
არჩევანის ბუნებაზე თუ დავფიქრდებით, პირველი მახსენდება ასეთი რამ – არსებობს სივრცე სტიმულსა და საპასუხო რეაქციას შორის და ამ სივრცის გაცნობიერება ნამდვილად არის ძალა. არ გეგონოთ ეს ჩემი მოსაზრება, სადღაც ამოვიკითხე, თუმცა ახლა ვერაფრით ვიხსენებ ავტორს.
მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ სტიმულის უსასრულო ჯაჭვია. სულ რაღაც ხდება, სულ მოქმედებაა, სულ ცვლილებებია. რა დიდებული რამაა ბუნება, არა? ისეთად შექმნა ადამიანის სხეული, ზოგჯერ რომ ვუფიქრდები, იდეალური ბიო-რობოტი მგონია (რომელსაც თავში არასწორი პროგრამები ჩაუდეს). ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენი ყოფნის ბიოლოგიური ფუნდამენტია, უმალ მომართულია თითქმის სინქრონში იმოქმედოს გარედან შემოსულ სტიმულზე. იმიტომ ვიყენებ სიტყვას თითქმის, რომ სწორედ აქ არის გაცნობიერების სივრცე.
ცოტას ნერვულ სისტემაზე ვილაპარაკებ და გაცნობიერების ამბებზე მერე გადავალ, თუ ძალიან არ ჩამითრია ნეიროფიზიოლოგიის საკითხებმა. იმაზე დაფუძნებით, რასაც ვხედავთ, გვესმის თუ ვგრძნობთ, ნერვული სისტემა მართავს ჩვენს ყველა ქმედებას. ის განსაზღვრავს როგორ ვფიქრობთ, ვმოქმედებთ, რას განვიცდით, რა რეაქციები და რეფლექსები გვაქვს. როდესაც რაღაც იცვლება გარემოში ან ჩვენში, ნერვული სისტემისთვის ეს არის სტიმული და მისი მთავარი ფუნქციაა ჰქონდეს რეაქცია სხვადასხვა სტიმულზე სხვადასხვა გზით. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შემოდის ინფორმაცია, ნერვული სისტემა ამ ინფორმაციას იღებს, გადაამუშავებს, აინტეგრირებს და აქვს საპასუხო რეაქცია სხეულებრივ, აზრობრივ და განცდების დონეზე. სწორედ ინტეგრირების პროცესში ვიღებთ გადაწყვეტილებებს ქმედებაზე. როგორც კი გადავწყვეტთ, ჩვენი სხეული რეაგირებს, ემოციები ჩნდება და ხდება ის, რაც ხდება. გადაწყვეტილების მიღებაში და მართვაში ჩართულია ცენტრალური ნერვული სისტემა (CNS), რომელიც მოიცავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს. ინფორმაციის მიღებას და გაგზავნას მართავს პერიფერიული ნერვული სისტემა (PNS), რომელიც თავის მხრივ ორად იყოფა: სენსორული და მოტორული. სენსორულს ინფორმაცია გადააქვს CNS-კენ, მოტორულს კი გამოაქვს CNS-დან ორგანოებისკენ, ჯირკვლებისკენ და კუნთებისკენ. მოტორული ფუნქცია თავის მხრივ იყოფა სომატურ და ავტონომიურ სისტემებად. სომატურ ნერვულ სისტემას ინფორმაცია გადააქვს ჩონჩხის კუნთებისკენ, ავტონომიურს – შინაგანი ორგანოებისკენ და ჯირკვლებისკენ. თავის მხრივ, ავტონომიური ნერვული სისტემა სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემად იყოფა. სიმპათიკური ორგანიზმს ამზადებს საგანგებო სიტუაციისთვის, პარასიმპათიკური – დასვენებისთვის. „თავს დაესხი ან გაიქეცი“ რეაქციას სიმპათიკური სისტემა მართავს. მას შემდეგ, რაც თავს დაესხმებით ან გაიქცევით, მოდუნების და ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების ამბები უკვე პარასიმპათიკური სისტემის პასუხისმგებლობაა.
წარმოდგინეთ, როგორი სინქრონულად მოწყობილი მოქმედებებია ეს ყველაფერი. და მაინც, ამ იდეალურად შეთანხმებულ სისტემაში არსებობს სივრცე სტიმულსა და საპასუხო რეაქციას შორის და ამ სივრცის გაცნობიერება ნამდვილად არის ძალა, ნების თავისუფლება და პიროვნული ზრდა. ჰო, გამახსენდა, ვიქტორ ფრანკლთან მაქვს ამოკითხული ეს სიტყვები.
