სელფის ტრანსფორმაცია

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

ამ ძალიან ცნობიერ პროცესში ერთი უტყუარი ჭეშმარიტება არსებობს: მარადიულია მხოლოდ ცვლილება. ჩემი გაგებით, სელფის ტრანსფორმაციაც ამას ნიშნავს, აცნობიერებდე, რომ ცვლილებები გარდაუვალია და საკუთარი თავი გახადო ამ პროცესის შემქმნელად. კი არ დაელოდო, როდის დაგმართებს გარემო იძულებით ცვლილებას, არამედ თავად დააინიცირო და მართო პროცესი. არადა, ცვლილებები თითქოს მტკივნეულია. განსაკუთრებით, დიდი ცვლილებები და განსაკუთრებით, დიდხნიანი პაუზის შემდეგ. შემჩნეული მაქვს, რომ პატარა დოზებით ცვლილებებს ისეთი შემაშფოთებელი ემოციები არ ახლავს თან. ამიტომ, სელფის ტრანსფორმაციის პროცესში, ჩემი თავისთვის ვიპოვე ასეთი მიდგომა: პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

სელფის ტრანსფორმაცია, როგორც ვთქვი, ცნობიერი პროცესია და ის მოითხოვს საკუთარი იდენტობის, ფასეულობების, რწმენების და ქცევის პატერნების კარგად გადააზრებას. პირველ სიგნალად ჩნდება გაცნობიერება, რომ ცვლილება საჭიროა და ამას მოჰყვება ერთგვარი აღიარება, ხმამაღალი დეკლარირება. ძალიან ხშირად ეს ნეგატიურ ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც იწვევს რაიმე ცხოვრებისეული მოვლენა, საიდანმე გაქცევის სურვილი (ეს შეიძლება იყოს როგორც ურთიერთობები, ასევე პროფესიული გარემო). მე ამას ერთგვარ ჩამრთველს ვეძახი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი სამოქმედო ბიძგის მიცემა ადამიანისთვის. და თუკი ამ სიგნალს სათანადოდ მოვუსმენთ, ჩნდება მოტივაცია, რომელიც გვეხმარება წინააღმდეგობების გადალახვაში, ჩნდება სურვილი, რომელიც გვახედებს მომავალში და ჩნდება ერთგვარი ხედვა იმისა, თუ რისთვის გვინდა იყოს ჩვენი ცვლილება, ცხოვრების რომელ ასპექტში და რა შედეგების მომტანი.

მერე მოდის ცოდნის ეტაპი. ეს ის საინტერესო ნაწილია, სადაც ახალ უნარებს და კომპეტენციებს ვიძენთ, ახლებურად ვიწყებთ ფიქრს და ახალი ქცევებიც ჩნდება. თვითრეფლექსია აქ საკვანძოა. აქტიური სააზროვნო პროცესის გარეშე დასწავლა არ ხდება. ჩემთვის ეს არის ერთგვარი შეთანხმების მიღწევა საკუთარ თავთან, რომელსაც შემდეგ მოსდევს კეთების პროცესი. ცოდნის პრაქტიკაში გადატანის გარეშე ცვლილებები არ მოდის. ხშირად, ყველაზე მეტად ეს ეტაპი ჭიანურდება, რადგან გვგონია, რომ თეორიულად ვიცით როგორ გავაკეთოთ რაღაც სხვანაირად. დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ დილას ავდგებით ლოგინიდან და რა წამსაც მოგვინდება, იმავე წამს გამოვავლენთ შეცვლილ ქცევას, გავხდებით სხვანაირები, ვიმოქმედებთ სხვანაირად, თუმცა, ეს ასე არ ხდება. ცვლილებების პროცესში ყველაზე დიდი ძალისხმევა და ენერგია მოდის სწორედ კეთების ეტაპზე. ალბათ ამიტომაც არის Just do it ყველაზე გენიალური რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს დამართო. აქვე ერთგვარ ლირიკულ ან ფილოსოფიურ გადახვევას გავაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, სელფის ტრანსფორმაცია აზროვნების რომელ პრიზმაში ხდება, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის შესახებ რა რწმენებს ატარებ: ადამიანი ღმერთის შექმნილია, შემთხვევითობის შედეგია, ევოლუციის პროდუქტია თუ კოსმოსის ნაწილია, სიმულაციურ რეალობაში ავატარია თუ არამიწიერი ცივილიზაციის მიერ დედამიწაზე გადმოსროლილი პროექტია – ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ეხება შექმნას, შექმნას როგორც პროცესს. სწორედ ამიტომ, Just do it, ანუ ქმედების ეტაპი არის გარდამტეხი. თუკი ჩაიდენ ქმედებას და განსხვავებულ ქმედებას, სელფის ტრანსფორმაცია შედგება. აქვე, ბოლო ეტაპი არის მიღებული ცვლილებების გამყარება, გამტკიცება, გაძლიერება – ერთგვარი ინტეგრაციის პროცესი.

