რამდენიმე კითხვა შენთვის

საკუთარი თავის გაგება საუკეთესო გზაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გაიაროს. ამ გზაზე გვეხმარებიან ზოგჯერ სხვა ადამიანები, ზოგჯერ სხვადასხვა ამბები, მოვლენები, ფაქტები, ზოგჯერ ემოციები, ზოგჯერ სიცარიელე. და ამ გზაზე ყველაზე მეტად გვეხმარება კითხვები.

ახლა ვფიქრობ, პირდაპირ კითხვებით დავიწყო, თუ შესავალი  გავაკეთო? მგონი, პირდაპირ გადახტომა არ გამოვა, ამიტომ შესავლის სახით ასეთ რამეს ვიტყოდი. სელფის ფილოსოფიაში თვითცნობიერება ნიშნავს გაცნობიერებულ ცოდნას საკუთარი თავის შესახებ. თუკი ხარ თვითცნობიერი, ე.ი. ხარ როგორც შემმეცნებელი საკუთარი თავის, საკუთარი ფიქრების, შეგრძნებების, მოტივების, სურვილების და საჭიროებების, ასევე დამკვირვებელი ობიექტური სამყაროსი და შენი სუბიექტური რეალობის. თვითცნობიერების საშუალებით ჩვენ ღრმად ვიხედებით საკუთარ თავში და აღმოვაჩენთ, რამდენად ჩვენი ქმედება თანხვედრაშია ჩვენს შინაგან სტანდარტებთან და ღირებულებებთან. ღრმად ჩახედვა კი ხდება კითხვების დასმის საშუალებით, როდესაც გისვამენ ან სვამ ისეთ კითხვებს, რომელიც შენში აქამდე არ დასმულა. ამ დროს ხდება ის საოცარი აქტი, როდესაც პასუხის ძიებისთვის გადიხარ ფიქრის არსებულ ჩარჩოებს მიღმა და სწორედ იქ აღმოაჩენ სრულიად განსხვავებულს იმისგან, რაც იყო აქამდე. და იწყებ ახლებურად აზროვნებას, შემდეგ კი – ახლებურად მოქმედებას.

ჰოდა, დღეს ამგვარი კითხვებით ვარ მოსული. ვნახოთ, რა მოხდება თქვენში:

