
ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, ბევრ ემოციას, ფიქრს და ამბავს რომ გადაზელს ერთმანეთში. ზოგჯერ მგონია, ფილმში ვართ, სადაც ყველა ჟანრი ერთადაა თავმოყრილი, ემოციებსაც შესაბამისს აჩენს – ხან ვიცინით, ხან ვტირით, ხან სასოწარკვეთაში ვართ, ხან გაუგებრობაში, ხან სევდაა და ხანაც უსაზღვრო ოპტიმიზმი. ამ ემოციურ როლერკოსტერსაც გადააზრება სჭირდება, განცდა და თვითგამოხატვა. ეს უნარი კი დაბადებიდან არავის დაგვყოლია, ზოგი ადრეულ ასაკში ვსწავლობთ საკუთარი ემოციების მოვლას, ზოგი უფრო გვიან. თუმცა, ეს ნამდვილად დასწავლადი უნარია და ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება ასეთ რთულ დროს ადამიანებმა საკუთარი თავისთვის გავაკეთოთ.
არსებობს ასეთი თქმა – “სულ საინტერესო დროებაში გეცხოვროს“. ძველ ჩინურ წყევლას მიაწერენ, თუმცა არა მგონია სიმართლე იყოს. უფრო, თანამედროვე დასავლელების მოგონილია, ვფიქრობ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ავტორი, შინაარსია კარგად გასააზრებელი. რას ნიშნავს საინტერესო დროება? ქაოსი, ომი, გაურკვევლობა, პოლიტიკური აჯანყებები, კრიზისი, პანდემია… თითქოს წყევლასავით ჟღერს, ასეთ დროებაში ცხოვრებას რომ უსურვებ ადამიანს. თუმცა, მეორე მხრივ დალოცვაც შეიძლება იყოს. დროება, რომელიც სტაბილურია, მშვიდია, წინასწარგანჭვრეტადია, ინტელექტუალურ გარღვევებს ვერ შობს – ისტორია ასე ამბობს. მეორე მხრივ, დიდი ცვლილებების დროებაში ცხოვრება ისეთი უნარების დასწავლას და აზროვნების პარადიგმის ცვლილებას მოითხოვს ჩვენგან, რომელიც თან რთულია და თან შესაძლებლობებით აღსავსე. როგორ ვუპასუხებ ამ გამოწვევებს, ეს ჩემი ადამიანური გადაწყვეტილებაა.
სოციალური და პოლიტიკური აჯანყებების დროს, სტრესი, დეპრესია, გადაწვა, სასოწარკვეთა, გატეხვა როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და მორალურად, არის ის იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე იყენებს სტრატეგიულად. სწრედ ამიტომ არის თვითზრუნვა წინააღმდეგობის აქტი. რაც მალე უგულებელვყოფთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მით მალე გავტყდებით. ამ ბოლო დროს ადამიანებს ვეკითხები, რა შემთხვევაში გაჩერდები? და პასუხი არის ერთმანეთის მგავსი: თუკი მორალურად გავტყდები, თუკი დავიღლები, თუკი ემოციურად მაჯობებენ. ეს ყველაფერი ერთი სივრციდან მოდის – მენტალური, ემოციური და ფიზიკური სიჯანსაღის ერთიანობიდან. აუცილებლად ერთიანობით და არა განცალკევებით, რადგან მხოლოდ გაერთიანებით არის ადამიანი ძლიერი.
ემოციებზე ვფიქრობდი და იმ რწმენებს მივადექი, რომელიც ემოციებს შობს. ჩემი გამოცდილებით, ამ რწმენების გადააზრება ემოციების მართვის პირდაპირი გზაა. მენტალური სივრცით რომ დავიწყოთ, გაგიზიარებთ რა ფიქრებს ვაწყდები პერიოდულად ჩემს თავშიც და სხვა ადამიანების ნარატივშიც. ასევე, ჩემს გამოცდილებას, როგორ შეგვიძლია ეს ფიქრები ვმართოთ.
არაფერს აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება – ეს არის დასწავლილი უმწეობის მაგალითი. ჩნდება აპათია, ამორთულობა, გადაწვა, შეგრძნება, რომ ინდივიდუალურ ქმედებებს არ აქვს ძალა დიდი სისტემის წინააღმდეგ. აქ ჩემს თავს ასეთი პარადიგმის ცვლილება შევთავაზე: ისტორიაში ყველა მოძრაობა დაიწყო ინდივიდუალური ქმედებებით. ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები აგრძელებენ დაბრკოლებების მიუხედავად მოქმედებას.
ამაში მარტო ვარ – იზოლაციის განცდა. ეს არის შეგრძნება, რომ როგორც შენ იბრძვი, როგორც შენ იხარჯები, როგორც შენ განიცდი, სხვა ასე არ იბრძვის, არ იხარჯება, არ განიცდის. შემოდის ნდობის ნაკლებობა, გაბრაზება, ემოციური გადაწვა, განრიდება. აქ ჩემს თავს ვეუბნები: შენ ხარ დიდი მოძრაობის ნაწილი, რომელიც შედგება ადამიანებისგან. ყველა ადამიანს აქვს თავისი რესურსი და მასშტაბი და მე არ შემიძლია მოვითხოვო ყველასგან ერთნაირი ჩართულობა. ეს წამგებიანი თამაშია, რადგან სწორედ მრავალფეროვნების ჯამი ქმნის დიდ და ძლიერ მოძრაობას – სწორი ადამიანები სწორ როლში.
მე თუ ვაჩვენებ, რომ მეშინია, იმედგაცრუებული ან სევდიანი ვარ, ე.ი. ვაჩვენებ, რომ სუსტი ვარ – ტოქსიკური მედეგობა. ყოველთვის მახსოვს, რომ შიშის, ბრაზის, უიმედობის და მსგავსი ემოციების დათრგუნვა ნიშნავს მათ შენახვას, დროებით გადავადებას და რა წამსაც სხეული ვეღარ გაუძლებს, აუცილებლად იფეთქებს. ამიტომ, ჩემთვის ასეთ შემთხვევაში ძლიერი და თავდაჯერებული ქმედებაა მოვუსმინო ჩემს ამ ემოციებს და ვითხოვო შესაბამისი დახმარება, მხარდაჭერა და ზრუნვა. ანალოგიურად, მეც მზად ვიყო გავცე დახმარება, მხარდაჭერა და ზრუნვა ემოციურ თუ მენტალურ ნაწილში.
მე თუ გავჩერდები, ყველაფერი ჩამოიშლება – ესეც ტოქსიკური გმირობაა, რომელიც აჩენს შფოთს, პანიკის შეტევებს, ძალების გამოცლას და გადაღლას. ჩემი აზრით, ერთმანეთისგან უკიდურესი გმირობის მოთხოვნა პირდაპირი გზაა მალე გატეხვისკენ. ამის ნაცვლად ჩემს თავს ვეუბნები: ვიცი, რომ არ ვარ მარტო, არც გმირი ვარ. არსებობს გაზიარებული პასუხისმგებლობები და ცვლილებები მოაქვს სწორედ გაზიარებულ და ერთიან მოძრაობას.
თუ არ ვარ ინფორმირებული 24/7-ზე, არ ვარ ჩართული ან პროცესში – კონტროლის მოთხოვნილება, რომელიც ასევე ტოქსიკურია. ამ შემთხვევაში აუცილებლად მექნება გადამეტებული შფოთვა, სულ ვიქნები სქროლვის რეჟიმში და ბუნდოვანი გახდება ჩემი რეალობასთან კავშირის განცდა. ამის სანაცვლოდ მნიშვნელოვანია გავიაზრო, რომ ინფორმირებულობა ძალიან ღირებულია, თუმცა მისი უწყვეტობა გონებას ართმევს სიცხადეს. რაც მეტად გაცნობიერებულად მივიღებ ინფორმაციას, მით მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია.
არ მაქვს დასვენების/თვითზრუნვის უფლება, როდესად ადამიანები იტანჯებიან/იბრძვიან – დანაშაულის შეგრძნება, როცა გგონია, რომ საკუთარ კარგად ყოფნაზე ზრუნვა ეგოისტობას უდრის. აქ ვიტყოდი ასეთ რამეს, თუკი ნახევარი ან ერთი საათი დასვენება, ვარჯიში, ფეხით სიარული, ცეკვა, მედიტაცია თუ კიდევ სხვა თვითზრუნვის აქტი მე მეხმარება იმაში, რომ დანარჩენი 10 საათი ვიყო ენერგიული, აქტიური და ჩართული, მაშინ ასეც მოვიქცევი, რადგან დასვენება არ არის ღალატი. ეს არის ის, რაც საშუალებას მაძლევს განვაგრძო ბრძოლა. გადამწვარ გონებას არ შეუძლია სტრატეგიულად აზროვნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ამ რწმენებთან მარტო დარჩენა რთულია, თუმცა არა უიმედო. რაც უფრო მეტად საკუთარ თავში დავმალავ, მით უფრო მეტად გავამძაფრებ ჩემს მდგომაროებას. მე კიდევ ვიცი, რომ რევოლუციები, თუნდაც შინაგანი, თუნდაც გარეგანი, მარტო არ ხდება. ძალა კავშირშია, კეთილდღეობა კი კოლექტიური აქტია.
და კიდევ, ნებისმიერ მოძრაობას შედეგი მოაქვს არა მხოლოდ მოქმედებების გამო, არამედ თანმიმდევრული, უწყვეტი სოლიდარობის, მხარდაჭერის და კოლექტიური კეთილდღეობის გამო. ვფიქრობ, ევროპაც ამიტომ გვინდა. ინტუიცია იქით გვეძახის, სადაც ადამიანებმა ეს ყველაფერი გააკეთეს და გამოუვიდათ.