და რადგანაც ჩვენ ციკლურ სამყაროში ვცხოვრობთ, ყველაფერი ისევ დაიწყება თავიდან, ოღონდ უფრო მაღალი ინტენსივობით და უფრო მასშტაბური ცვლილებებით. მე მიყვარს კომპიუტერული თამაშები და ამ პროცესის მსგავსებასაც ვხედავ თამაშის ალგორითმთან. თამაშს იწყებ კონკრეტული მოცემულობებით მარტივ ლეველზე. დაამარცხებ დემონს, მოიპოვებ დამატებით იარაღებს, შეიძენ დამატებით უნარებს და გადადიხარ შემდეგ, ცოტათი უფრო რთულ ლეველზე. იქ დემონიც უფრო ძლიერია, გარემოც უფრო რთულია და მოსაპოვებელი ჯილდოებიც უფრო მიმზიდველი.

რას მკარნახობს ჩემი გამოცდილება:

  • მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მტკივნეულია და, როგორც ვახსენე, ხშირ შემთხვევაში პროცესის ჩამრთველად ნეგატიური მოვლენა გვევლინება, არ არის აუცილებელი სელფის ტრანსფორმაცია იყოს დრამატული ან იგივე ნეგატიური ემოციების ფონზე. ჩემი პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, რომ ხშირად აღმოვჩნდე ადამიანების გვერდით იმ მომენტში, როდესაც ცვლილებების პირველ, გაცნობიერების ეტაპს გადიან. ვაკვირდები ადამიანები როგორ დრამატულად განიცდიან, რომ „რაღაც აღარ იქნება ისევ ისე“, „მე შევიცვლები“, „სიტუაცია შეიცვლება“. მე კი ხშირად მითქვამს, „გილოცავ, შენ წინ ცვლილებები გელის“. 
  • როდესაც ცვლილებების პროცესში შევედი ნდობით საკუთარი თავის მიმართ და ნდობით პროცესის მიმართ, ეს ტრანსფორმაცია იყო ყველაზე დიდი შედეგების მომტანი. და მეორე მხრივ, როდესაც მქონდა შფოთი, ღელვა და ერთგვარი უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ, ამან დააზიანა პროცესიც. შედეგად კი მივიღე ვერც ვერაფერი. ამიტომ, აქ ვიტყოდი ასე, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ 🙂
  • სულსწრაფი ადამიანებისთვის სელფის ტრანსფორმაციის პროცესი ათმაგად რთულია. მე ყველაფერი მეჩქარება, ყველაფერი მინდა ძალიან მალე, მეწურება მოთმინება და მერე მეწყება იმედგაცრუება, რომ ასე ერთი გაელვებით ვერ მივიღე ის დიდი შედეგი, რაც გონების თვალით დანახული მქონდა. აქ ორი რამ დამეხმარა: პირველი – პატარა ნაბიჯების ხელოვნება და მეორე – ხე, რომელიც დავრგე, რომელსაც წყალს ვუსხამ, ვუვლი და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მის ფოთლებზე ყოველდღიური ლუპით დახედვის გამო, ნაყოფს ეგრევე არ გამოისხამს. სელფის ტრანსფორმაცია არის დროში გაწერილი პროცესი, რომელსაც სჭირდება დროითი ჩარჩოს რეალისტური გადააზრება, მშვიდი ცურვა და წყლის დასხმით მიღებული სიამოვნება.
  • „მე ვარ პროცესში და ეს პროცესი არის ამ მომენტში“… ამის გადააზრებამ მიმიყვანა სწორედ ახლა ყოფნის და ახლა კეთების გადააზრებამდე.
  • ვფიქრობ, იუმორი (და განსაკუთრებით თვითიუმორი) ბრწყინვალე ინსტრუმენტია ადამიანის ხელში.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე