გაიხსენე ირინე, ყველაფერი გაიხსენე. ხსოვნის მრავალ ადგილას ჩაიხედე – საკუთარი სხეულის ხსოვნის. წარსულის იმდენი გზა გაქვს გავლილი, დაათვალიერე… მაგრამ მხოლოდ ქალური გზა და ნუ გაგერევა ხმაში სინანული. დიახ, არის ადგილი, რომლის დანახვაც არ შეგიძლია, ძრწოლას გგვრის, ახლოსაც ვერ ეკარები… მაგრამ ჩაიხედე იქ, სადაც ახლა ვერ ხედავ: ქალურ და მამაკაცურ წარსულებში. და მერე რა, რომ უცხოობის ბეჭედი გაქვს დასმული. მერე რა… დაემორჩილე, ირინე, რადგან ვინც ემორჩილება, ის მბრძანებლობს.
დაეყრდენი, ოთხ ბურჯს დაეყრდენი: ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. და იცოდე, ეს ყველაფერი ფუჭია. იცოდე, რომ სიცოცხლის საიდუმლო გადასაჭრელი პრობლემა კი არაა, არამედ რეალობა, რომელიც უნდა განიცადო. პროცესს ვერ ჩასწვდები მისი გაჩერებით. წვდომამ პროცესის მდინარებას უნდა მისდიოს, შეერწყას მას და მასთან ერთად იდინოს.
გახსოვდეს, ირინე, ეს პლანეტა ბევრი რაღაცის ჯამია: ხალხის, მიწის, ცოცხალი არსებების, მთვარეების, დინებების, მზეების – უცნობი ჯამი, ბუნდოვანი ერთობას „ახლა“. და დაფიქრდი: რა არის „ახლა“? ყოველთვის ჰკითხე შენ თავს, ირინე: რა გრძნობა გაკლია, რომ არ შეგიძლია დაინახო და ისმინო გარშემო არსებული სხვა სამყარო? რა გაკრავს გარს, რასაც ვერ…?
თუ საქმე გონებაშია, გახსოვდეს: გონება უბრძანებს სხეულს და ის ემორჩილება. გონება უბრძანებს თავის თავს და წინააღმდეგობას აწყდება.
თუ საქმე შიშშია, გახსოვდეს: შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, სრული დავიწყება რომ მოაქვს. შენ მას დაანებებ, ირინე, გაედინოს შენზე და შენში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მიაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დარჩები მხოლოდ შენ.
თუ საქმე ტკივილშია, გახსოვდეს: ადამიანს თავისი სხეულის ყველა ნერვის მართვა შეუძლია.
თუ საქმე წინასწარმეტყველებაშია, ნუ ეცდები გამოიცნო ის. იცხოვრე მასში. და როცა ასე დიდხანს ცხოვრობ წინასწარმეტყველებაში, ისიც გახსოვდეს, რომ გაცხადების წამი შემძვრელია.
თუ რამე გადაგარჩენს, ირინე, ეს მოხერხების ჟინია. რადგან ნებისმიერ გზას, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად გაჰყვები ბოლომდე, ასეთივე სიზუსტით მიჰყავხარ… არსად.
მხოლოდ გამბედაობის შარავნდედით, მხოლოდ უშიშრობით…
და ირონიით… რადგან, საკუთარი სიდიადის განცდა წარმავალია. ის არასოდეს არ არის მუდმივი. ნაწილობრივ, ეს გრძნობა დამოკიდებულია ადამიანთა მოდგმის წარმოსახვაზე, რომლითაც მითები იქმნება. ადამიანი, რომელსაც საკუთარი დიდების განცდა აქვს, უნდა შეიგრძნობდეს მითს, რომელშიც იმყოფება; უნდა ირეკლავდეს მას, რაც მასზე არის მისხივებული, პროეცირებული. და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ირონიის ძლიერი გრძნობა. ეს დაიცავს მას და არ მისცემს საშუალებას, სჯეროდეს, რომ მისი პრეტენზიები ყოველთვის მართებულია. ირონიაა ერთადერთი რამ, რაც მას თავის თავში მოძრავს ამყოფებს. ამ თვისების გარეშე შენს სიდიადეს შემთხვევითი განცდაც კი დაანგრევს.
