მე და შენ

ჯერ ვიტყვი იმას, რომ სიტყვა მთლიანობას ძალიან ვერიდები. არც ის მინდოდა პოეტური ჩანახატი გამოსულიყო. ვერ ავიცილე ვერცერთი.

The creation of Adam by Michelangelo

მხოლოდ ჩემი მთლიანობიდან შემიძლია ვთქვა – მე და შენ. სხვანაირად ვერ. სხვანაირად ეს უბრალოდ სიტყვები იქნება, მიბაძვის მცდელობა, გაკონტროლებული პროცესი და არა თავისუფალი ვარდნა. ახლა ასეთ ეტაპზე ვარ, საკუთარ თავს ვაკვირდები ურთიერთობაში, ოღონდ არ ვგულისხმობ რომანტიულ ურთიერთობას. საკუთარ თავს ვაკვირდები ურთიერთობაში ყველასთან და ყველაფერთან. აი მაგალითად, მე და მიკროფონი, რომელიც დგას ურყევად. ასე მგონია, ძალიან ბევრს ელის ჩემგან და მაშინებს. კი, ვიტყვი – მე მიკროფონის მეშინია. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ხმა გაგებული იქნება და ეს ძალიან საშიში რამეა :)))

ჰო, ვაკვირდები ურთიერთობებს. ვფიქრობ, აღარ არსებობს მხოლოდ მე. ყველაფერი გახდა მე და შენ ან მე და ის. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა წავაწყდი მარტინ ბუბერის გენიალურ ქმნილებას I and Thou. ჩემი დღევანდელი ინსპირაციაც ეს არის. მინდა მქონდეს მცდელობა წავიკითხო ეს ტექსტი არა კლასიკურად ფილოსოფიურად, როგორც კითხულობენ ხოლმე, არამედ ისე, ჩემებურად – რაც რეზონირებს ახლა ჩემში.

წინა კვირას 5 რიტმის ვორქშოპზე ვიყავი. და ყველა ცეკვა, რაც ვიცეკვე, იყო მე და შენ. ზოგი ქალთან, ზოგი კაცთან, ზოგი ერთთან, ზოგი ყველასთან, ზოგი სივრცესთან, ზოგი იატაკთან, ზოგი ფანჯარასთან. ყველა ინტერაქციას თავისი შინაარსი, განცდა და სიღრმე ჰქონდა. და იყო ერთი ცეკვა, რომელმაც ყველანარი შფოთვა გამიქრო. არადა, მე სულ შფოთიანი ვარ, სულ ხმამაღალი, სულ სადღაც მეჩქარება, სულ გული მიბაგუნებს. სულ იყო მე და იშვიათად შენ. ჰოდა, ამ ცეკვის მერე ვარ მშვიდი და უშფოთველი, თითქოს ჩემს ნამდვილ სხეულში დამაბრუნეს, რომელიც ახლა ის სიმართლეა, რაც მაქვს. თუმცა, რომლიდანაც სულ გავრბოდი იმიტომ, რომ მიჭერდა, მაწუხებდა, მეზედმეტებოდა, მახრჩობდა. ჰოდა, სხეულში დავბრუნდი და ამ ცეკვაში მეორე ადამიანს უბრალოდ შევხვდი.

ბუბერი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება არ არის მხოლოდ მიზნისკენ მიმართული ზმნები, არ არის მხოლოდ ობიექტისკენ მიმართული აქტივობები. კი, ასეთიც არის და ასეთ სამყაროში ყველაფერი რაღაცისთვისაა, გაკონტროლებულია, გაგებულია და ახსნილია.

არსებობს ყოფნის უფრო ღრმა გაგება – ეს არის მე და შენ. ნადვილი ყოფნის, ურთიერთობების სივრცე – არა ადამიანს და ნივთებს შორის, არამედ ადამიანის და ადამიანის. ასეთ სივრცეში მე რაღაცას ვამჩნევ, ვაცნობიერებ, ვგრძნობ, განვიცდი, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, მიჩნდება სურვილები. ასეთ სივრცეში მე და შენ არ ვაკეთებთ ანალიზს, დაკვირვებას, შეფასებას და კიდევ ათას რამეს. ასეთ სივრცეში ჩვენ მოულოდნელად შევხვდებით ერთმანეთს და ამით ჩვენ ვხვდებით სამყაროს – არა როგორც საგნების კოლექციას, არამედ როგორც რაღაც ცოცხალს, იმწუთიერს, ურთიერთდაკავშირებულს, ღრმას.

ყველა საგანს აქვს ზღვარი. ყველაფერი განსაზღვრულია. მე და შენ – უსაზღვროა.

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ადამიანი განიცდის სამყაროს. თუმცა, რას ნიშნავს სამყაროს განცდა? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმოძრაობთ საგნების ზედაპირზე, ვეხებით, ვხედავთ, ვაგემოვნებთ, ვფიქრობთ და ვგრძნობთ – ყველაფერ ამისგან ვიღებთ რაღაცას: ცოდნას, შთაბეჭდილებებს, მონაცემებს; ვამბობთ: ეს ვისწავლე, ეს გამოვცადე. თუმცა, რასაც სინამდვილეში ვიღებთ, ეს არის სამყაროს უბრალოდ ვერსია. ვერსია, რომელიც შედგება ნივთებისგან, საგნებისგან, რაღაცისგან და რაღაცისგან. მისგანაც – ადამიანისგან, ის ქალი თუ ის კაცი – ოღონდ არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც კატეგორია, როგორც როლი, ჩვენგან დაშორებული და სეპარირებული არსებობა.

ესეთი გამოცდილება რუკასავითაა – გვაძლევს მონახაზს, მაგრამ არა საცხოვრებელ ტერიტორიას. როცა ვამბობ, რაღაც განვიცადე, მაინც ვტოვებ სივრცეს ჩემსა და სამყაროს შორის. მე ვარ სუბიექტი, სამყარო არის ობიექტი და არ არის ნამდვილი შეხვედრა. მაშინ ჩნდება კითხვა – რას მოაქვს სამყარო ნამდვილად ჩვენამდე?

არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ შეხვედრას. იცით როგორ შეხვედრას? როცა ის, რასაც ან ვისაც ვხვდები, არ არის მხოლოდ კატეგორია, არამედ არის მე და შენ, როგორც ყოფნა. ასეთ შეხვედრაში არ არის განცალკევებულობა, გამოყენების სურვილი ან რაიმე სცენარი, არ არის არც კონტროლი. არამედ, მხოლოდ ყოფნა და მხოლოდ ურთიერთობა. მე ვენდობი ჩემს თავს, გენდობი შენ და ვენდობი სამყაროს.

ბუბერის ფრაზაა – დასაწყისში არის ურთიერთობა.

ჩვენი ცხოვრება არ არის მხოლოდ გამოცდილებების კოლექცია – ჩვენ ვცოცხლდებით, როცა ვხვდებით ერთმანეთს. ეს არის მომენტები, როდესაც ზღვარი საკუთარ თავსა და სამყაროს შორის ქრება და რაღაც რეალური, ნამდვილი ზიარდება.

ის, ვინც გამოსცდის სამყაროს, არ არის მისი მონაწილე. გამოცდილება არის ჩვენში – რაღაც, რაც გვაქვს ან რაც დაგვემართა. ასეთ გამოცდილებაში თითქოს სამყარო რჩება ხელშეუხებელი, პასიური, ჩუმი, დისტანცირებული. ის გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვცადოთ, თუმცა არ შემოგვხვდება, არ ერთვება პროცესში. არაფერი იცვლება არც მასში და არც ჩვენში. ეს დამკვირვებლის ცხოვრებაა და არა მონაწილის. ნამდვილი კავშირი, ნამდვილი ურთიერთობა იწყება მონაწილეობით, არა გამოცდილების მიღებით, არამედ მასში მონაწილეობით. მე ვმონაწილეობ სიცოცხლეში, სამყაროში, არსებულში. მე მას ვხვდები და ის მე მხვდება. აქ ვიცვლები მე, აქ იცვლები შენ და იცვლება სამყარო.

სამი რამ არის, რაშიც ეს შეხვედრა ცოცხლდება. პირველი – ბუნებასთან. აქ კონტაქტი ჩუმია, ვგრძნობთ, მაგრამ არ ვლაპარაკობთ. ხე, ცხოველი, მთა, ზღვა – ეს ყველაფერი არის ჩვენს წინ და მოაქვს რაღაც ღრმა, რაღაც ანტიკური. მაგრამ ბუნება ვერ კვეთს ენის საზღვარს. და მაინც, როცა ამ ყველაფერს ვუყურებთ, ვეხებით, ვგრძნობთ, რაღაც ჩვენში ამბობს – შენ. თუნდაც ამას არ მოჰყვებოდეს სიტყვები.

მეორე – სხვა ადამიანები. აქ ურთიერთობა ხდება ხილვადი და შემოდის ენა, ლაპარაკი, მოსმენა, ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში, ვეხებით, გავცემთ და ვიღებთ. აქ ცოცხლობს დიალოგი, სიყვარული, კონფლიქტი და კომუნიკაცია.

მესამე – სული. რაღაც ღვთიური, უსასრულო და უცნობი. აქ შენ გახვეულია საიდუმლოებაში. აქ არ არის ენა, სიტყვები, მაგრამ ვგრძნობთ და ვპასუხობთ, არა სიტყვებით, არამედ ჩვენი სიცოცხლით, ჩვენი შემოქმედებით, ფიქრებით, ყოფნით ვპასუხობთ.

მაგრამ ჩნდება კითხვა:
როგორ შეიძლება ურთიერთობა იმასთან, რაც ენის მიღმაა?

პასუხი, რომელსაც ბუბერი გვთავაზობს, ფაქიზი და ლამაზია:
ყველა ურთიერთობაში – ბუნებასთან, ადამიანებთან, სულთან – ჩვენ ვეხებით მარადიულ შენს.
ვხედავთ მის ელვარებას, სუნთქვას, ციმციმს – და ყოველი ნამდვილი შენის თქმისას, ჩვენ, სინამდვილეში, მას ვესაუბრებით – მარადიულ შენს. იმას, რაც წმინდაა და ცოცხალია ყველაფერში.

ძალიან პოეტურია არა? :)))

იყოს, როგორც არის.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე