გაიხსენე ირინე, ყველაფერი გაიხსენე. ხსოვნის მრავალ ადგილას ჩაიხედე – საკუთარი სხეულის ხსოვნის. წარსულის იმდენი გზა გაქვს გავლილი, დაათვალიერე… მაგრამ მხოლოდ ქალური გზა და ნუ გაგერევა ხმაში სინანული. დიახ, არის ადგილი, რომლის დანახვაც არ შეგიძლია, ძრწოლას გგვრის, ახლოსაც ვერ ეკარები… მაგრამ ჩაიხედე იქ, სადაც ახლა ვერ ხედავ: ქალურ და მამაკაცურ წარსულებში. და მერე რა, რომ უცხოობის ბეჭედი გაქვს დასმული. მერე რა… დაემორჩილე, ირინე, რადგან ვინც ემორჩილება, ის მბრძანებლობს. დაეყრდენი, ოთხ ბურჯს დაეყრდენი: ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. და იცოდე, ეს ყველაფერი ფუჭია. იცოდე, რომ სიცოცხლის საიდუმლო გადასაჭრელი პრობლემა კი არაა, არამედ რეალობა, რომელიც უნდა განიცადო. პროცესს ვერ ჩასწვდები მისი გაჩერებით. წვდომამ პროცესის მდინარებას უნდა მისდიოს, შეერწყას მას და მასთან ერთად იდინოს. გახსოვდეს, ირინე, ეს პლანეტა ბევრი რაღაცის ჯამია: ხალხის, მიწის, ცოცხალი არსებების, მთვარეების, დინებების, მზეების – უცნობი ჯამი, ბუნდოვანი ერთობას „ახლა“. და დაფიქრდი: რა არის „ახლა“? ყოველთვის ჰკითხე შენ თავს, ირინე: რა გრძნობა გაკლია, რომ არ შეგიძლია დაინახო და ისმინო გარშემო არსებული სხვა სამყარო? რა გაკრავს გარს, რასაც ვერ…? თუ საქმე გონებაშია, გახსოვდეს: გონება უბრძანებს სხეულს და ის ემორჩილება. გონება უბრძანებს თავის თავს და წინააღმდეგობას აწყდება. თუ საქმე შიშშია, გახსოვდეს: შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია,…
ვისაც ფრენკ ჰერბერტი ჩემსავით უყვარს, ის აუცილებლად ამოიცნობს მის წიგნში განფენილ ამ ჭეშმარიტებებს. მე კი მომინდა ეს ყველაფერი საკუთარი თავისადმი მონოლოგად მექცია.