგონი დროა.

პიკნიკი გზის პირას მონახულების ექვსი ზონა განლაგებულია დედამიწაზე. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მონახულების ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. იმ კაცობრიობისა, რომლის ყველაზე გმირული საქციელი ისაა, რომ გადარჩა და კვლავაც აპირებს გადარჩენას. ამ ამბავს ჰყავს მთავარი პერსონაჟი – სტალკერი. თითქოს ამ უახლეს პროფესიას უნდა შეეცვალა ადამიანის ისტორიის მსვლელობა. უფრო სწორედ, იმ მოვლენას, რამაც ეს უახლესი პროფესია გააჩინა. ასე იყო ჩაფიქრებული, თუმცა ადამიანებს სწორი კითხვები არ აღმოაჩნდათ, რომლებზე მზა პასუხებიც უკვე მიიღეს მონახულების შემდეგ. მხოლოდ თავზეხელაღებული ბიჭები შედიან იმ ზონაში, სადაც მონახულების მერე საოცრებები ხდება, სადაც არამიწიერმა ცივილიზაციამ პიკნიკის მერე ნარჩენები დატოვა. თუმცა, ვინ იცის? შეიძლება ეს არც პიკნიკია გზის პირას და არც კონტაქტზე გამოსვლა. იქნებ ეს შემოჭრაა, ვინ იცის? და ვისაც ამის გარკვევა ევალებათ (მეცნიერებს), „ისინი უბრალოდ ჩასცქერიან ამ უძირო უფსკრულს და იციან, რომ გარდაუვალია მათი იქ ჩასვლა. გული ეწურებათ, მაგრამ ჩასვლა საჭიროა, თუმცა არ იციან როგორ ჩავიდნენ, რა დახვდებათ ფსკერზე და, რაც მთავარია, შეძლებენ თუ არა უკან ამოსვლას“ … და მიუხედავად მონახულებისა, სტალკერებისა, მეცნიერებისა, მოსიარულე მკვდრებისა და ყველა იმ საოცრებისა, რაც ხდება არამხოლოდ ზონაში, არამედ ზონის გარეთაც, კაცობრიობამ გარღვევა ვერ მოახდინა. მიზეზიც არსებობს. როგორც ზემოთ ვახსენე, ციდან კი ჩამოცვივდა პასუხები, მაგრამ „ესაა პასუხები იმ კითხვებზე, რომელთა დასმაც ჯერ ადამიანებს არ შეუძლიათ“. ყველაზე…

საკუთარი თავის გაგება საუკეთესო გზაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გაიაროს. ამ გზაზე გვეხმარებიან ზოგჯერ სხვა ადამიანები, ზოგჯერ სხვადასხვა ამბები, მოვლენები, ფაქტები, ზოგჯერ ემოციები, ზოგჯერ სიცარიელე. და ამ გზაზე ყველაზე მეტად გვეხმარება კითხვები.

ახლა ვფიქრობ, პირდაპირ კითხვებით დავიწყო, თუ შესავალი  გავაკეთო? მგონი, პირდაპირ გადახტომა არ გამოვა, ამიტომ შესავლის სახით ასეთ რამეს ვიტყოდი. სელფის ფილოსოფიაში თვითცნობიერება ნიშნავს გაცნობიერებულ ცოდნას საკუთარი თავის შესახებ. თუკი ხარ თვითცნობიერი, ე.ი. ხარ როგორც შემმეცნებელი საკუთარი თავის, საკუთარი ფიქრების, შეგრძნებების, მოტივების, სურვილების და საჭიროებების, ასევე დამკვირვებელი ობიექტური სამყაროსი და შენი სუბიექტური რეალობის. თვითცნობიერების საშუალებით ჩვენ ღრმად ვიხედებით საკუთარ თავში და აღმოვაჩენთ, რამდენად ჩვენი ქმედება თანხვედრაშია ჩვენს შინაგან სტანდარტებთან და ღირებულებებთან. ღრმად ჩახედვა კი ხდება კითხვების დასმის საშუალებით, როდესაც გისვამენ ან სვამ ისეთ კითხვებს, რომელიც შენში აქამდე არ დასმულა. ამ დროს ხდება ის საოცარი აქტი, როდესაც პასუხის ძიებისთვის გადიხარ ფიქრის არსებულ ჩარჩოებს მიღმა და სწორედ იქ აღმოაჩენ სრულიად განსხვავებულს იმისგან, რაც იყო აქამდე. და იწყებ ახლებურად აზროვნებას, შემდეგ კი – ახლებურად მოქმედებას. ჰოდა, დღეს ამგვარი კითხვებით ვარ მოსული. ვნახოთ, რა მოხდება თქვენში: ის ხარ, ვინც გინდოდა ყოფილიყავი? თუ კი, მაშინ რისთვის ეტყოდი შენს თავს მადლობას? კიდევ ვის ეტყოდი მადლობას და რისთვის? თუ არა, მაშინ რა მოგიტანა ამ თვითსაბოტაჟმა? რა მიიღე და რა დაკარგე? რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ იყო ის, ვინც გინდოდა ყოფილიყავი? რას ჰკითხავდი შენს თავს ახლა? რა არის ის კითხვა, რომელსაც თავს არიდებ? რა არის ის სიმართლე, რომელსაც უმალავ საკუთარ თავს? შენს მეგობრებს, ახლობლებს, შენს…

ფიქრის საბაბი ყოველთვის იყო თემა, თუ რა არის ბედნიერება. ადამიანები როდის ვართ ბედნიერები და რას დავსდევთ სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს ჰარვარდის მეცნიერებმა 80 წლიან კვლევაზე დაყრდნობით. და ეს ის პასუხია, რომელიც თითქოს ყველამ ისედაც ვიცოდით.

კარგი ურთიერთობები არის ჯანმრთელობის და ბედნიერების საფუძველი, – ამბობს ჰარვარდის კვლევა ზრდასრულის განვითარების შესახებ, რომელიც 80 წელია გრძელდება. ეს არის ერთადერთი, ყველაზე მასშტაბური პროექტი კვლევების მიმართულებით, რომელიც 1938 წელს დაიწყო და რომლის თავდაპირველი მონაწილეცაა 724 ოჯახი. კვლევა კიდევ უფრო მეტად მასშტაბურ ხასიათს იძენს, რადგან ბენეფიციარები უკვე არიან მათი შვილები და მათი მეორე თაობა, ვინც პირველად ჩაერთო ამ პროცესში. და ეს რაოდენობა 2000 ადამიანს გასცდა. პირველი ბენეფიციარები იყვნენ 11-19 წლის ადამიანები სხვადასხვა სოციალური გარემოებებიდან. წარმოგიდგენიათ? მთელი ცხოვრების მანძილზე, მკვლევრები აკვირდებოდნენ, კითხვარების და ინტერვიუების გამოყენებით სწავლობდნენ მათ ცხოვრებას. ზოგი მათგანი ძალიან წარმატებული გახდა თავის პროფესიაში, ცნობადიც, პოპულარულიც. ზოგმა კი უბრალოდ იცხოვრა ან ვერ. პირველივე წინადადებიდან ჩანს, რომ ჰარვარდის მეცნიერები იკვლევენ ბედნიერების და კეთილდღეობის გამომწვევ მიზეზებს. და აქვე ჩანს პასუხიც. როგორც კვლევა აჩვენებს, კარგი, ხარისხიანი ურთიერთობები, სიღრმისეული სოციალური კონტაქტი, გვერდით მყოფი ადამიანებისადმი ნდობა და შეგრძნება, რომ შეგვიძლია დავეყრდნოთ მათ, არის ბედნიერების საფუძველი. ის ადამიანები, რომლებიც არიან მეტად კონტაქტში ოჯახთან, მეგობრებთან, საზოგადოების წევრებთან, არიან მეტად ბედნიერები, მეტად ჯანმრთელები ფიზიკურად და ცხოვრობენ უფრო დიდხანს. და ამის საპირწონედ, მარტოობა კლავს. მარტოობა არის ტოქსიკური. ისინი, ვინც მარტოობას ირჩევენ, არიან ნაკლებად ბედნიერები, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია. კვლევაში ასევე ხაზგასმულია ფაქტორი, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე