გიფიქრიათ სიტყვებზე? მე სულ ვფიქრობ. ზოგი სიტყვა მაღიმებს, ზოგი მაბრაზებს, ზოგი მავსებს. ყველა სიტყვას თავისი ემოცია აქვს. სიტყვამ შეიძლება სრულიად შეცვალოს განწყობა, დამოკიდებულება, აღქმა, ყველაფერი საერთოდ. სიტყვას შეუძლია გაგანულოს და ახლიდან დაგბადოს, ადამიანის სულის კუნჭულებში ჩაგახედოს და არამარტო ჩაგახედოს. სიტყვას შეუძლია ადამიანი შეცვალოს. ამასწინათ კარგი ნაცნობი შემხვდა. რა არის შენკენ ახალი, მკითხა და მეც სიხარულით მივუგე, რომ, როგორც იქნა, მცენარეები გავახარე. უკვე 60-ზე მეტი სუკულენტი მაქვს და 20-მდე სხვადასხვა ჯიშის სახლის მცენარე. ააა, დეპრესია გაქვს, მითხრა და სინანულით თავი გადააქნია. აქ შევჩერდები და ამ ძალიან საინტერესო მომენტს დაგიფიქსირებთ. მის რეალობაში მცენარეების მოვლა-გახარება ასოცირდება დეპრესიასთან. ერთგვარი ტოლობა აქვს დასმული, რადგან, როდესაც მას ჰქონდა დეპრესია, სწორედ ამ მიზეზით და ამ დროს დაიწყო მცენარეების მოვლა-გახარება. მის გამოცდილებაში შენახულია შესაბამისი შინაარსი და ემოციები. ჩემს რეალობაში სულ სხვა რამ ხდება. 2015 წლიდან ვცდილობდი მცენარეები გამეხარებინა და ბევრი წელი არ გამომდიოდა. ისე ძალიან მინდოდა, რომ მებაღეობის გაკვეთილებიც კი ავიღე, ვკითხულობდი თითოეული მცენარის წარმოშობის, ხასიათის და თვისებების შესახებ. და როგორც იქნა, ჩემი მცენარეები კი არ ხმებიან, ხარობენ. ჩემს გამოცდილებაში სხვანაირი ტოლობაა, მცენარეების მოვლა-გახარება უდრის მიღწევას, რაღაც არ გამომდიოდა და ახლა გამომდის. შესაბამისად, მე და ჩემი ნაცნობი კომუნიკაციაში ავცდებით ერთმანეთს მანამ, სანამ არ გავარკვევთ, რას ნიშნავს მისთვის მცენარეების…
იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადია და არაფერია მარადიული, არსებობენ სიტყვები. და ეს სიტყვები ქმნიან დინებას, შენსას, ჩემსას, სხვისას. NLP-ში ასეთი პრინციპი გვაქვს, როგორც აზროვნებ, ისევე მეტყველებ და როგორც მეტყველებ, ისევე აზროვნებ. ჰოდა, რა სიტყვებია თქვენთან?