იბადები, თვალს ახელ, იწყებ აზროვნებას და იწყებ კედლების აშენებას შენს ირგვლივ, საზღვრების მონიშვნას, გისოსების გალამაზებას. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იყო, მშვიდად გალიო შენი მოსაწყენი ცხოვრება, რომელიც ამავე დროს ითხოვს ველურ ბუნებაში გაჭრას, ცად ავარდნას, ღრმად ჩაყვინთვას. მაგრამ არა, უსაფრთხოება მაინც თავისუფლებაზე უტკბესია. ჰო, კარგი, შეიძლება ცოტა გადავაჭარბე და უტკბესი არ არის, მაგრამ ცხადი ხომ არის? უსაფრთხოება თავისუფლებაზე ცხადია. ხომ ზუსტად იცი, როდის რა გელოდება და ისიც ხომ იცი, რომ არაფერიც არ გელოდება. მაგრამ მშვიდად ხარ, ემოციების დუღილი არ გაწამებს და ხარ მშვიდად. ცხოვრობ მშვიდად. და ასე სიბერემდე. მთელი ცხოვრება ამით ხარ დაკავებული, ერთი საკნიდან მეორეში გადადიხარ, დამოგზაურობ, მთელ ციხეს მოივლი, რაღაც მომენტში გგონია, რომ აი, გათავისუფლდი, თუმცა არა – ესეც საკანია, ოღონდ თავისუფლების საკანი. მემგონი, იმ უხილავი საკნის პატიმარი ვარ, სინამდვილეში რომ არ არსებობს, არავითარი კედლები და გისოსები რომ არ აქვს, მე კიდევ ავდექი და თავი დავიპატიმრე ჩემი ნებით, ჩემივე გონებით. და რაც არ უნდა ჩემს თავს ვაძახო, „გამბედაობა, ირინე, გამბედაობა… გაარღვიე, მოანგრიე კედლები, აჯანყდი, აბობოქრდი, გაიქეცი…“ ჯანდაბა… მე ხომ ვიცი, რომ საკნიდან საკანში გიჟივით რბოლაა ეს ყველაფერი. საიდან ვიცი? როგორც მინიმუმ, ორ საკანში ვართ გამოკეტილი ადამიანები – წარსულის და მომავლის. ყველა გუშინდელი დღე აჩრდილივით დამდევს და ყველა ხვალინდელი დღე ბუნდოვნად…
ახლა რომ მკითხოთ, რისთვის დავწერე ეს ტექსტი, აზრზე არა ვარ. წავიკითხავ ასე ორი კვირის მერე და იქნებ გავარკვიო.