სულ იქონიე საღი თვალი, ირინე, რადგან საუკეთესოდ გონიერი ისაა, ვინც საღი თვალით უყურებს თავის გამოთვლებში შეცდომის დაშვების შესაძლებლობას. გააცნობიერე საკუთარი მოკვდავობა. გაწვრთენი საკუთარი თავი, რადგან მხოლოდ წვრთნის წყალობით შეგიძლია ცვლილებები გააცნობიერო. სხვა შემთხვევაში ქვეცნობიერში დარჩება და მისგან ატეხილი ღელვაც შეუმჩნეველი დარჩება. იცოდე, გაწმენდილი გონება გადაწყვეტილებას იღებს უცნობი შემადგენლების პირობებში, მიზეზისა და შედეგის გარეშე. და თუ შენს გზაზე სიტყვებს დაეყრდნობი, გახსოვდეს, რომ სიტყვები უხეში და მოუქნელი მექანიზმებია, პრიმიტიული და ორაზროვანი. გახსოვდეს, რომ წინასწარმეტყველების თუნდაც ერთ ბუნდოვან განმარტებას, ან მისი აღწერისას ერთის ნაცვლად სხვა სიტყვის გამოყენებას მომავლის მთელი ასპექტის შეცვლა შეუძლია.
როცა შეჩერების შესაძლებლობა გექნება, შეჩერდი, დაისვენე. და ისევ, შედექი შენი მე-ცნობიერის კიდეზე, იფიქრე, რა გრძნობა გაკლია, რომ არ შეგიძლია დაინახო და ისმინო გარშემო არსებული სხვა სამყარო? რა გაკრავს გარს, რასაც ვერ…?
გახსოვდეს, შენ სხვანაირი ჭვრეტა გაქვს. შენი თვალი სხვა სანახებს წვდება – შესაძლო გზებს. რადგან… იყო დღე, როცა ხორცმა ფორმა შეიძინა და იქნება დღე, როცა თავად დღე შეიძენს ფორმას. და თუ მხოლოდ თვალების ხედვას ეყრდნობი, სხვა გრძნობები გიჩლუნგდება. ყოველთვის ჩაიხედე სიღრმეში, ირინე, შენი უცნაურობის მიზეზი გაიგე, გულის გამალებული ბრაგუნი დაიწყნარე, გაითავისუფლე გონება, აქციე ის სუფთა დაფად, რომელზეც ბოლო რამდენიმე წუთს შენ თავს თვითონ გამოწერ.
და თუ გინდა, რომ არ შეგიცნონ, იფიქრე რა გეჯავრება? რადგან ჭეშმარიტად ამით იცნობი.
ბუნების წესია ყველაფერი ჩასვას თავის სისტემაში, შეავსოს სიცარიელე. და თუ შეძლებ შენ გახდე სიცარიელე, თუ შეძლებ დაივიწყო, რომ ყველაზე მუდმივი პრინციპები შემთხვევითობა და შეცდომაა, მაშინ სამყარო, ის სხვა სამყარო შეავსებს შენს სიცარიელეს. და განზრახვით, მხოლოდ განზრახვით, რომელსაც არა წარმოდგენის თვალი, არამედ სხვა გრძნობა სჭირდება, რომლითაც შეგიძლია დაინახო და ისმინო გარშემო არსებული სხვა სამყარო. და ყოველთვის მზად იყავი დააფასო ის, რაც გზაზე შემოგეყრება.
რაც შეეხება დროს…
აწმყოს მთლიანად აღქმისას იგრძენი დროის მოძრაობის მასტიური სტაბილურობა, რომელსაც ყოველი მხრიდან ერევა ცვალებადი ნაკადები, ტალღები, მოქცევები და მიქცევები, კლდეზე ზვირთცემის მსგავსი. დროის სურათი ფართოა, მაგრამ მასში გავლისას დრო ვიწრო კარად იქცევა. შენ შეგიძლია რომელიღაც წამს დროის საზღვარი გადალახო და უცნობ ტერიტორიაზე გახვიდე. რადგან… ერთია დაინახო წარსული, აწმყოდ რომ იქცევა, მაგრამ წინასწარჭვრეტის ნამდვილი გამოცდა მომავალში წარსულის დანახვაა. იგრძენი, რომ თავად ცნობიერი მტვრის ნამცეცი ხარ, ნებისმიერ ელემენტარულ ნაწილაკზე უფრო მცირე, თუმც მოძრაობა და გარემოს აღქმა შეგიძლია. და შედი საერთო ცნობიერებაში. იყუჩე და მიიღე! თუ „აქ“ და „ახლას“ არსი შეიცვლება. მომავალიც შეიცვლება.
გახსოვდეს, ირინე, სამყარო ჯერ ბოლომდე ქმნილი არ არის. ისიც გახსოვდეს, რომ ყველა მორალური სისტემის საფუძველი ჭეშმარიტების პატივისცემაა. ეს ძალიან ღრმა აზრია, თუ გესმის, რამდენად ცვალებადი შეიძლება იყოს „ჭეშმარიტება“. გესმოდეს სიკეთის და ბოროტების ფარული ერთიანობა. და ნურაფერს იტყვი, თუ ძირისძირობამდე არ გიჩხრეკია ბოროტების და სიკეთის სიღრმეები. რადგან, ზოგჯერ სიკეთე ბოროტების დასაწყისია.