ეს გაცნობიერების სივრცე კავშირდება რწმენებთან, ღირებულებებთან, საჭიროებებთან და წარსულ გამოცდილებებთან. როგორც კი რაღაც ხდება, ანუ გარე სტიმული შემოდის და ჩვენი CNS იწყებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ის მიდის და იხედება წარსულ გამოცდილებაში, თუ რა განგვიცდია ამ ან მიმსგავსებულ ამბავთან დაკავშირებით, რაზე რა სახელი დაგვირქმევია და როგორ შეგვიფასებია, რისი გვჯერა და გვწამს, რა მიგვაჩნია უტყუარ ჭეშმარიტებად, რა საჭიროება გვაქვს, რას ვეყრდნობით და როგორ ვაიდენტიფიცირებთ საკუთარ თავს მსგავს მოვლენებთან მიმართებაში, რისი გვეშინია და რისგან გავრბივართ. ტვინი კატასტროფული სისწრაფით აკეთებს ამ მოკვლევას და ასევე კატასტროფული სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ, თუ რის საფუძველზე დაიბადა ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ ჩნდება მზა პასუხი და შესაბამისი ემოცია, რომლის შედეგადაც უმალ გვაქვს რეაქცია – ჩავდივართ ქმედებას. სხვათაშორის, ქმედების არ ჩადენაც რეაქციაა და მოფერებით გაშეშებას ეძახიან. ზრდის ზონა კი სწორედ აქ არის – ვიყო თვითცნობიერი, გავიაზრო ჩემი საპასუხო რეაქციის საფუძველი რა არის, რომელ რწმენას უკავშირდება, რა ღირებულებებს, რა წარსულ გამოცდილებას, გავაცნობიერო, საიდან მოდის ჩემი ეს ემოცია და ეს გადაწყვეტილება. და არათუ გავაცნობიერო, ვისწავლო ამის საფუძველზე, ვიყო თვითრეფლექსიაში და გავზარდო ჩემი ცნობიერების საზღვრები, ჩემი პიროვნების შესახებ ცოდნა. ჩემთვის ეს არის საკუთარი თავის გაცნობა, რადგან რაც მეტად ვსვამ გულწრფელ კითხვებს, ჩემი ეს კონკრეტული ემოცია ამ მომენტში რამ გამოწვია და სინამდვილეში რა ხდება, მით მეტად ვიცი ჩემი „წითელი ღილაკები“ და რაც ვიცი, ის ნამდვილად შემიძლია შევცვალო. სხვანაირად რომ ვთქვა, ამ წითელ ღილაკებს ავტომატურად კი არ ეჭირება „გარედან“ და შესაბამისად, ავტომატურად ვმოქმედებ, არამედ, მე მაქვს ჩემი რეაქციების პულტი ხელში, წითელი ღილაკების წარმოშობასაც ვაცნობიერებ და ვირჩევ – რა რეაქცია მქონდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემთვის ეს არის ცხოვრება ავტომატიზმში თუ ცხოვრება გაცნობიერებულად, რადგან, რომ დავაკვირდეთ, მთელი ჩვენი ცხოვრება უბრალოდ არის ჩვენი საპასუხო რეაქციები გარე სტიმულებზე, დაწყებული იმ მარტივი მაგალითით, წვიმიანი ამინდი რომ გვანაღვლიანებს, დასრულებული იმ რთული მაგალითით, მოძალადე მშობლის შვილები ავტომატურად მოძალადეებად რომ ყალიბდებიან.
კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში (CBT) არსებობს ABC მოდელი, რომელიც ალბერტ ელისმა შექმნა. ეს მოდელი ასე გამოიყურება:
- გამააქტიურებელი მოვლენა;
- ჩვენი რწმენები ამ მოვლენის შესახებ. ის მოიცავს როგორც აშკარა, ისე ძირეულ, სიღრმისეულ ფიქრებს სიტუაციებზე, საკუთარ თავზე და სხვებზე;
- შედეგები, რომელიც მოიცავს ჩვენს ქცევით ან ემოციურ რეაქციას.
