პიკნიკი გზის პირას
მონახულების ექვსი ზონა განლაგებულია დედამიწაზე. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მონახულების ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. იმ კაცობრიობისა, რომლის ყველაზე გმირული საქციელი ისაა, რომ გადარჩა და კვლავაც აპირებს გადარჩენას. ამ ამბავს ჰყავს მთავარი პერსონაჟი – სტალკერი. თითქოს ამ უახლეს პროფესიას უნდა შეეცვალა ადამიანის ისტორიის მსვლელობა. უფრო სწორედ, იმ მოვლენას, რამაც ეს უახლესი პროფესია გააჩინა. ასე იყო ჩაფიქრებული, თუმცა ადამიანებს სწორი კითხვები არ აღმოაჩნდათ, რომლებზე მზა პასუხებიც უკვე მიიღეს მონახულების შემდეგ.
მხოლოდ თავზეხელაღებული ბიჭები შედიან იმ ზონაში, სადაც მონახულების მერე საოცრებები ხდება, სადაც არამიწიერმა ცივილიზაციამ პიკნიკის მერე ნარჩენები დატოვა. თუმცა, ვინ იცის? შეიძლება ეს არც პიკნიკია გზის პირას და არც კონტაქტზე გამოსვლა. იქნებ ეს შემოჭრაა, ვინ იცის? და ვისაც ამის გარკვევა ევალებათ (მეცნიერებს), „ისინი უბრალოდ ჩასცქერიან ამ უძირო უფსკრულს და იციან, რომ გარდაუვალია მათი იქ ჩასვლა. გული ეწურებათ, მაგრამ ჩასვლა საჭიროა, თუმცა არ იციან როგორ ჩავიდნენ, რა დახვდებათ ფსკერზე და, რაც მთავარია, შეძლებენ თუ არა უკან ამოსვლას“ … და მიუხედავად მონახულებისა, სტალკერებისა, მეცნიერებისა, მოსიარულე მკვდრებისა და ყველა იმ საოცრებისა, რაც ხდება არამხოლოდ ზონაში, არამედ ზონის გარეთაც, კაცობრიობამ გარღვევა ვერ მოახდინა. მიზეზიც არსებობს. როგორც ზემოთ ვახსენე, ციდან კი ჩამოცვივდა პასუხები, მაგრამ „ესაა პასუხები იმ კითხვებზე, რომელთა დასმაც ჯერ ადამიანებს არ შეუძლიათ“.
ყველაზე პარადოქსული ფორმულა
ჩემი ოთახის კედლებზე ის ფორმულებია წაწერილი, რომლითაც სხვადასხვა დისციპლინები სამყაროს ხსნიან ან მცდელობა აქვთ. და არსებობს ერთი ფორმულა, რომელიც ყველა დანარჩენს გვერდს უვლის: ჭეშმარიტება პარადოქსულია, ისეთივე პარადოქსული, როგორც რედრიკ შუჰარტი (ადამიანი) და დრო.
დრო – „ჩვენ ვერ ვამჩნევთ, როგორ გადის დრო, როგორც იცვლება ყველაფერი ირგვლივ. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი იცვლება, ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ყველაფერი იცვლება. საკუთარი თვალითაც არაერთხელ გვინახავს, როგორ იცვლება ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად სრულებით არ გვაქვს იმის უნარი, რომ მოვიხელთოთ ის მომენტი, როცა ცვლილება ხდება ანდა არ ვეძებთ ცვლილებას იქ, სადაც უნდა ვეძებდეთ. მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ ვამჩნევთ, როგორ გადის დრო.“
რედრიკ შუჰარტი (ადამიანი) – მან იცის, რომ ამ მყრალი სამყაროს ყოველი ჭანჭიკი უნდა შეიცვალოს, რადგან კეთილი ადამიანების გვამებზე სვავები მშვენივრად მიიკვლევენ გზას. მან იცის, რომ ადამიანი დაბადებულია იმისათვის, რომ იაზროვნოს. ამავდროულად, მან ისიც იცის, რომ მეორე ადამიანი გამიზნულად მიჰყავს ზონაში, რომ მისი სხეული, მისი ხორცი მორიგი ხაფანგისთვის გამოიყენოს და თავად შეძლოს ოქროს სფეროსთან მისვლა. ეს ის ოქროს სფეროა, რომელიც ზონაში არამიწიერმა ცივილიზაციამ დატოვა და რომელიც ადამიანს სანუკვარ ოცნებას უსრულებს. რედრიკმა თითქოს იცის მისი სანუკვარი ოცნება რა არის და ამისთვის მზად არის ადამიანი გაწიროს, თან ადამიანები იხსნას, თან შვილი გადაარჩინოს, თან სამყაროს ყოველი ჭანჭიკი შეცვალოს, თან შური იძიოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბედნიერება ჩამოარიგოს.
ჭეშმარიტება ისეთივე პარადოქსულია, როგორც რედრიკ შუჰარტი (ადამიანი) და დრო. ჭეშმარიტებას ვერაფრით მოიხელთებ ისევე, როგორც ვერ მოიხელთებ კაცობრიობას მთლიანობაში. და თუ შენი გონი მოახერხებს, რომ ჭეშმარიტების თუნდაც ერთი მისხალი მოიგდოს ხელთ, გაიხსენე, რომ „გონი – ეს არის გარე სამყაროს ძალების გამოყენების უნარი ამ სამყაროს განადგურების გარეშე“. ეს კი შეუძლია მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც თავისივე შექმნილი ხაფანგიდან ამოვიდა, რომელმაც საკუთარი ეგო გადააქცია უპირობო სიყვარულად, რომელმაც გაიხსენა, რომ ის ამ სამყაროს ბატონ-პატრონი კი არა, მისი ნაწილია, გაიხსენა კონტაქტის ენა, რომლითაც ის გასცემდა სიყვარულს და იღებდა სიბრძნეს.
რედრიკი აღმოჩნდა გონიერი და ოქროს სფეროს ზუსტად ის სურვილი მოახსენა, რომელსაც მის მიერ მსხვერპლად შეწირული ადამიანი იმეორებდა – „ბედნიერება ყველას, უსასყიდლოდ, და დაე, ნურავინ წავა გულდაწყვეტილი!“. ოღონდ, რედრიკს, ადამიანს, ამ უსაზღვროდ კეთილ სურვილამდე მისასვლელად საკუთარი თავის განადგურება დასჭირდა. სხვა ადამიანის განადგურებაც დასჭირდა და ბოლოს აღმოხდა ის, რაც აღმოხდა: “მე ცხოველი ვარ, შენ ხომ ხედავ, რომ ცხოველი ვარ. მე არ მაქვს სიტყვები, არ მასწავლეს სიტყვები. მე არ შემიძლია ფიქრი, ამ საზიზღრებმა არ მაცალეს, რომ ფიქრი მესწავლა. მაგრამ შენ თუ მართლა ასეთი ხარ… ყოვლისშემძლე, ყოვლადძლიერი, ყოვლისშემცნობი… გაერკვიე! ჩაიხედე ჩემს სულში, მე ვიცი – იქ არის ყველაფერი, რაც შენ გინდა. უნდა იყოს. სული ხომ არასოდეს და არავისთვის არ მიმიყიდია! ის ჩემია, ადამიანის! შენ გამოარჩიე, რაც მინდა, – შეუძლებელია, რამე ცუდი მინდოდეს!.. წყეულიმც იყოს ყოველივე, მე ხომ არაფრის მოფიქრება არ შემიძლია, გარდა მისი ამ სიტყვებისა – ბედნიერება ყველას, უსასყიდლოდ, და დაე, ნურავინ წავა გულდაწყვეტილი!”
ბევრი წელია გასული, რაც პირველად წავიკითხე „პიკნიკი გზის პირას“ და ვერაფრით გადავწყვიტე, რედრიკი მართლა კეთილი ბიჭია, რომელიც უბრალოდ გარემოებებს ემსხვერპლა და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საკუთარ სულში ჩაიხედა? თუ ის მართლა ცხოველია, რომელმაც თავის სანუკვარ სურვილს მსხვერპლად ადამიანი შესწირა, თვითონაც სხვის გვამებზე გაიარა, მაგრამ ბოლოს მაინც გაახსენდა, საკუთარი ადამიანობა გაახსენდა და ყველა ცოდვა უსასყიდლოდ დარიგებული ბედნიერებით გამოისყიდა?
რას გაუგებ ადამიანს? ადამიანს, რომელსაც შეუძლია სიკეთე გააკეთოს ბოროტებისგან; რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტება ეძებოს და ჭეშმარიტების მთქმელს სიცოცხლე წაართვას; რომელსაც შეუძლია მიზეზშედეგობრიობის პრინციპი დაარღვიოს, საკუთარი გონი საკუთარი ნებით დაატყვევოს და უსასრულო ილუზიებში იცხოვროს მაშინ, როცა სიმართლე ერთი ხელის გაწვდენაზე აქვს, ვერაფერსაც ვერ გაუგებ.
ჩემი კითხვა კი ასე ჟღერს. ევოლუციის მამოძრავებელი მთავარი მექანიზმი ხომ ადაპტაციაა (გენების კოპირების მიზნით). გადარჩება ის, ვინც ცვლილებებს მოერგება. ზუსტად იმ ცვლილებებს, რომელსაც ვერ ვიხელთებთ ხოლმე, რადგან ვერ ვამჩნევთ, როგორ გადის დრო. არადა ხომ ზუსტად ვიცით, რომ დრო გადის და ყველაფერი იცვლება. აბა ახლა წარმოდგინეთ, რომ სამყაროს ეს პროგრამა შეიცვალა და ახალი პროგრამა გაცხადდა: დაე გადარჩეს ის, ვინც ნამდვილად აცნობიერებს რა სურს. აი თითქოს ოქროს სფერო მართლა დაგვიტოვეს მონახულების დროს და ყველაფერი დედამიწაზე ამოძრავდა ამ მთავარი პროგრამის ირგვლივ: დაე გადარჩეს ის, ვინც ნამდვილად აცნობიერებს რა სურს. გულწრფელად, ნამდვილად და მართლად საკუთარ თავთან.
ნეტავ როგორი გახდებოდა ჩვენი ყოფა?
ბედნიერება ყველას
შენთან ასეთი კითხვა მაქვს. რა არის შენი სანუკვარი სურვილი? ოღონდ, სანამ მიპასუხებ, ასეთ დათქმას გაგიკეთებ: ყველა შიში დაივიწყე; ყველა რწმენა-წარმოდგენა შემოიცალე; ყველა სოციალური როლი ჩამოიხსენი; სოციუმის მიერ შექმნილი ყველა კონსტრუქცია, რომელიც შენს იდენტობას ამა თუ იმ ფორმით ფორმებს უცვლის, დაამსხვრიე; ის საჭიროებები, რომელიც შენი ეგოდან მოდის, გაანულე; წარსულის გამოცდილება და მომავლის შფოთვა ჩამოიფერთხე სხეულიდან; ჩახსენი ემოციური მიჯაჭვულობა ყველას და ყველაფერის მიმართ, ჩაიხედე შენს სულში და ისე მითხარი – რა არის შენი სანუკვარი სურვილი?
და მე? შევძელი კი ჩემსავე სულში ჩახედვა? ამოვედი ჩემი შექმნილი ხაფანგიდან? შემიძლია სიკეთის სიკეთისგან კეთება?
პ.ს. წიგნი იწყება შემდეგი სიტყვებით:
„სიკეთე უნდა გააკეთო ბოროტებისგან, რადგან მის გასაკეთებლად სხვა არც არაფერი გაქვს“, – რ.პ. უორენი