და თუ აირჩევ ცხად, უსაფრთხო გზას, ის ყოველთვის დაბლა, უძრაობაში ეშვება.
იცოდე, ადამიანს ღრმა ქვეცნობიერში უდევს ყოვლისმომცველი მოთხოვნილება ლოგიკური სამყაროსი, რომელიც გასაგებია მისთვის. მაგრამ ნამდვილი სამყარო ყოველთვის ერთი ნაბიჯით სცდება ლოგიკას. და ჭეშმარიტება ზედმეტი ჩხრეკით ზიანდება. შენ კი ნუ დათრგუნავ ნიჭს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავზარს გცემს. შენ გაქვს დაუმარცხებელი ძალა – ეს უსაშველო, მიამიტური ღირსების განცდაა. თუმცა, შენი ნიჭი უეჭველ, უცვლელ პასუხებს არ მოგცემს.
და ესეც რამდენიმე პასუხი ჩემგან:
- რაიმეზე ნამდვილ კონტროლს ფლობს ის, ვისაც ამ რაიმეს განადგურება შეუძლია.
- არ მოყვე რაიმეს მიღწევის საჭიროების ხაფანგში. ამგვარად ყველაფერს მიაღწევ.
- ძალაუფლება მხოლოდ მაშინ არ შეგაწუხებს, თუ გემახსოვრება, რომ ყველაფერი წარმავალია.
- არ მოკრიბო – ესაა ჭეშმარიტი მოხვეჭა.
- ნუ აიღებ ყველა ტანჯვას შენ თავზე. თავისი გზა ყველამ თვითონ უნდა გაიაროს.
- ყველა შეზღუდვის გაუქმება ყველა საყრდენის გაუქმებასაც ნიშნავს.
- შემთხვევამ შეიძლება ყველაზე უფრო უნარიანიც კი დასცეს.
- ცოდნა ქმედების გარეშე ფუჭია.
- სულერთია, აზრი გამოითქმის თუ არა, ის მაინც რეალობაა და რეალობას ძალები ახლავს.
- არსება, რომელმაც მთელი სიცოცხლე შეალია მისი თვითობის ერთი რომელიღაც ხატების შექმნას, უმალ მოკვდება, ვიდრე ამ ხატების ანტითეზა გახდება.
- ის, რომ ჩვენ რამის წარმოდგენა არ შეგვიძლია, არ გამორიცხავს მის რეალურობას.
- დაკარგული არაფერია. ოდესმე ყველაფერი ბრუნდება, მაგრამ შეიძლება ვეღარ იცნო სახეცვლილი დაბრუნებული.
მე ჩემ თავს ხშირად ვეკითხები: ნეტავ, ადამიანებს მათივე თავისგან უნდა ვიცავდეთ? ყოველ წამს არაფრობით თამაშობენ – ფუჭი ცხოვრებით, ფუჭი სიტყვებით. და კი, საკუთარი თავის გაძლება შეიძლება ამქვეყნად უძნელესი საქმე იყოს. თუმცა… განიცადე გამოღვიძება უდროო ყოფაში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. და მიხვდები, რომ:
მთელს სამყაროში არაფერია მყარი, არაფერია გაწონასწორებული და მედეგი – არაფერი რჩება ერთ მდგომარეობაში, არამედ ყოველ დღეს, ზოგჯერ კი ყოველ საათს, ცვლილებები მოაქვს.
შენ კი მოხდი. შენ აღარ იქნები, მაგრამ შენ შეგიძლია ერთხანს მთვრალმა იცეკვო სიცოცხლისა და საკუთარი თავის სიყვარულის წინაშე, რამდენიმე უცნაურ იდეას შეავლო ხელი, მერე კი დროის იარაღს დამორჩილდე. შენ მოხდი, შენ აღარ იქნები… მაგრამ… შენ მოხდი.
დაივიწყე ყველა საიდუმლო და მიიღე, დაჰყევი სიყვარულს. სიყვარულში არაფერია იდუმალი. ის სიცოცხლისგან მოდის.
და თუ შენ ხარ მდევარი, რომელსაც არ უნდა იმის პოვნა, რასაც მისდევს, დაე გინდოდეს.
დაე, გინდოდეს ჭეშმარიტად!
მუად’ დიბ – ის, ვინც გზას მიგითითებს