წარმოსახვის ტყვეობაში

თითქოს ვცხოვრობთ ფსევდო-რეალობაში, რომელიც გვინდა, რომ იყოს მანიფესტირებული. თითქოს ყველა ადამიანი, ყველა მოვლენა ამას უნდა მოერგოს. თითქოს ადამიანებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ჩვენი. თითქოს ჩვენ ავტომატურად შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარმოსახვა და თითქოს ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა.

ადამიანები საკუთარი წარმოსახვის ტყვეები ვართ. მე შენთან მოვდივარ ჩემი წარმოდგენებით შენზე, სადაც შენ დგახარ კონკრეტულად შენთვის მოხაზულ ადგილას. იქცევი ისე, როგორც მე ეს გადავათამაშე წინასწარ, ჩემს გონებაში. ამბობ იმას, რაც ჩემი უკვე დაწერილი სცენარით უნდა თქვა და ღმერთმა ნუ ქნას, უადგილო ადგილას გაიცინო ან რამე ის ემოცია გქონდეს, რომელიც მე წინასწარ არ მომინიჭებია, დაგსჯი. აუცილებლად დაგსჯი. და შესაძლოა ამ დასჯას დავარქვა ნებისმიერი სახელი. ყველაფერი, გარდა დასჯისა. შესაძლოა ვთქვა, რომ შენ მე გული მატკინე. ეს ტკენაც დაგისაბუთო. შენც თავი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ ვერცერთი ვერ მივხვდეთ, რომ ორივე ჩვენი წარმოსახვების ტყვეები ვართ. ჩვენი წარმოსახვებისა ერთმანეთზე, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევთხზეთ. საბოლოო ჯამში, მთელი ჩვენი ურთიერთობა არის არა “მე და შენ”, არამედ წინასწარ შედგენილი სცენარების ჭიდილი: ჩემი სცენარი vs შენი სცენარი. და აქ არ არის კონტაქტი.

რა ხდება მერე? მერე ვაგრძელებთ სცენარებით ურთიერთობას. ამ სცენარებში არის შენი ფსიქოლოგიური ტრავმები, ჩემი შიშები, შენი კომპლექსები, ჩემი მავნე ჩვევები, შენი რწმენა-წარმოდგენები, ჩემი როლ-მოდელები, შენი წითელი ღილაკები, ჩემი წაშლილი საზღვრები. მერე ეს ყველაფერი ერთმანეთში ითქვიფება და მერე ვიტყვით, აუცილებლად ვიტყვით, რომ ყოფამ შეგვჭამა. და არცერთს არ მოგვდის თავში აზრად, რომ არსებობს კონტაქტი, მთელი ამ სცენარებისგან თავისუფალი კონტაქტი. კი, არის ემოციებიც, არის ვნებაც, არის ყოფაც, ვართ ჩვენც, არიან სხვებიც, მაგრამ ეს ყველაფერი არის სიტუაციური, წამიერი, ზედაპირული. და არაფერი საერთო არ აქვს იმ ნამდვილ კონტაქტთან, რაც შეიძლებოდა გვქონოდა მე და შენ საკუთარ თავთან და ერთმანეთთან. არა ჩვენს წარმოდგენებს, არა ჩვენს სცენარებს, არა ჩვენს ეგოებს, არამედ მე და შენ.

ხომ სევდიანი ამბავია? ნამდვილად არის. თითქოს ვცხოვრობთ ფსევდო-რეალობაში, რომელიც გვინდა, რომ იყოს მანიფესტირებული. თითქოს ყველა ადამიანი, ყველა მოვლენა ამას უნდა მოერგოს. თითქოს ადამიანებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ჩვენი. თითქოს ჩვენ ავტომატურად შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარმოსახვა და თითქოს ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა. სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი წარმოსახვის შეცვლაც კი არ შეგვიძლია და ვართ ასე, წარმოსახვის ტყვეობაში.