  • ის ხარ, ვინც გინდოდა ყოფილიყავი?
  • თუ კი, მაშინ რისთვის ეტყოდი შენს თავს მადლობას? კიდევ ვის ეტყოდი მადლობას და რისთვის?
  • თუ არა, მაშინ რა მოგიტანა ამ თვითსაბოტაჟმა? რა მიიღე და რა დაკარგე?
  • რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ იყო ის, ვინც გინდოდა ყოფილიყავი?
  • რას ჰკითხავდი შენს თავს ახლა?
  • რა არის ის კითხვა, რომელსაც თავს არიდებ?
  • რა არის ის სიმართლე, რომელსაც უმალავ საკუთარ თავს?
  • შენს მეგობრებს, ახლობლებს, შენს გარშემო მყოფ ადამიანებს რომ ვკითხო შენზე თუ ვინ ხარ, როგორ ფიქრობ, რას მომიყვებიან?
  • შენი ცხოვრების რომელ მნიშვნელოვან ნაწილს უგულებელყოფ და რას გაძლევს ეს?
  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება თუკი არ იქნები სრულყოფილი?
  • რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, თუკი აღარ გექნება კონტროლის მოთხოვნილება?
  • რა შეიცვლება, თუკი მიხვდები, რომ საკმარისად კარგი ხარ?
  • როგორ შეიცვლები, თუკი შენგან გაუშვებ ყველაზე დიდ წყენას?
  • რა მოხდება, თუკი შენს თავს აპატიებ?
  • რა არის ის, რაც გეხმარება წარუმატებლობის შემდეგ ახლიდან დაწყებაში?
  • რას არის ის, რის გამოც არასოდეს შეწყვეტ მცდელობას, თუნდაც ბევრჯერ დამარცხდე?
  • რა არის შენი სუპერძალა?
  • რისი გჯერა?
  • და ის, რისიც გჯერა, როგორ გეხმარება გახდე უკეთესი?
  • რა ხელისშემშლელი რწმენა-წარმოდგენები გაქვს?
  • თუკი შენგან გაუშვებ შენი ბავშვობის წყენებს/ტრავმებს, როგორი ადამიანი გახდები?
  • რომ არა წარუმატებლობის შიში, რას გააკეთებდი?
  • რა გაჩერებს მიაღწიო მიზანს?
  • შენი მიზანი, რომელიც ახლა გაქვს, ნამდვილად შენია თუ შენი ეგოს მოთხოვნილებაა?
  • წარმატება გაშინებს?
  • რომ არა სიზარმაცე, რა იქნებოდა სხვანაირად შენს ცხოვრებაში? და ხელს რა გიშლის ახლა გქონდეს ეს?
  • რა არის ის, რასაც გაურბიხარ?
  • რა არის ის, რის გამოც ჩუმდები?
  • ბედნიერი ხარ?
  • თუ კი, რა გაგაბედნიერებს კიდევ უფრო მეტად?
  • თუ არა, რის გამო არ აძლევ შენს თავს ბედნიერების უფლებას?
  • რას არის ის, რაც ჯერ არ იცი, მაგრამ გინდა ისწავლო?
  • რა ნიჭს, უნარს, ტალანტს არ აღიარებ შენს თავში?
  • რა შეიცვლება, თუკი განავითარებ ამ ნიჭს, უნარს, ტალანტს შენს თავში?
  • როგორია შენი ჩრდილოვანი მხარე?
  • რას ეუბნები შენს თავს ყველაზე ცუდს?
  • ეს სიტყვები რომ ჩაანაცვლო სიყვარულით საკუთარი თავისადმი, რა შეიცვლება?
  • რომ შეგეძლოს შენი თავის მიღება ისეთის, როგორიც ხარ, რას შეცვლიდა ეს?
  • როგორ ფიქრობ, რას იმსახურებ სამყაროსგან? ადამიანებისგან?
  • გაქვს დანაშაულის შეგრძნება? და თუ კი, რას გაძლევს ეს? რას გართმევს?
  • თუკი გამოხვალ მსხვერპლის როლიდან, რას დაინახავ ირგვლივ? რას დაინახავ შენში?
  • როგორ ფიქრობ, შენი არჩევანი ეფუძნება შიშს თუ სიყვარულს?
  • შენი ურთიერთობები გაბედნიერებს? გცვლის? უკეთეს ადამიანად გაქცევს?
  • ზრუნავ შენს სხეულზე? უსმენ შენს სხეულს?
  • ამ წუთას რას გეუბნება შენი სხეული?
  • რას აკეთებ შენი ემოციების სიჯანსაღისთვის?
  • შენს თავს რომ ჰკითხო, რა გაკლია ცხოვრებაში, რას უპასუხებდი?
  • ის, რაც გაკლია ცხოვრებაში, შეგიძლია მისცე შენს თავს? და რა ფორმით?
  • რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა?
  • როგორ ფიქრობ, რამ შეგაძლებინა ეს?
  • რა არის შენი ყველაზე დიდი გაკვეთილი?
  • რა არის ყველაზე ფასეული შენს ცხოვრებაში?
  • შენს ცხოვრებას და შენს პიროვნებას რა აძლევს საზრისს?
  • რისი გაღება შეგიძლია სხვა ადამიანებისთვის? სამყაროსთვის?

პ.ს. კითხვები არ მიჰყვება რამე ლოგიკურ სქემას ან ჩარჩოს. უბრალოდ იმ კითხვების ვარიაციებია, რომელიც ბოლო 10 წლის გამოცდილებამ დამიგროვა.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე