ყოფნას აქვს ძალა. ჩვენი აზროვნება ისეა მოწყობილი, რომ ყოფნის შესახებ წარმოსახვაში გარკვეული პროექტი გვაქვს. თუკი ადამიანს ჰკითხავ – ვინ ხარ შენ? რაც არ უნდა გიპასუხოს, სახელიდან დაწყებული ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი სიტყვით ან სიმბოლოთი დამთავრებული, ის გიპასუხებს თავისი ყოფნიდან გამომდინარე – სად, რაში გრძნობს ყოფნის საზრისს. როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხად ვამბობთ სახელს, პროფესიას, სოციალურ სტატუსს, თუმცა იშვიათად შემხვედრია ვინმე, ვისაც ეთქვას – მე ვარ ჩემი სხეული. ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემხვედრია ადამიანები, ვინც სხეულში ყოფნაზე ფიქრობენ და ამის გამოცდილებაში გადატანისთვის სხვადასხვა პრაქტიკებს მიმართავენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სხეულია სწორედ ის, რითაც ამ სამყაროში განვიცდებით, ვკონტაქტობთ, შევიგრძნობთ, ვმთლიანდებით და ა.შ. ამას კი თავისებური სწავლა უნდა. უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა მე მარადიულად პირზე მაკერია 5 რიტმი – მოძრაობითი მედიტაციის პრაქტიკა, რომელიც არის ცეკვა. და ცეკვაზე მეტიც, რადგან ვცეკვავთ ყველა ემოციას, ყველა განცდას, სხეულის ყველა ნაწილს, კუნთს, უჯრედს, ყველა ამბავს, ყველა ადამიანს, ყველა ტკივილს და ყველა სიხარულს – ყველაფერს ვცეკვავთ და ამ მომენტში, ყველაფერთან გვაქვს წვდომა, ყველა კარი ღიაა და ყველაფერი ერთ წერტილშია, შენში, ჩემში, სხვებში და უბრალოდ ვცეკვავთ – ამ ყველაფერს ვცეკვავთ ერთად. ეს მეთოდი მოიცავს ბევრ საფეხურს და გაცილებით მეტია, ვიდრე სხეულებრივი პრაქტიკა. თუმცა, პირველი ამოცანაა გაათავისუფლო სხეული იმისათვის, რომ შეიგრძნო ყოფნის…
თუკი ამ სამყაროში მოვედი ამ სხეულში, ე.ი. ეს არის ჩემი ინსტრუმენტი აქ და ახლა ყოფნისთვის, რომელსაც შეუძლია როგორც ბორკილები დამადოს, ასევე გამათავისუფლოს. ამ პოსტში აღწერილი მაქვს ჩემი შეგრძნებები და დამოკიდებულება 5 რიტმის მიმართ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. თუმცა, ეს ნამდვილად არის ჩემი ჭეშმარიტება.