მოიაზრება, რომ B ერთმანეთთან აკავშირებს A და C-ს. გარდა ამისა, B ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად. ზოგადად, CBT როგორც მეთოდი, ფოკუსირებულია რწმენების ცვლილებებზე, რათა შეიქმნას მეტი დადებითი შედეგები. ეს პრაქტიკა მე ძალიან მიყვარს. ამ მოდელის გამოყენებით, ჩვენ ვიკვლევთ კავშირს B-სა და C-ს შორის, რაც ნიშნავს შემდეგს: ის ქცევითი თუ ემოციური საპასუხო რეაქცია, რაც მაქვს მოვლენებზე, გამოწვეულია არა პირდაპირ მოვლენიდან, არამედ ჩემი ავტომატური რწმენებიდან ამ მოვლენებთან მიმართებაში. გაბორ მატე როდესაც ტრავმებზე საუბრობს, ამბობს, რომ ტრავმა არ არის ის, რაც შენ დაგემართა. ტრავმა არის – რა რეაქცია გქონდა იმაზე, რაც დაგემართა (არ ვციტირებ ზუსტ სიტყვებს, შინაარსი მახსოვს მისი ლექციებიდან). ABC მოდელით მუშაობაც ამას ნიშნავს – გავაცნობიერო, რა რწმენები დგას ჩემი ქცევითი თუ ემოციური რეაქციების უკან, რომელიც ავტომატურად მოქმედებს და ამ გაცნობიერების შედეგად, შევცვალო ეს რწმენები. ჩემი საყვარელი ფორმულა ასეთია: ფაქტი + აღქმა = შედეგს. თუ მინდა შევცვალო შედეგი, ფაქტი არ არის ცვლადი, ამიტომ შემიძლია შევცვალო აღქმა.
ბევრი თუ ცოტა მოკვლევის მერე, ჩემთვის გემრიელ ამ პრაქტიკებს მივაგენი:
- ცნობისმოყვარეობა – მაინტერესებს ვიკვლიო ჩემი ემოციები, როდესაც ჩნდება, რა განაპირობებს ამ ემოციის გაჩენას და რას მეუბნება? რასთან არის კავშირში? როგორია ეს ემოცია და რას პასუხობს? განსაკუთრებით ეს ეხება იმპულსურად გაჩენილ ემოციებს და რეაქციებს. ხშირად, გასული კვირის ჭრილში ვიხსენებ განცდილ ემოციებს, სიტუაციებს და ვაკეთებ რეფლექსიას, რაც მაძლევს სიცხადეს, თუ როდის რა საპასუხო რეაქცია მქონდა.
- გონების სისავსის პრაქტიკა – მაინდფულნესი რომ ქვია და ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება 😊)) მოკლედ, ყოველ დღე, როდესაც ჩართული ვარ რაიმე პროცესში, ვაპრაქტიკებ ვიყო ცნობიერად აქ და ახლა. და თუკი რამე გამიტაცებს, ვაკვირდები რა მიტაცებს და საით.
- ეს არის ჩემი საყვარელი მასწავლებლის საყვარელი ტექნიკა – პერიოდულად ვაკვირდები ჩემს გონებაში ვისთან მაქვს დიალოგები. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. და ვუსმენ – რას ვეუბნები? რა ემოციები მიჩნდება? რა ხდება და რისთვის არის ეს ადამიანი/ები ჩემს გონებაში? ხშირად ეს მიმანიშნებს იმ გაუცნობიერებელ საპასუხო რეაქციაზე, რაც ამ ადამიანთან რეალურ ინტერაქციაში მქონდა, თუმცა იმ წუთას ამაზე არ მიფიქრია. ეს დიალოგები ასევე მიუთითებს ჩვენს საჭიროებებზე ამ ადამიანებთან თუ სიტუაციებთან მიმართებაში.
და ისევ, რომ გავიხსენო იდეალურად მოწყობილი ნერვული სისტემა და მისი მოქმედება, გარემო ჩვენს ირგვლივ და მილიონობით სტიმული, რომელიც არსებობს – სულ ვეკითხები ჩემს თავს, რას ვირჩევ, ვიყო ავტომატური თუ ვიყო გაცნობიერებული? ჩემთვის პასუხი ცხადზე ცხადია და ამიტომ სულ მახსოვს, ამ იდეალურ სისტემაში არსებობს სივრცე სტიმულსა და საპასუხო რეაქციას შორის და ამ სივრცის გაცნობიერება ნამდვილად არის ძალა, ნების თავისუფლება და პიროვნული ზრდა. ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა.