თითქოს მინდოდა დამეწერა დამკვირვებლის ეფექტზე, როგორც ამას კვანტური ფიზიკის სხვადასხვა ექსპერიმენტები აღწერს, ვიგნერის მეგობრის პარადოქსზე, ცოტა რამ ობიექტური რეალობის შესახებაც. თუმცა, ვუყურებ ცარიელ ფურცელს და მახსენდება, როგორი ცარიელი გამოვედი ბევრ საათიანი მდუმარე მედიტაციის პრაქტიკიდან გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს. დღეების მანძილზე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი სუნთქვას. დღესაც ძალიან ცარიელი გამოვედი 5 რიტმის 10+ საათიანი ვორქშოპიდან. გადაბმულად რამდენიმე საათი, ჩემი სხეული სხვადასხვა რიტმის ქვეშ მოძრაობდა ასევე ჩუმად, უმიზნოდ და უბრალოდ ვაკვირდებოდი რა ხდებოდა შიგნით. სიცარიელე ამ ორივე შემთხვევაში კარგი გაგებისაა. ეს ნამდვილად არის არაფრის მდგომარეობა – როცა სხეულშიც არაფერია, გონებაშიც, წარსულშიც, მომავალშიც. საითაც გაიხედავ, ყველგან ყველაფერი დაცლილია სიტყვებისგან, აზრებისგან, შეფასებებისგან და შენ უბრალოდ ხარ. წინა კვირას ასეთი წინადადებაც ვუთხარი მეგობარს, მე მხოლოდ ვარ „ვარ“-ის პროცესში, სულ ეს არის.
თითქოს ამაზე დიდად ლაპარაკს ვერ ვახერხებ, რადგან ყველაზე მეტად მიჭირს რაიმე სიტყვებით აღვწერო ეს პროცესი – ის, რაც ჩუმად დამზერას მოაქვს. თუმცა, გადავწყვიტე მაინც ვცადო. ვაცნობიერებ, რომ ეს აღწერა იქნება ცალმხრივი და ალბათ აჩვენებს მხოლოდ ერთ ფოკუსს. პროცესი კი მრავალმხრივი და მრავალსახიანია. მეტაფორული შედარება რომ მოვიყვანო, თითქოს შედიხარ ას სართულიან შენობაში, რომელსაც უამრავი ფანჯარა აქვს. ყველა ფანჯრიდან სხვადასხვა ხედი იშლება, სამყაროს სხვადასხვა სურათი ჩანს. შენ კი ერთ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შეგიძლია გახედვა. რასაც დაინახავ, ის აუცილებლად იქნება სიმართლე, ოღონდ არა მთლიანი სურათი, არამედ ფრაგმენტი. თუკი ყველა ფანჯრიდან ერთდროულად გაიხედავ, მხოლოდ მაშინ დაინახავ მთლიან სურათს. მეც ვაცნობიერებ, რომ ვერანაირად ვერ აღვწერ მთლიან სურათს. და ამიტომ, იყოს მხოლოდ ფრაგმენტი.
უკვე დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდით და პერიოდულობით ვაპრაქტიკებ ჩუმად დამზერის ხელოვნებას. თავიდან ვაკვირდებოდი ყველაფერს გარეთ. ვიჯექი პარკებში, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში და უბრალოდ ვაკვირდებოდი გარემოს, საგნებს, ადამიანებს, მათ ქცევებს, ემოციებს, დინამიკას, ხმაურს, რიტმს, პულსაციას, შეგრძნებებს და ა.შ. ასეთი შეგრძნებაა, შენ არ ხარ რაიმეს თანამონაწილე, შენ ხარ უბრალოდ დამკვირვებელი. შენ არ მოქმედებ, შენ აკვირდები. შენი მიზანი არ არის რაიმე დასკვნა გამოიტანო ან რაიმე ემოცია გაგიჩნდეს. უბრალოდ აკეთებ ფაქტების აღწერას, ზოგჯერ ფოკუსირებულად დეტალებზე, ზოგჯერ მთლიანობაში. ჩემი გამოცდილებით, ეს პროცესი ძალიან ამახვილებს სმენას, თვალს და ყურს. რა თქმა უნდა, თავიდან ვცდილობდი ანალიზს, მქონდა ჩართული განსჯაც და შეფასებაც. ძალიან ძნელია ეს პროცესი დაწრიტო ამ ყველაფრისგან. მეგონა, რომ ამას უნდა მოეტანა კონკრეტული შედეგი და ის შედეგი იქნებოდა მნიშვნელოვანი. ეს არ აღმოჩნდა ასე. ჩემი აზრით, იყო დამკვირვებელი ნიშნავს უბრალოდ აღწერო ფაქტები. და იმისათვის, რომ უბრალოდ აღწერო ფაქტები, ეს ყველაფერი უნდა გაატარო შენში, ანალიზის და შეფასების გარეშე, უბრალოდ უნდა მისცე სამყაროს ნება გაიაროს შენში ყველა იმ მოვლენით, ხმაურით, რიტმით, ფაქტებით, ადამიანებით და ემოციებით, რასაც იმ წუთას აკვირდები.
მერე დაკვირვების თვალმა გადმოინაცვლა შიგნით. „მერე“ უფრო მეტად უტრირებული ნათქვამია, რადგან შერეული პროცესია. ცალკე გამოყოფი ხაზი ნამდვილად არ აქვს. თუმცა, როდესაც უფრო მეტად მზერა გადმოვიტანე შიგნით, გარე დამკვირვებლებმა იკლო. ალბათ ეს ბუნებრივია.
პროცესი ბევრნაირია, აკვირდები სუნთქვას, აკვირდები შეგრძნებას, აკვირდები მოქმედებას, აკვირდები საკუთარ თავს მთლიანობაში… არიან ადამიანები და არის მთელი რიგი სხვადასხვა სწავლებები, რომელიც ამბობს, როგორ შეიძლება გააკეთო ეს სწორად. მე ასეთი მიდგომა ავირჩიე: მოსინჯე ყველაფერი და რომელიც იმუშავეს, ის ყოფილა სწორი. აქვე არსებობს რამდენიმე „წესი“, რომელიც ჩემს თავს დავუწესე:
დაკვირვება მოლოდინის გარეშე – ამ პროცესიდან არაფერს ველოდები. არც წინასწარ განზრახული შედეგი მაქვს, რომ იმ კონკრეტულ წერტილამდე უნდა მივიდე. მაქვს მხოლოდ ერთადერთი განზრახვა – ვიყო დამკვირვებლის პროცესში. რასაც მოიტანს, მოიტანოს.
დაკვირვება შეფასების გარეშე – რასაც არ უნდა ვაკვირდებოდე, შიგნით თუ გარეთ, არ ვაკეთებ ანალიზს და არც შეფასებას. და თუ მინდა მთლიანობა დავინახო, ვაკეთებ უბრალოდ ფრაგმენტების შეერთებას.
აქ ცოტას გადავუხვევ. ზოგადად მგონია, რომ განკურნება ანალიზით შეიძლება დაიწყოს, მაგრამ განკურნება ანალიზით არ ხდება. განკურნება ნიშნავს გამთლიანებას და მას გამოცდილებაში შესვლა სჭირდება, რაც უფრო მეტად ქმედებაა, ვიდრე ანალიზი. შეიძლება ითქვას, რომ ანალიზიც ქმედებაა. კი, შეიძლება, გააჩნია ვინ რას ვგულისხმობთ სიტყვაში ქმედება. აქვე ხაზგასმით: ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, სუბიექტური გამოცდილება, შეიძლება ჩემი ჩარჩოა, ჩემეული რეცეპტი საკუთარი თავისთვის და არ ნიშნავს, რომ თქვენთვის სიმართლეა.
რაც შეეხება ჩემს სიმართლეს, ჩუმად დამზერის პროცესში ასეთი სიმართლე ვიპოვე: საკმარისია მზერა მიმართო რამე კონკრეტულისკენ, ეს რამე კონკრეტული იწყებს მოძრაობას, თუნდაც მანამ უძრავ მდგომარეობაში ყოფილიყო. დაკვირვება ააქტიურებს სამყაროს კონკრეტულ ფრაგმენტს და ასე ფრაგმენტ-ფრაგმენტ ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ და გავააქტიუროთ მთლიანი სურათი. ჩუმად დამზერის ხელოვნების მთავარი ამბავიც ის არის, რომ ნამდვილად შესაძლებელია ყველა ფანჯრიდან ერთდროულად გახედვა.