5 რიტმი: ცეკვა, მოძრაობა და ყოფნა

თუკი ამ სამყაროში მოვედი ამ სხეულში, ე.ი. ეს არის ჩემი ინსტრუმენტი აქ და ახლა ყოფნისთვის, რომელსაც შეუძლია როგორც ბორკილები დამადოს, ასევე გამათავისუფლოს. ამ პოსტში აღწერილი მაქვს ჩემი შეგრძნებები და დამოკიდებულება 5 რიტმის მიმართ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. თუმცა, ეს ნამდვილად არის ჩემი ჭეშმარიტება.

The Dance by Henri Matisse

ყოფნას აქვს ძალა. ჩვენი აზროვნება ისეა მოწყობილი, რომ ყოფნის შესახებ წარმოსახვაში გარკვეული პროექტი გვაქვს. თუკი ადამიანს ჰკითხავ – ვინ ხარ შენ? რაც არ უნდა გიპასუხოს, სახელიდან დაწყებული ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი სიტყვით ან სიმბოლოთი დამთავრებული, ის გიპასუხებს თავისი ყოფნიდან გამომდინარე – სად, რაში გრძნობს ყოფნის საზრისს. როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხად ვამბობთ სახელს, პროფესიას, სოციალურ სტატუსს, თუმცა იშვიათად შემხვედრია ვინმე, ვისაც ეთქვას – მე ვარ ჩემი სხეული. ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემხვედრია ადამიანები, ვინც სხეულში ყოფნაზე ფიქრობენ და ამის გამოცდილებაში გადატანისთვის სხვადასხვა პრაქტიკებს მიმართავენ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სხეულია სწორედ ის, რითაც ამ სამყაროში განვიცდებით, ვკონტაქტობთ, შევიგრძნობთ, ვმთლიანდებით და ა.შ. ამას კი თავისებური სწავლა უნდა. უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა მე მარადიულად პირზე მაკერია 5 რიტმი – მოძრაობითი მედიტაციის პრაქტიკა, რომელიც არის ცეკვა. და ცეკვაზე მეტიც, რადგან ვცეკვავთ ყველა ემოციას, ყველა განცდას, სხეულის ყველა ნაწილს, კუნთს, უჯრედს, ყველა ამბავს, ყველა ადამიანს, ყველა ტკივილს და ყველა სიხარულს – ყველაფერს ვცეკვავთ და ამ მომენტში, ყველაფერთან გვაქვს წვდომა, ყველა კარი ღიაა და ყველაფერი ერთ წერტილშია, შენში, ჩემში, სხვებში და უბრალოდ ვცეკვავთ – ამ ყველაფერს ვცეკვავთ ერთად.

ეს მეთოდი მოიცავს ბევრ საფეხურს და გაცილებით მეტია, ვიდრე სხეულებრივი პრაქტიკა. თუმცა, პირველი ამოცანაა გაათავისუფლო სხეული იმისათვის, რომ შეიგრძნო ყოფნის ძალა.

როგორც ვთქვი, ყველაფერი, რაც ხდება ჩვენში, განიცდება სხეულით. გაბრიელა ამბობს:

შენი სხეული შენი ცხოვრების მთავარი მეტაფორაა, შენი არსებობის გამოხატულება. ეს არის შენი ბიბლია, შენი ენციკლოპედია, შენი ცხოვრების ისტორია. ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება, ინახება და აისახება შენს სხეულში. შენმა სხეულმა იცის, შენი სხეული ამბავს ყვება. შენი ურთიერთობა შენს სხეულთან განუყოფელია, გარდაუვალია, ვერ გაექცევი. ხორცისა და სულის ქორწინებაში განქორწინება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინება აუცილებლად ბედნიერი ან წარმატებულია.

როდესაც ნამდვილად შესახლდები სხეულში, მხოლოდ მაშინ იწყება გამთლიანებისკენ ან გნებავთ განკურნებისკენ სავალი გზა. მე კი შემჩნეული მაქვს, რომ ყველაზე ნაკლებად სხეულს ვუსმენთ ან საერთოდ არ ვუსმენთ, არ ვენდობით, ვაიგნორებთ და ზუსტად ასევე არ ვუსმენთ ცხოვრების რიტმებს, არ ვართ მასში, არ ვმოძრაობთ მასში. არადა ცხოვრებას აქვს თავისი რიტმები, ესაა 5 რიტმი, რომელიც არის სხეულის არსი მოძრაობაში – დინება, სტაკატო, ქაოსი, ლირიკა, სიმშვიდე. გაბრიელა კი ის ადამიანია, ვინც ეს რიტმები ჩვენამდე მოიტანა.

ალბათ ახლა გიჩნდებათ კითხვა  – რა რიტმებია ეს და როგორია? მე კი გეტყვით, ეს ის რიტმებია, რომელშიც ყოველდღიურად და მთელი ცხოვრება ვცხოვრობთ. აბა გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ამოჩემებული ტრეკი – ამ ხუთი რიტმიდან აუცილებლად რომელიმე ერთ-ერთია. გაიხსენეთ ბოლოს რას მოუსმინეთ – ესეც ამ ხუთი რიტმიდანაა. გაიხსენეთ როგორია წვიმის ხმა – ესეც ხუთი რიტმიდანაა. და საყვარელი ადამიანის სიცილი? – კი, ესეც … როგორია 5 რიტმის ვორქშოფი? ამ 5 რიტმს თანმიმდევრულად, ტალღებად და უწყვეტად, რიტმების შესაბამისი მუსიკის ქვეშ ვცეკვავთ. უფრო ვიტყოდი, ამ 5 რიტმში ვმოძრაობთ. რადგან ეს არ არის ცეკვა ცეკვისთვის ან ცეკვა მაყურებლისთვის. ეს არის მოძრაობა იმგვარად, რასაც ამ კონკრეტულ მომენტში სხეული გკარნახობს. შენ კი უბრალოდ რიტმში ხარ, უსმენ სხეულს და იწყებ მოძრაობას. ესეც შენი ყოფნა და სხეულით განცდა ამ სამყაროსი.

პირველი რიტმი – დინება – წრიული მოძრაობაა: შესუნთქვა, სხეულის წამოწევა, გაფართოება, გახსნა, მერე ამოსუნთქვა, ჩაძირვა, შეკუმშვა, დახურვა. და ამ წრიულ მოძრაობაში ხარ სულ. ხდები განგრძობადი, სხეულით ქმნი უსასრულო წრიულ ფორმებს, მოძრაობ მიწიდან ზემოთ, მერე ზემოდან ქვემოთ, დაყვები სუნთქვას და მთავარი – ყველაფერს შეიგრძნობ ტერფებით. რიტმი შემოდის ტერფებიდან, ენერგია და სუნთქვა, რადგან კონტაქტის წერტილი არის ტერფები. ფართოვდები, იკუმშები, დგები – მაღლდები, წვები – იძირები. მოძრაობაში არ არის არანაირი მკვეთრი გაელვება. ყველაფერი არის უწყვეტი, უსასრულო წრიული, ერთი მოძრაობა მოყვება მეორეს. თითქოს სხეული ტალღაა – ძლიერი, მარადიული რითმულობით, რომლის ფესვები დედამიწაშია, ხარ მოდუნებული და ცენტრირებული, დინებაში ყველა მიმართულებით.

მეორე რიტმი – დასარტყამი ინსტრუმენტი ძლიერდება, სხეულში შემოდის დრამის მკვეთრი პულსაცია და მოძრაობა ხდება მკაფიო, ხისტი, კონკრეტული მიმართულებით, სადაც ყველა მოძრაობას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. თითქოს ხელებიც და ფეხებიც დასარტყამ ინსტრუმენტად გადაიქცა. ეს არის სტაკატო, სხეულის მკაფიოობა, სიმკვეთრე, მოძრაობა თეძოებით. ყველა შესუნთქვა-ამოსუნთქვაზე მოძრაობა მძაფრდება, სხეული ამბობს თავის სათქმელს, გამოხატავს პატერნებს და იმეორებს სანამ არ დაიშლება, მერე კი ახალი პატერნები წარმოიქმნება. სტაკატო არის ყველაზე ბასრი მოძრაობები, რომელიც ჰგავს თვითდამკვიდრების უხეშ ცეკვებს.

მესამე – ქაოსი – ტემპი ჩქარია და ცეკვავ ზღვარზე ქაოსში. სხეულის ყველა ნაწილი, ყველა კიდური მოძრაობს არათანმიმდევრულად, ცალცალკე, თითქოს აკეთებს ენერგიის გამოსროლას. ეს რიტმი თითქოს ერთგვარი პირველყოფილი რიტუალია, სადაც ყველანაირი მოძრაობა, ყველა ნაკადი ინტუიტიურია. აქ არაფერია გონებრივი, არაფერია რაციონალური. და ყველაზე მეტად ქაოსი თავშია. სხეული ბრუნავს, ხტუნავს, ხელები ფრიალებს, ტერფები რიტმულად ურტყამს იატაკს და შენ ხარ ყველაზე დამუხტული, ყველაზე ჩართული რაღაც უზარმაზარში. შენ ხარ ყველაზე ენერგიული და ყველაზე ცოცხალი.

მერე მოდის მეოთხე რიტმი – ლირიკა – ხარ დამიწებული და თან ჰაერში ლივლივებ. რიტმიც ნელდება, თუმცა დასარტყამ ინსტრუმენტს ისევ გრძნობ, ოღონდ ეს უკვე მსუბუქია, თითქოს ყოფიერების სიმსუბუქე შემოდის ტერფებიდან, გაივლის თეძოებს, მკერდს და ხელებიდან გაედინება ჰაერში, რომელთანაც ხარ ერთიანი. ეს ყველაზე ჰაეროვანი ცეკვაა, სადაც ტრიალებ, ბრუნავ და მიყვები ხელებს, როგორც ჩიტი ტალღაზე.

და ბოლოს – სიმშვიდე – ეს არის სივრცე რიტმებს შორის, სივრცე მოძრაობებს შორის. სხეული იცვლება სხვადასხვა ფორმებში, ზოგში უფრო მეტად შეჩერდები, ზოგს მალევე გაუშვებ. ეს არის შეგრძნებების და ვიბრაციების ცეკვა. ეს არის ცეკვა შენს შიგნით, სადაც ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერი გაცნობიერებულია და ყველაფერი ფხიზელია. ეს არის საკუთარი თავის ცეკვა, ეს არის მთლიანობაში ყოფნა და ყოფნა, სხეულით განცდა ამ სამყაროსი.

ეს რიტმები არ არის მხოლოდ ცეკვაში ან მოძრაობაში. ეს რიტმები ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტშია. ამაზე სხვა ჩანაწერში მოგიყვებით, მანამდე კი, ვისაც მოგესურვილებათ მოძრაობითი მედიტაციის გზით სხეულში ყოფნა იგემოთ, მომწერეთ, დამირეკეთ და წაგიყვანთ ჩემი დიდებული მასწავლებლის, თაკო მეგრელიშვილის 5 რიტმის კლასზე.

5Rhythms მეთოდის ავტორია გაბრიელა როთი. ამ პოსტში გამოყენებული მაქვს აბზაცები მისი წიგნიდან Maps to Ecstasy: A Healing Journey for the Untamed Spirit. შესაძლებელია, რომ რიტმების სახელწოდებების ქართული შესატყვისი ნაკლებად გამოხატავს მათ შინაარსს და პროფესიული თარგმნისას მეტად შესაბამისი სიტყვები ვიპოვოთ.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე