მახსოვს, ბავშვობაში ველოსიპედიდან თუ ჩამოვვარდებოდი და მუხლებს გადავიყვლეფდი, ამას მარცხად არ აღვიქვამდი. მაგრამ, როგორც კი ომობანაში ჩემი ბანაკი დამარცხდებოდა, ამაზე დიდი დრამა ვერც დედაჩემის საყვედურები იყო გადაყვლეფილი მუხლების გამო და ვერც დახეულ და მტვერში ამოგანგლულ ტანსაცმელზე დარდი. ჩემი ბავშვობიდან, ეხებოდა ეს თამაშს, სწავლას თუ სხვა შემეცნებით აქტივობებს, ყველაზე მძაფრი მოგონებები უკავშირდება წაგებას და მოგებას. თითქოს, დაბადებისას, რაღაც მომენტში ჩამძახეს, „ნახე ირინა, ეს არის სამყარო, სადაც შენ იცხოვრებ და შენ არ უნდა დამარცხდე. არაფერში. არასოდეს.“ და მეც ამ ინსტრუქციით ვცხოვრობდი. ამიტომ, ზედიზედ ვიგებდი ყველა თამაშს, ყველა კონკურსს, ყველა შეჯიბრს, ყველა დიალოგს, ყველა ადამიანის გულს. და თუ იმ დღეს ამას ვერ ვახერხებდი, მეორე დღეს მაინც ჩემი იყო ყველა თამაში, ყველა კონკურსი, ყველა შეჯიბრი, ყველა დიალოგი, ყველა ადამიანის გული. მერე გავიზარდე და ჩემი წაუგებელი სერიაც დასრულდა. ბევრ რამეში ჩავფლავდი. წავაგე უმწეობასთან, უგუნურებასთან, საკუთარი და სხვა ადამიანების ეგოებთან, ადამიანობის რწმენასთანაც წავაგე. თუმცა, ალბათ, ეს გზა უნდა გამევლო, რომ მეგრძნო, არსებობს მარცხი და არსებობს მარცხი, რომელიც პირდაპირ გეუბნება მთავარ სათქმელს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ადამიანებს არ გვიყვარს მარცხზე ლაპარაკი. სამაგიეროდ, გაუჩერებლივ ვილაპარაკებთ ჩვენს წარმატებებზე, თანაც, აღმატებულ ხარისხში. გარკვეულ ფაქტებს ცნობიერად გავალამაზებთ, ზოგ ეპიზოდს კი უკვე შეცვლილ-შელამაზებულს მოგვაწვდის ჩვენი მეხსიერება, რომელსაც ფაქტები იმდენად აღარ ახსოვს, რამდენადაც…
ჩემი დაკვირვებით, ვინც ერთხელ მაინც გაუგებს გემოს, როგორია კატეგორიებად დაყოფილი ცნებების მიღმა ცხოვრება, ის აუცილებლად „აჯანყდება“ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, მის აღქმაში ადამიანებს და მოვლენებს ჩამოშორდებათ ზედ მიკერებული იარლიყები და ის აუცილებლად ნახავს, როგორია ობიექტური სამყარო.