იყო ავთენტური და იპოვო შენი გზა, ყველაზე ღირებული და ყველაზე რთული ამბავია. იმიტაციას თავისი ბონუსები აქვს. როგორც მხატვრები სწავლობენ დასაწყისში ხატვას – გადახატვით, ასევეა იმიტაცია, რადგან თუ შესრულების ტექნიკაზე ფიქრობ, შემოქმედებაში ვერ დაიღვრები. იმიტაცია კიდევ გეხმარება გაიწვრთნა ტექნიკაში. და როცა საკმარისად ისწავლი იმიტაციით, სადღაც შიგნიდან ჩნდება შეგრძნება, ძახილი, რომელიც მიგანიშნებს – დროა მიბაძვის რეჟიმიდან გახვიდე და რაღაც შენი შექმნა, შენი და ავთენტური. სინამდვილეში ეს არის ყველაფერზე მეტად ღირებული.
ეს გზა რთულია, იმედგაცრუებების გზაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ილუზიებიდან გასვლის, მოლოდინების გაშვების და იმ ყველაფრისგან გათავისუფლების, რაც ხაფანგია მეტამორფოზისთვის. ამ პროცესში თითქოს ყველაფერს ხელს უშვებ – კონტროლს, წარმოსახვებს, საკუთარ თავს. ამ პროცესში თითქოს ემორჩილები, სწავლობ როგორია ყოფნა ჩამოშლილ რეალობაში, მორღვეული იდენტობით და საკუთარ თავზე ილუზორული წარმოდგენებით. სიბნელეში ხეტიალს ჰგავს, თან ძალიან საშიშია და თან ძალიან ამაღელვებელი, რადგან ინტუიცია გეუბნება, რომ შენს წინაშე საოცარი ახალი სამყარო გადაიხსნება. და ინტუიცია სწორია.
ინტუიციის საფეხურზე ყველა რწმენა-წარმოდგენა, რაც აქამდე შეგიქმნია, იშლება და რჩები მხოლოდ საკუთარ თავთან. ამ დროს არის ყველაზე ღრმა ფიქრი – ვინ ხარ, როდესაც არ ხარ შენი მოლოდინები, შენი გამოცდილებები, შენი შიშები, შენი რწმენები, შენი პატერნები, შენი შეხედულებები საკუთარ თავზე, ან სხვისი შეხედულებები შენზე – როდესაც ეს ყველაფერი არ ხარ, მაშინ ვინ ხარ? ეს რთული საფეხურია. ადამიანები აქ იკარგებიან ილუზორულ და ფორმების სამყაროებს შორის, ეგოსა და შინაარსებს შორის, იკარგებიან პერსონალურ ნარატივებში. აქ ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობს, მიენდო და გაუშვა, დანებდე, დაცარიელდე. მხოლოდ ასე შეძლებ მიუახლოვდე ნამდვილ საკუთარ თავს. არა იმას, რომელიც ინერციის და იმიტაციის დროს შექმენი, არამედ ნამდვილს და ავთენტურს.
ინტუიცია არის ცოდნა ფიქრის და ლოგიკის გარეშე. ის არ მოიცავს ანალიზს, შეფასებას, შედარებას ან დედუქციას. ინტუიცია გავარჯიშებადია. უბრალოდ, დააკვირდით მოვლენებს, ჩაიწერეთ რას გკარნახობთ ინტუიცია და მერე ისევ დააკვირდით, ნახეთ რა მოხდება. და მას მერე, რაც გაეხსნებით ინტუიციას, ყველაფერი იცვლება. ეს არის საკუთარი თავის მოსმენა და საკუთარი თავის ნდობის უმაღლესი გამოვლინება. ეს არის საკუთარ ცნობიერთან და არაცნობიერთან სიღრმისეული კავშირი და შეგრძნება იმისა, რომ შენმა შინაგანმა ხმამ ყოველთვის იცის. არაფერი მისტიკური ამაში არ არის და ყველაფერი მისტიკური არის ამაში. ეს არის დინებაში ყოფნა და იმპროვიზაცია, ნამდვილი საკუთარი თავის რწმენა და ამით განცდა სამყაროსი. იმ სამყაროსი, რომელიც არ ვიცით რეალურად როგორია და ჩემი აზრით, არც გვჭირდება ამის ცოდნა, რადგან სხვანაირად ამ გზას ვერ გავივლიდით.
წარმოსახვა – ეს არის შემდეგი საფეხური და აქ სწორედ ინტუიციას მოვყავართ. ისევ ვბრუნდებით სისტემაში, ოღონდ ავთენტურში, რადგან ამ სისტემაში ფორმა უკვე ჩვენი შემოქმედებაა, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხედვის და ჩვენი განცდილის რეფლექსიაა. აქაც მხატვრების მაგალითი მახსენდება: ტექნიკის დასწავლის მერე, როცა უკვე აღარ ფიქრობ ფუნჯის მონასმი როგორ გააკეთო, უსმენ ინტუიციას და აცოცხლებ წარმოსახვას, სწორედ ასე ქმნი. წარმოსახვას შეუძლია ფიზიკური, ემოციური და მენტალური ენერგია გარდაქმნას დინამიურ ჰარმონიაში. ეს არის ქმნადობაში ყოფნა და ალბათ, ყველას გვიგვრძვნია მსგავსი მდგომარეობა, თუნდაც რამდენიმე წუთით ან წამით.
წარმოსახვა ინტუიციას აძლევს ფორმას და მოჰყავს რეალობაში, აღვიძებს ნიჭს. მთავარი ამბავიც ხომ ეს არის – საკუთარი ნიჭის რეალიზება, შემოქმედებით ძალასთან დაკავშირება და ამ ყველაფრის იმ მიმართულებით გაშვება, რაც შენი შინაგანი ძახილია. და დიახ, ნიჭის არ გამოყენება არ გვეპატიება. ეს აუთვისებელი ენერგია ყოველთვის იბობოქრებს შიგნით და აუცილებლად იპოვის გარეთ გამოსვლის ფორმას. დამანგრევლად თუ შემოქმედებითად – ამის არჩევა ცნობიერად ნამდვილად შეგვიძლია.
ინსპირაცია – ეს არის კავშირი ყველა მითთან თუ ყველა არსებულ სიმბოლოსთან, ყველა ცოცხალ ფორმასთან და იმ ღმერთთან, რომელიც მხოლოდ შენშია და შენია. და ვერავითარი რელიგია გარედან ვერ შექმნის შენს ღმერთს. წარმოსახვის საფეხურის მერე მოდის ინსპირაციის საფეხური. ცხოვრება ერთ დიდ რიტუალს ემსგავსება – სიცოცხლის დიდების და მადლიერების რიტუალს. ამ დროს ხარ ერთიანი საკუთარ შინაგან ცენტრთან და გარე სამყაროსთან. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩნდება სიღრმისეული სულიერი პრაქტიკები, ფილოსოფიიდან დაწყებული, მდუმარებით დასრულებული. ცხოვრების ამ ეტაპზე ცნობიერი შემოქმედება წყდება და გადადის არაცნობიერ პროცესში. ყველაფერი, რაც იბადება, იბადება თითქოს არსაიდან. თითქოს არც იცი, საიდან იცი ეს ყველაფერი, თუმცა რეალურია და, შესაძლოა, ყველაზე რეალური და ხელშესახები, რაც კი რაიმე არსებობს საერთოდ.
და სწორედ შენ, ვინც კურნების ეს გზა გაიარე, შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შეძლო და გაეხსნა სამყაროს…
პ.ს. ამ ყველაფერს არ აქვს დასაწყისი და დასასრული. ციკლურია, მოძრაობაშია.
ჩანაწერი ეყრდნობა გაბრიელა როთის წიგნს Maps to Ecstasy: A Healing Journey for the Untamed Spirit