ჟან პიაჟეს მაგიური აზროვნება (magical thinking) გამახსენდა. ჟანმა თქვა, რომ ბავშვებს 7 წლამდე უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისგან სუბიექტური სამყარო, რომელიც შიგნით შექმნეს და ობიექტური რეალობა. ბავშვებს უფრო მეტად სჯერათ, რომ მათი დაჟინებული ფიქრები, სურვილები, მიზნები ცვლიან გარე მოვლენებს. ჟანმა ამას უწოდა magical thinking და თქვა, რომ ყველანი გავდივართ ამ ეტაპს და სადღაც ვასრულებთ. თუმცა, ზოგი ადამიანი დიდობაშიც აგრძელებს მაგიური აზროვნების ეტაპზე ყოფნას სხვადასხვა ფორმით. ძალიან ხშირად, ასეთ აზროვნებას აქვს ადაპტაციური ფუნქცია. ანუ, ვეძებთ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ლოგიკური მსჯელობის და ემპირიული მტკიცებულებების გარეშე. და ამით თითქოს ამ მოვლენებს ვამართლებთ. მეც ხშირად მითქვამს ფრაზა, ასეც უნდა მომხდარიყო და როგორი შვების მომგვრელია იმ მომენტში.

მაგიური აზროვნების ერთი-ერთი ფორმაა მოლოდინები. როგორც კი მოლოდინს შევიქმნი, რეალობას ვკარგავ. ვკარგავ იმ მომენტს, რომელსაც ჰქვია აქ და ახლა. იყო დრო, როცა ამ ორ სიტყვაზე ვბრაზდებოდი, მომავალზე თუ არ ვიფიქრე, რანაირი აქ და ახლა გამომივა მეთქი. თუმცა, მერე მივხვდი რას ნიშნავს ეს ორი სიტყვა. ჰო, მოლოდინები. როგორც კი შევიქმნი, აუცილებლად დავკარგავ რეალობას. არადა, ამ რეალობაში ვარ მეც, შენც და მთელი სამყარო. აქ და ახლა ხდება ყველაფერი და სწორედ ეს აქ და ახლა განსაზღვრავს მომავალსაც. მე კი ამ დროს სად ვარ? მოლოდინებში, წარმოსახვებში, რომელმაც მომავალში უნდა მომიტანოს ბედნიერება, მაგრამ არა ახლა. რომელმაც მომავალში უნდა მომიტანოს სიხარული, მაგრამ არა ახლა. რომელმაც მომავალში უნდა მაგემოს სიყვარული, მაგრამ არა ახლა. ჰოდა, ასეა. დავდევთ ამ მოლოდინებს და ყოველ ჯერზე გვისხლტება ხელიდან. გვისხლტება იმიტომ, რომ ასე იყო ჩაფიქრებული. უნდა გამქრალიყო, უნდა ჩაგვდნობოდა ხელებში და უნდა გვტკენოდა, თუკი მივხვდებოდით, რომ სინამდვილეში ჩვენი სუბიექტური სამყაროა ეს, რომელსაც შესაძლოა არაფერი საერთო არ ჰქონდეს იმ რეალობასთან, რომელიც არის აქ და ახლა.

გინახავთ მოლოდინებით შეჭმული, წარმოდგენების ტყვე ადამიანი, რომელთანაც სულ რაღაც წამით გამოანათებს შემთხვევა, საკუთარი თავი გაახსენდება, ოდნავ გათავისუფლდება და მერე ისევ ბრუნდება ტყვეობაში? მე მინახავს. რაღაცნაირად, ვყოფილვარ კიდევაც. და ძნელია, ძალიან ძნელია გამოფხიზლდე საკუთარი წარმოსახვებისგან, დაეხსნა ფსევდო-რეალობას, რომელიც უამრავ რამეს გპირდება და შეხედო სამყაროს აწმყოში. ამის გასაკეთებლად უნდა დააკვირდე საკუთარ თავს განზრახვის გარეშე და მერე ეცადო, რაც შეიძლება მეტი წამი შეინარჩუნო ეს მდგომარეობა. უნდა ეცადო, მთელი ის ენერგია, რომელსაც ჯერ დაუმდგარ მომავალში უშვებდი, მოიკრიბო და მიმართო იმისკენ, რაც ან ვინც აწმყოშია და რაც ან ვინც ძალიან გიყვარს. და დიდი შანსია, უცებ, აქ და ახლა იპოვო რამე ან იპოვო ვინმე, რომელთანაც ყველანაირი წარმოსახვა ნულდება, ყველა მოლოდინი ქრება და იწყება შექმნა – აწმყოსი, პროცესის და აქედან გამომდინარე, მომავლის. აბა წარმოიდგინე, ამ უზარმაზარ სამყაროში, რამე ან ვინმე შენი წარმოსახვის მიღმაა, აქ არის, რეალურია და გაქვს ნამდვილი კონტაქტი. ჰოდა, როცა ასეც შეიძლება, რატომ ვირჩევთ, რომ წარმოსახვის ტყვეები ვიყოთ? :))

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე