ნუ გეშინია ფერისცვალების

ცვლილებები მტკივნეულია და იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე, ძალიან უნდა ენდობოდე საკუთარ თავს. ამ გზაზე გაგატარებს მხოლოდ განზრახვა, მხოლოდ იდეა და ვერაფერი სხვა.

ნუ გეშინია ფერისცვალების.

თუკი მოგინდება, რომ ყველაფერი ძველი გაუშვა, დაე იყოს ასე. მიიღებ სივრცეს, რომელსაც შეავსებ ახლით.

ნუ გეშინია განზრახვების. რადგან თუკი განზრახვები გაჩნდა, ე.ი. აზროვნებ და აქტი შედგა. ათვლაც დაიწყო. სადღაც აუცილებლად ამოფეთქავს. როდის და როგორ, ეს შენი გადასაწყვეტია.

ნუ გეშინია შიშების. სხვანაირად განზრახვები არ ჩნდებიან.

ნუ გეშინია ახლად დაბადების. ეს ყველაზე მაგიური რამეა. ეს ნიშნავს, რომ მანამდე არარსებული შექმენი, საკუთარივე თავისაგან.

და სიყვარულით. მხოლოდ სიყვარულით.

ყველა ცხოვრება ცვლილების ამბავია. ცვლილებები ძნელია. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მოაქვს ცვლილება. და სამყარო მუდამ ცვალებადია. თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ადამიანებს ცვლილებების გვეშინია. შიშებზე უამრავი თქმულა, უამრავი დაწერილა. თუმცა, ამ მომენტში ეს მახსენდება: “შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, რომელსაც სრული დავიწყება მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე” – დიუნი.

ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეჰყვე, ფრთები მოკეცო და ქარიშხალს შეჰყვე. აცადო შიშს გაიაროს შენში და შენზე. ზოგჯერ აქამდე არსებული ქცევა, შაბლონი, პატერნი, განმეორებადობა ან ის, რაც გიშენებია, რაც სხეულის ყველა უჯრედმა ავტომატურ დონეზე იცის, უბრალოდ უნდა მოარღვიო, ჩამოანგრიო კედელი შენს წინ და გაიხედო იმის მიღმა. იქ, სადაც შენი შინაგანი მზერა ჯერ არ ყოფილა, ჯერ არ უნახავს, ჯერ არ იცის რას შეეხება, რას დაინახავს და ეშინია, უბრალოდ ეშინია, რადგან ცვლილებები ძნელია.

ცვლილებები მტკივნეულია და იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე, ძალიან უნდა ენდობოდე საკუთარ თავს. ამ გზაზე გაგატარებს მხოლოდ განზრახვა, მხოლოდ იდეა და ვერაფერი სხვა. ამ გზაზე თუკი დააპირებ გავლას, უნდა დადგე შიშებზე მაღლა, ეგოზე მაღლა, სიბრიყვეზე მაღლა და ხშირად ბიოლოგიაზე მაღლა. და ამ სიმაღლეზე ოპერირებს სიყვარული, მხოლოდ სიყვარული. სხვანაირად ვერ. სხვანაირად ისევ ის ხარ და ისევ იქ ხარ, სადაც იყავი და როგორიც იყავი. ისევ იპოვი მილიონ მიზეზს, რითაც გაპრავდები. ისევ იტყვი “ხვალ”, ხვალიდან უკეთესი იქნება. ისევ მოიტყუებ თავს და იგივე ქმედების წრეზე წახვალ. არადა, ქმედებაში ყველაზე კარგად ჩანს, სინამდვილეში რა არის ფასეული შენთვის.

ზოგჯერ უნდა მოიკვეთო ის, რაც არასრულყოფილია. ზოგჯერ უნდა გაჩუმდე. ზოგჯერ უნდა აცადო ტკივილს გადასეროს შენი სხეული, ყველა ორგანო აგიმღვრიოს, გული მოგიკუმშოს, ყელთან ამოიტანოს და იქვე დაგიტოვოს, როგორც უჩინარმა სურვილიანმა ხელმა იცის ხოლმე.

ზოგჯერ საკუთარი თავი ხელახლა უნდა იმშობიარო და იგრძნო, რომ სხვა ტერიტორიაზეა შენი სხეული ახლა, საიდანაც ჩანს გზა მიღმა, მეორე მხარეს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თავადაც ჩამოინგრევი. თუმცა, არის ასეთი შეგრძნება, თითქოს უხილავი ადამიანების ჯარი დაცურავს ჰაერში შენს ირგვლივ. და ყოველთვის, როცა ჩაიმუხლებ, მოდიან შენთან, ხელს გადებენ მუცელზე, იქ, სადაც მეორე გული გაქვს, იქ, სადაც ყველა ტკივილი ფეთქავს, და ასე, ამ ფორმით გეუბნებიან, შენმა რწმენამ გადაგიყვანოს მეორე მხარეს.

და ისევ, ნუ გეშინია ფერისცვალების.

თუკი მოგინდება, რომ ყველაფერი ძველი გაუშვა, დაე იყოს ასე. თუკი ამ ძველს გაჰყვებიან ადამიანები, რადგან არ ესმით, არ უნდათ შენი ცვლილებები, გიჭერენ, გაბრუნებენ, დაე იყოს ასე.

ცვლილებები ძნელია. ცვლილებები მტკივნეულია. მხოლოდ ერთს გეტყვი, შენმა რწმენამ გადაგიყვანოს მეორე მხარეს. და სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულით.

მონოლოგი საკუთარ თავთან.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე