ინსტუმენტები, რომელსაც ვიყენებთ აზროვნებისთვის – ენიდან სმარტფონებამდე – შესაძლოა იყოს თავად აზროვნების ნაწილი.
სად მთავრდება გონება და იწყება სამყარო? გონება თავის ქალაშია ჩარაზული, კანით დალუქული, თუ ფართოვდება მის გარეთ, ერწყმის ნივთებს, ადგილებს და სხვა გონებას, ვისთან ერთადაც აზროვნებს? და რა მოხდება, თუკი გავაკეთებთ დაშვებას, რომ ნივთები – კალამი, ფურცელი, ტელეფონი – ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ტვინის კონკრეტული ნაწილი და ამით გვაძლევს შესაძლებლობას დავიმახსოვროთ ან ვაწარმოოთ გამოთვლები? თქვენ შესაძლოა თქვათ, რომ ეს ნივთები ნამდვილად არ არის გონების ნაწილი, რადგან ისინი არ არის თავში, მაგრამ ეს კიდევ საკითხავია. და … არის თუ არ არის ნივთები გონების ნაწილი?
იფიქრეთ ქალზე, სახელად ინგა, რომელსაც უნდა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წასვლა. ის ეძიებს მეხსიერებაში, აგონდება, რომ მუზეუმი მდებარეობს ორმოცდამეცამეტე ქუჩაზე და აი, მიდის. ახლა იფიქრეთ ოტტოზე, რომელსაც ალცჰაიმერი აქვს. მას ყველგან თან დააქვს უბის წიგნაკი, სადაც იწერს იმ ინფორმაციას, რომელსაც ფიქრობს, რომ დასჭირდება. მას ცუდი მეხსიერება აქვს, ამიტომ იყენებს უბის წიგნაკს ფაქტების გასახსენებლად ან ახლი ფაქტების ჩასაწერად. ერთ დღესაც, ოტტოც გადაწყვეტს წავიდეს Moma-ში და იცის რა, რომ მის უბის წიგნაკში მოიძებნება მისამართი, ჩახედავს.
სანამ ინგამ თავის მეხსიერებას ჰკითხა ან ოტტომ თავის უბის წიგნაკს, არც ერთი მათგანის ცნობიერ გონებაში არ არსებობდა მისამართი „ორმოცდამეცამეტე ქუჩა“. თუმცა, ორივესთვის რომ გეკითხათ სად არის მუზეუმი, ორივე გიპასუხებდათ. ეს ჰგავს იმ ქცევას, როდესაც ადამიანს ეკითხები, იცის თუ არა რომელი საათია და გპასუხობს „დიახ, ვიცი“, შემდეგ კი დახედავს საათს. რა განსხვავებაა? თქვენ შესაძლოა თქვათ, რომ ინგას ყოველთვის აქვს წვდომა თავის მეხსიერებასთან, ოტტოს კი თავის უბის წიგნაკთან – არა. მას ის არ შეაქვს შხაპში და ვერ წაიკითხავს სიბნელეში. მაგრამ, ინგასაც არ აქვს ყოველთვის წვდომა თავის მეხსიერებასთან. მაგალითად, როცა სძინავს ან როცა მთვრალია.
ენდი კლარკს, რომელიც არის ფილოსოფოსი და კოგნიტური მეცნიერი ედინბურგის უნივერსიტეტში, სჯერა, რომ სულაც არ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ინგასა და ოტტოს შორის, მეხსიერებასა და უბის წიგნაკს შორის. მას მიაჩნია, რომ გონება ფართოვდება სამყაროში და მუდმივად გადახლართულია მოწყობილობების ფართო სპექტრთან. მაგრამ, ეს არ არის უტყუარი ფაქტი, რომელზეც ვერ ვიდავებთ. თქვენ შეგიძლიათ სხვა გზითაც იმსჯელოთ ამაზე. უფრო მეტად, ეს არის ფიქრის გზა იმის შესახებ, თუ რა ქმნილებაა ადამიანი. კლარკი უარყოფს იდეას, რომ პერსონა სრულია თავის თავში, ჩაკეტილია გარე სამყაროს მიმართ და არ სჭირდება დახმარება.
როგორ მოხდა, რომ ადამიანის აზროვნების უნარი ასე განსხვავდება სხვა ცხოველების აზროვნებს უნარისგან, თუნდაც ტვინის აგებულება იყოს ასეთი მსგავსი? კლარკს მიაჩნია, რომ ეს განსხვავება განპირობებულია ჩვენი გაძლიერებული უნარით ფიქრში შემოვიერთოთ დამხმარე ინსტრუმენტები და ამის გამოყენებით ვიაზროვნოთ ისე, როგორც არასდროს. ის წერს, თუკი ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ცრუ მოსაზრების გავლენის ქვეშ ვართ, თითქოს – „ნებისმიერი რამ, რაც მნიშვნელოვანია ჩემი გონების შესახებ, დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება შიგნით, ჩემი ბიოლოგიური კანის ქვეშ, თავის ქალის უძველესი ციხესიმაგრის შიგნით.“
კლარკი ფიქრობს, ოტტოს მაგალითის ერთი პრობლემაა ის, რომ მიგვანიშნებს შემდეგზე: გონებას შეუძლია გაფართოება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვეულებრივ ტვინი არ მუშაობს როგორც საჭიროა და სჭირდება დანამატი – რაღაც სმენის აპარატის მსგავსი დამხმარე კოგნიტური ფუნქციისთვის. ეს, თავის მხრივ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი, რომლის გონებაც ღრმად დალინკულია მოწყობილობებთან (devices), არის სამედიცინო პაციენტი ან სხვა იშვიათი, უცნაური, ჰიბრიდული ქმნილება სამეცნიერო ფანტასტიკიდან – კიბორგი. ფაქტია, კლარკი ფიქრობს, რომ ჩვენ ყველანი კიბორგები ვართ, ყველაზე ბუნებრივი ფორმით. სამყაროს სტიმულის გარეშე, ახალშობილი ვერ ისწავლის მოსმენას ან დანახვას, მისი ტვინი კი განვითარდება და გადააწყობს აზროვნების წყობას გარემოს შესაბამისად, მთელი ცხოვრების მანძილზე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც იყენებს ენას აზროვნებისთვის, თავის ინტიმურ სელფში უკვე შემოიერთა გარე მოწყობილობები და ამით ეს კავშირები უფრო მრავლდება.
კლარკის მოსაზრებით, ეს ბრწყინვალე რამ არის. რაც მეტი მოწყობილობა და ნივთია ხელმისაწვდომი აზროვნების გასაუმჯობესებლად, ენდი კლარკი მით ბედნიერი ადამიანია. მაგალითად, მას უყვარს ონლაინ შოპინგ ალგორითმების უჩვეულო სიჭკვიანე, რომელიც მომავალი სასურველი შეკვეთების სიას გვთავაზობს. ის იყო Google Glass-ის უკანასკნელი თაყვანისმცემელი. ის ოცნებობს მომავალზე, სადაც მისი მაცივარი შეუკვეთავს რძეს, მისი მაისური დაამონიტორინგებს მის განწყობას და გულისცემას, ხოლო რაღაც ტიპის ნეიროტელეფონი დაუკავშირდება მის კოხლეარულ (სმენის) ნერვს და მის ყბაში იმპლანტირებული მიკროფონი დარეკავს ადამიანებთან ისევე მარტივად, როგორც ვამბობთ სიტყვას „სალამი“. ერთ დღეს მან დაკარგა თავისი ლეპტოპი და თავი იგრძნო ისე დისორიენტირებულად და სუსტად, თითქოს ტვინში სისხლჩაქცევა მიიღო, მაგრამ კლარკს არ უნანია თავისი დამოკიდებულება მოწყობილობებზე ისევე, როგორც არ უნანია დიდი ტვინის შუბლის წილის ქონა, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა დაზიანდეს.
იდეა გაფართოებული ცნობიერების შესახებ თავისთავადად გაფართოვდა, გასცდა ფილოსოფიის საზღვრებს. სწორედ ამიტომ, 66 წლის ფილოსოფოსი ენდი კლარკი, დღესდღეობით ყველაზე ციტირებადი ფილოსოფოსია ცოცხალ ფილოსოფოსთა შორის. მისმა იდეამ დააინსპირირა კვლევები არაერთი მიმართულებით კოგნიტურ მეცნიერებაში (ნეირომეცნიერება, ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა) და ამ მეცნიერების მიღმაც. ზოგი არქეოლოგის თქმით, როდესაც ისინი დაკარგული ცივილიზაციის ნარჩენებს თხრიან, რეკონსტრუქციას უკეთებენ არა მხოლოდ ნივთებს, არამედ აზროვნებას. ზოგი მუსიკოსი ამბობს, რომ ინსტრუმენტზე დაკვრა მოიცავს ნივთების შემოერთებას ფიქრებში და ემოციებში. და რომ მუსიკის მოსმენა არის დიდ კოგნიტურ სისტემაში შესვლა, რომელიც შედგება ბევრი ნივთისგან და ადამიანისგან.
I ნაწილი, გაგრძელებაც იქნება <3