მონოლოგი დანიშნულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ეს მონოლოგი მე დავწერე, ვერაფრით მოვიფიქრე ამ ტექსტის წანამძღვარი. იყოს ასე…

ისე მოხდა, რომ ამ სამყაროში ყველაფერს თავისი მიმართულება აქვს. რაღაც იწყება, მთავრდება, მიმდინარეობს, ერთმანეთში გადადის-გადმოდის, ხან წრიულია, ხანაც სპირალური, ხან მაღლა ადის და ხან დაბლა ჩამოდის, ხან სწორი ხაზია, ხან წერტილი, ხანაც მძიმე – და მაინც, ამ სამყაროში მიმართულება ყველაფერს აქვს. იწყება, სრულდება. ვიწყებით, ვსრულდებით. და მაშინ რატომაც არა – გვქონდეს ადამიანებს მიმართულება. ნუ მივაჩუმებთ ამ კითხვას – რისთვის ვარ? და ახლა საით?

არ მიყვარს სიტყვა მისია. რაღაცნაირად ისე ჟღერს, თითქოს მთები უნდა მოვგლიჯო და სხვაგან გადავდგა, ან რაღაც აღმოჩენა-გარღვევა გავაკეთო, ან ვიღაც-რაღაც გადავარჩინო და ა.შ. მოკლედ, ჩემთვის სიტყვა მისია „დიადად“ ჟღერს. იმაზე დიადად, ვიდრე მე შემიძლია ვიყო ან შევეჭიდო. თუმცა, სიტყვა დანიშნულება ჩემთვის ლამაზია და შინაარსშიც მოქნილი. აბა წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილას და არ იცით რა აირჩიოთ, რა გზას დაადგეთ. ასეთი გზა ბევრი შეიძლება იყოს. ერთ დილას ერთი განწყობით იღვიძებთ და „აჰა, აი ეს არის, მოდი ამ გზას ავირჩევ“. მეორე დილას კი მეორე განწყობით და წინა დღის არჩეულ გზასაც კითხვის ნიშნებს მიუყენებთ – იქნებ ეს მეორე გზა ჯობია? და იქნებ სულაც მესამე? არადა, სამყარო დიდია. ეს გზებიც უთვალავია. სადაც გაიხედავ, ყველგან გზაა, ყველგან შეგიძლია გაიარო – გაკვალულზეც და გაუკვალავზეც. თუმცა, შენი რომელია? გული საითკენ მიგიწევს? სხეული რას გეუბნება? ფიქრები რას გიდასტურებს? და ემოციები? ის არის, რაც სხეულში გიღიტინებს? ის არის, რაშიც გინდა შენი დრო დახარჯო და შენ თავად დაიხარჯო? დიახ, სიტყვა დანიშნულებას ზუსტად ასე განვმარტავდი: რა გზის გავლაში გინდა დაიხარჯო, რას გინდა მიეძღვნა...

აბა ახლა წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილას და ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ. იცით რასაც გინდათ მიეძღვნათ და ასევე ცხოვრობთ, ასე ატარებთ დღეს, ასე აგებთ ურთიერთობებს, ასე დადიხართ, ასე სუნთქავთ და ასე გიყვართ. როგორია? არის ამავსებელი?

თუ ახლა ფიქრი ჩნდება, რომ ასე ცხოვრება რაღაცნაირ დაჩარჩოვებას ჰგავს, მქონია ასეთი ფიქრებიც და მერე გამიკეთებია პატარა მიგნება – ყველაზე დიდი თავისუფლება ხომ მაშინ მოდის, როდესაც ჩარჩოებს გააცნობიერებ, ისწავლი, შენს საზღვრებს გამოკვეთ და იმასაც ისწავლი, რომ დეტერმინისტული იყო ყველაფერი, მიზეზ-შედეგობრივი და განპირობებული იმით, რაზეც აქამდე არ გიფიქრია, არ მიგინიჭებია მნიშვნელობა, არ მიგიშუქებია, თუმცა არსებობდა სულ.

ეს ჩარჩოები სულ არის. რასაც მოუხერხებ, ეგ არის ალბათ შენი ადამიანური ძალა. და იმისათვის, რომ ეს ჩარჩოები გაიგო, უნდა გახვიდე მიღმა, უნდა იპოვო უფრო ფართო საფუძველი, ვიდრე ჩარჩოებია. რასაც იპოვი, იპოვე და გააკეთე, შედი ქმნადობაში. თავისუფლებაც ალბათ ეს არის – როცა ცნობიერება ავითარებს საკუთარ თავს მაქსიმალური სიმძლავრით (მგონი სპინოზასთან ამოვიკითხე). თავისუფლების გადააზრება რთულია. ისევე, როგორც ზოგადად ადამიანის დანიშნულების და შენი საკუთარი დანიშნულების. ზემოთ ვთქვი, წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილას და იცითმეთქი – სინამდვილეში ასე არ ხდება. არ არსებობს წერტილი, სადაც იტყვი, რომ „აი, ეს არის, მე მაქვს პასუხი და ჩემი დანიშნულება ნამდვილად, გადაწყვეტილად, უტყუარად ეს არის“. შეგრძნებები მეუბნება, რომ თუ ერთხელაც ჩემთან ასე მოხდება, აუცილებლად მივუყენებ ამას კითხვის ნიშანს – და რა არის ამაზე მეტი? რა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე …? ამას გავაკეთებ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩემთვის დანიშნულება არ არის საბოლოო მიზანი. ჩემთვის გზა თავად არის დანიშნულება. და რა წამსაც კითხვის ნიშანს არ მივუყენებ რამეს, იქვე ჩავკეტავ გზას და სწორედ მაშინ გავხდები ჩარჩოს ტყვე – იმ დანიშნულების ტყვე, რომელიც მიზანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიზნად ვაქციე.

ჩემთვის ხშირად უკითხავთ ფორმულა, ალგორითმი, პროცესი, რაღაც – როგორ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება. აქვს ამ ყველაფერს ალგორითმი – უსასრულო ცნობისმოყვარეობა, ძიება იმისა, რა გხდის შენ შენად, რა გაძლევს ძალას, რა გიბიძგებს ქმნადობისკენ, რა გიღვიძებს ემოციებს, შინაგან ხმებს – ის, რაც გავსებს, გამთლიანებს, გეუბნება, რომ „აჰა, შენ ცოცხალი ხარ, ყველა შენი უჯრედით ცოცხალი და სიყვარულში“. ჩემთვის ასეთია დანიშნულების შეგრძნება და ეს მარტივად არ მოდის, ბევრი მცდელობა სჭირდება, ბევრ ფანჯარაში გახედვა, ყველაფრის კეთება, რაც გზად გადაგეყრება. თუმცა, აუცილებლად იგრძნობ, რომ სწორ გზაზე ხარ, როცა სწორ გზაზე შედგები. აუცილებლად შეგეცვლება მზერა, სუნთქვა და ხმის ტონიც კი. აუცილებლად დაიწყებ მოსმენას შიგნით, შეამჩნევ თითოეულ ძვრას, ყველაზე პატარასაც და მერე მოგინდება ეს ყველაფერი გარეთ გამოიტანო, ასე იცხოვრო, ასე ისუნთქო, ასე იარო, ასე გიყვარდეს და რაღაცისკენ გაუშვა ეს ყველაფერი. აუცილებლად გაგიჩნდება ენერგია, რომელიც გაგატარებს სწავლის გზაზე, შეგაყვარებს თვითდისციპლინას, ყველაზე მომაბეზრებელი ამოცანების კეთებას, წვრთნას, დახელოვნებას, შეგაყვარებს რაღაცაზე ჩაკირკიტებას და ამით მოგიტანს შემოქმედებით თავისუფლებას იმისათვის, რომ რაღაცისკენ გაუშვა ეს ენერგია. და საითაც გინდა გაუშვი...

ეს არის პროცესი.

და თუკი იგრძნობ, რომ შენი გზა არის დანიშნულების გარეშე ყოფნა

ან

დანიშნულების ძიების განზრახვის გარეშე შესვლა პროცესში, ესეც გზა არის, რომელიც თავად არის დანიშნულება.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე