ინერციიდან ინსპირაციამდე

გენიალურ გაბრიელასთან არაჩვეულებრივ კონცეფციას მივაგენი – რა გზას გავდივართ ინერციიდან ინსპირაციამდე, უძრაობიდან მოძრაობამდე, უარაფრობიდან ქმნადობამდე და ავთენტურობამდე.

ყოფილხარ უძრაობაში?

თითქოს ცხოვრობ, თითქოს ყოველდღე აკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რაც აუცილებელია, პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ან ვალდებული ხარ. აკეთებ და მიუხედავად ამისა, მაინც უძრაობაში ხარ. თითქოს ინერციით აკეთებ. ასე მგონია, ცხოვრების ნახევარზე მეტს ამგვარ „მოძრავ“ უძრაობაში ვატარებთ, ინერციით ვცხოვრობთ. თითქოს, სასიცოცხლო ენერგია სადღაც არის მიმალული, სადღაც გაუცნობიერებელ შრეებში და ჩვენც ერთგვარ აპათიურობაში ვართ. შეიძლება წლები გავიდეს ასე, ან თვეები და ვერც მივხვდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. თუმცა, სასიცოცხლო ენერგია ყოველთვის ითხოვს აღმოჩენას, გარეთ გამოშვებას, ქმედების დინებაში შესვლას და პერიოდულად, შინაგანი ხმა ან შინაგანი კონფლიქტი ჩნდება, რომელიც მიგანიშნებს, რომ რაღაც ისე არ არის, რაღაც შესაცვლელია.

ასეთია ინერციაში ყოფნა. ეს არის უძრაობის საფეხური – ჩვენი, ადამიანური ჩრდილოვანი მხარე. ინერციას ზოგჯერ მოჩვენებითი მოძრაობა ახასიათებს, რუტინაში ჩაძირვა, მხოლოდ სავალდებულო ავტომატური საქმეების კეთება. უფრო ცუდ შემთხვევაში – სრული უძრაობა, მორალური და ინტელექტუალური სიზარმაცე. ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანები მოძრავი არსებები ვართ, მოძრაობისთვის ვართ, მარადიულ ცვლილებებში დავაბიჯებთ. ინერცია კი თვით-დესტრუქციული ენერგიაა, წინააღმდეგობაა სიცოცხლის მიმართ. იმის გაცნობიერება, რომ ინერციაში ვართ, უკვე ითხოვს მოძრაობას, სხვაგვარ მოქმედებას. თუმცა, ინერციიდან პირდაპირ ქმნადობაში გადასვლა, ვფიქრობ, არ ხდება და იქამდე გზა არის გასავლელი.

ინერციას შესაძლოა იწვევდეს გაუცნობიერებელი პატერნები, სურვილები, რწმენები – ის, რასთან მიმართებაშიც კითხვებს არ ვსვამთ, არც კი განვიხილავთ, უბრალოდ ჩრდილშია. რადგან, მოძრაობა და ცვლილებები საშიშია, დამაბნეველია, ზოგჯერ დამანგრეველიც. ყოველ შეთხვევაში, ასეთი აღქმა გვაქვს. და უმჯობესია ყოფნა იმ ზონაში, რაც ნაცნობია; ყოფნა მსხვერპლად და უარის თქმა ნებისმიერ ახალ მოძრაობაზე იმ გამართლებით, რომ …. (აქ შეგიძლიათ თქვენი მიზეზები გააჟღეროთ).

და მაინც, სიცოცხლის ენერგია ითხოვს მოძრაობას.

როგორც ზემოთ ვახსენე, ინერციიდან ქმნადობაში გადასვლა თითქმის წარმოუდგენელია. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა ეს იმპულსურად გამოგვივიდეს, თუმცა თანმიმდევრულობა და მუდმივობა ამას ვერ ექნება. პირველი ნაბიჯი ინერციის ზონიდან გასასვლელად არის იმიტაცია. ამ საფეხურზე ცდილობ ცოტათი უფრო მეტი გააკეთო, მეტად გამოძრავდე ფიზიკურად, მეტი ნაბიჯები გადადგა, თუნდაც არ იყოს ეს შენი ავთენტური ნაბიჯები და იყოს ვინმეს მიბაძვა – როლ მოდელის, ფილმის, წიგნის გმირის, მეგობრის თუ ვისიც გინდა. პრინციპში, ასეც ხდება, რადგან ამ საფეხურზე არ ვიცით ავთენტური საკუთარი თავი. აქ ამოცანაა რამე მოახდინო, გადადგა ერთი ნაბიჯი სიცოცხლისკენ და გააკეთო ეს იმიტაციით, ბევრი ფიქრის გარეშე. შესაძლოა, აქ არ იყოს ღრმა შინაარსები, შენი დანიშნულებისკენ ან მიზნებისკენ სვლა. ვფიქრობ, ვერც იქნება, რადგან ამას სხვა ენერგია სჭირდება. იმიტაცია შესაძლოა იყოს ფიზიკური ან მენტალური – იოგა, ცეკვა, თერაპია ან ფილოსოფია, ნებისმიერი ფორმა, რისკენაც გული მიგიწევს, რის იმიტაციაც შეგიძლია.

შინაარსზე მეტად აქ მნიშვნელოვანია ქმედების ფუნქციური დანიშნულება. მთავარია ჩრდილიდან გასვლა და თუნდაც პატარა მოძრაობის გაჩენა, რომელიც გასწავლის, რომ მოძრაობა შეგიძლია და ისიც შეგიძლია, რომ ეს მოძრაობა განგრძობადი იყოს. ეს ერთგვარი ცვლილებების კატალიზატორია. თუმცა, იმიტაციის საფეხურს მახეებიც ახასიათებს. ხშირად გვგონია, რომ რაღაც სისტემა ვიპოვეთ, რაღაც პრაქტიკა, რომლის იმიტირებას ვაკეთებთ და აქ არის ყველა პასუხი. ეს სისტემა/პრაქტიკა განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ჩვენს მოძრაობას, აქ დასრულებულად მიგვაჩნია პროცესი, აღარ გვაყენებს საზღვრებთან, გამოწვევების წინაშე, აღარ გვაძლევს საბაბს ძიებისთვის და სწორედ აქ ჩნდება ხაფანგი – ისევ ინერციაში შევდივართ. ჩართულები ვართ, აქტიურები ვართ, ვაკეთებთ, ვმოძრაობთ, ოღონდ რეალურად ისევ ინერციით, რადგან არსებული საზღვრების მიღმა აღარ გავდივართ და ვექცევით სისტემის გავლენაში.

უსაფრთხო სივრცეში ყოფნა ეგოს ამოსავალი წერტილია. ამიტომ გვჭირდება თავი მივაკუთვნოთ ნაცნობ სისტემას, სადაც ვიცით წესები, ადამიანები და მეტად დაცულები ვართ. სწორედ ამ დაცულობის საბურველში ხდება ისე, რომ ჩვენი იდენტობა მთლიანად დამოკიდებული ხდება ამ სისტემაზე და წესებზე. „მე ქოუჩი ვარ“, ვიტყვი და ამით აუცილებლად შევზღუდავ საკუთარ თავს მხოლოდ ერთ როლში, ჩავსვამ მხოლოდ ერთ ჩარჩოში და დავკარგავ კონტაქტს ისეთ საკუთარ თავთან, რომელსაც შეუძლია თვითძიებაში უფრო შორს წასვლა, ვიდრე ეს იმიტაციის საფეხურზე ხდება.

გურჯიევი ამბობდა, ვერ გახდები ადამიანი, თუ არ შეწყვეტ მაიმუნად ყოფნას, და ის იყო მართალი. ვიღაცამ ჰკითხა მას, რა არის მაიმუნის ყველაზე ღრმა თავისებურება? მან უპასუხა, მიბაძვა, იმიტაცია. თქვენ უბრალოდ ბაძავთ, იყურებით გარშემო და მიყვებით; ამ მიყოლაში ხდებით ყალბი. თქვენ ხედავთ, როგორ დადის ვიღაც კონკრეტული გზით, თქვენც ცდილობთ იაროთ ასე. ვიღაცას აცვია კონკრეტული კაბა, თქვენც გინდათ ეს კაბა. არასოდეს უყურებთ რა არის თქვენი საჭიროებები. და თუ დააკვირდებით თქვენს საჭიროებებს, ცხოვრება შესაძლოა გახდეს ნეტარებაში ყოფნა, რადგან საჭიროებები არც ისე ბევრია. იმიტაცია გაგიძღვებათ იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ არსად არ მიდის. როგორ გაიფურჩქნებით, თუკი ბაძავთ? თქვენ ხედავთ მუსიკოსს და გინდათ გახდეთ მუსიკოსი; ხედავთ მსახიობს და გინდათ გახდეთ მსახიობი. თქვენ გინდათ იყოთ ყველაფერი საკუთარი თავის გარდა და მხოლოდ ეს შეგიძლიათ იყოთ, არაფერი სხვა.

ეს არის ამონარიდი გაბრიელა როთის წიგნიდან Maps to Ecstasy: A Healing Journey for the Untamed Spirit, რომელსაც ეყრდნობა ეს ჩანაწერიც.

იმიტაციიდან გასვლა და შემდეგი საფეხური არის ინტუიცია. ამაზე მეორე ნაწილში დავწერ, გაგრძელება იქნება…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე