სამყაროში ყოფნის ფორმულა

ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივაგენი. სამყაროში ყოფნის ფორმულა, რომელსაც მე ვიპოვი, არის მხოლოდ ჩემი და შენ არაფერში გარგია. შენ შენი ფორმულა უნდა იპოვო. არც იუნგის არქეტიპებშია ეს ფორმულა, არც ჰაიდეგერის ყოფიერებაზე მსჯელობებში და არც ბუდისტურ შეგონებებში.

კარლ იუნგის 12 არქეტიპში არის ერთ-ერთი – მაძიებელი, რომელსაც ასევე უწოდებენ მკვლევარს, მოგზაურს, აღმომჩენს. ეს არქეტიპი სამყაროსთან ურთიერთობს ახალი ინფორმაციის მიღებით, სიახლეების ძიებით, ახლის სწავლით და შემეცნებით, აღმოჩენებით. მისი მიზანია იცხოვროს სავსე ცხოვრებით, მატერიალური ნივთების ნაცვლად, შეაგროვოს ემოციები და მოგონებები. მაძიებელი არის ავთენტური, ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი. მისი მთავარი დრაივია თავისუფლება და ამ თავისუფლების გამოყენებით სამყაროს შეცნობა. მთავარი შიში კი – ხაფანგში მოხვედრა და შინაგანი სიცარიელე. და ის სულ ეძებს პასუხს კითხვებზე: რისთვის ვარ აქ? რა არის ჩემი დანიშნულება?

გეცნოთ საკუთარი თავი? Welcome to the club :))) ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება. ერთხელ, მაშინ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა, ასეთი სიტყვები მითხრა: „შენნაირი ადამიანები უბედურები კვდებიან. მთელი ცხოვრება რაღაცას ეძებენ, თვითონაც არ იციან რას, ვერ პოულობენ და არიან ასე უბედურები“. მაშინ შემზარა ამ განაჩენივით ნათქვამმა სიტყვებმა. დღეს მესმის. ყველა იმ ადამიანის მესმის, ვინც ვერაფრით გებულობს, რატომ ვსწავლობ ყველაფერს მებაღეობით დაწყებული, კვანტური ფიზიკით დამთავრებული. მესმის, რადგან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივაგენი. სამყაროში ყოფნის ფორმულა, რომელსაც მე ვიპოვი, არის მხოლოდ ჩემი და შენ არაფერში გარგია. შენ შენი ფორმულა უნდა იპოვო. არც იუნგის არქეტიპებშია ეს ფორმულა, არც ჰაიდეგერის ყოფიერებაზე მსჯელობებში და არც ბუდისტურ შეგონებებში.

ეს წერილი გამახსენდა, რომელიც ცოტა ხნის დავუწერე ჩემს მეგობარს, რომელიც 20 წლისაა და რომელმაც ჩემი ფორმულა მკითხა.

წერილი გუგას

არ დაუჯერო. თუკი ვინმე გეტყვის, რომ იცის ჭეშმარიტება, არ დაუჯერო. არც არაფერი უპასუხო. გააგრძელე გზა, რომელიც მხოლოდ შენია. და მხოლოდ შენ იცი, რომ გზა თვითონაა დანიშნულება.

არ დაუჯერო იმ ადამიანებს, ვინც გასწავლიან როგორ ილოცო, როგორ იცხოვრო. ადამიანებმა ეს ყველაფერი გადააქციეს რუტინად და თქვეს, აი ეს არის ჩვენი ჭეშმარიტება და ეს უნდა იყოს შენი ჭეშმარიტება. ტვინი ასე აზროვნებს. უნდა, რომ ყველაფერი ჩასვას კატეგორიებში, მიანიჭოს სახელები, დაახარისხოს, დაალაგოს და სისტემაში მოათავსოს. ჭეშმარიტებას კი ვერც სიტყვებით აღწერ, ვერც რუტინად აქცევ. სინამდვილეში, ჭეშმარიტება უსისტემოა, ჩარჩოებს მიღმაა და პარადოქსულია. და საერთოდ არ ცნობს გონებით შექმნილ კატეგორიებს. არ დაუჯერო არავის, ვინც გეტყვის, რომ იცის და შენც მოგიყვება.

იპოვე, შენ თვითონ იპოვე. ეძებე სწორ ადგილებში, ბუნებაში, სამყაროში, საყვარელი ადამიანის თვალებში. ნახე. ყველაფერი ნახე, რის ნახვაც შეგიძლია. დარგე ხეები, მიწას ხელით შეეხე. სუფთა ჰაერი ისუნთქე და სამყაროს ელაპარაკე. ღამე ცაში აიხედე, მოძებნე ორიონი, კასიოპეა. ადამიანები გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი. ჩაიდინე სიკეთე მათთვის და საკუთარი თავისთვის. გაეცი. რაც შეიძლება მეტი გაეცი. როცა სხვასთან იქნები, იყავი ბოლომდე მასთან, სულით, გულით და გონებით, მისთვის იყავი.

იპოვე საქმე, რომელიც დროს დაგავიწყებს და ბოლომდე გადაეშვი. წაიკითხე წიგნი, რომელიც აგაღელვებს. უყურე ფილმს, რომელიც დაგაფიქრებს. მოუსმინე მუსიკას და იცეკვე, თავდავიწყებით იცეკვე. ჭამე გემრიელი საჭმელი და დაიძინე ღრმა ძილით. იზრუნე სხეულზე და იყავი ჯანმრთელი. როცა ლოცვა მოგინდება, ილოცე. როცა მედიტაცია მოგინდება, იმედიტირე და რაც შეიძლება ღრმად, რომ მერე კიდევ უფრო დიდი სამყარო აღმოაჩინო.

ყველაფერი ნახე შენი თვალებით და ყველაფერს შეეხე შენი ხელებით. მზესუმზირებიან მინდორში გაიარე, კამკამა მდინარეებში შეცურე და ტყის შარი-შურს მოუსმინე. ადი მთაზე და ჩაყვინთე ოკეანეში. იცურავე თევზებთან ერთად და უყურე ჩრდილოეთის ციალს. თოვლი რომ ჩამობარდნის, სახე შეუშვირე და ზაფხულის წვიმაში მკერდი დაისველე.

გიყვარდეს, გაგიჟებით გიყვარდეს. მისით ისუნთქე და შენით დაატკბე. და როცა მთელ სამყაროს მოკუმშავს და ხელებში ჩაგიდებს, ნუ შეგეშინდება და ნუ გაიქცევი. მიიღე ყველაფერი, რასაც გაძლევს და ნუ დაითვლი. რადგან ეს ყველაფერი ხდება თქვენ ორს შორის და დედამიწის ზურგზე ვერავინ გეტყვის, რა არის ბედნიერება.

დედამიწის ზურგზე ვერავინ გეტყვის, რა არის ჭეშმარიტება, რადგან ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ შენსა და სამყაროს შორის.

ნურც ამ ნათქვამს დაიჯერებ, რადგან ჩემია ეს და მხოლოდ ჩემსა და სამყაროს შორისაა.

ჭეშმარიტად მაძიებლის დაწერილი წერილია :)))))

აქვე ამ კითხვასაც დაგიტოვებ: სამყაროში ყოფნის შენი ფორმულა როგორია?

პ.ს. ეს ფოტო გადავიღე კუნძულ ბალიზე, მიქცევისას, მზის ჩასვლის დროს.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე