ცოტა ქაოტური ჩანაწერი

ვიცი, რომ არეულად დავწერე. ვიცი, რომ ბოლომდე ვერ ვახერხებ იმის გადმოტანას ფურცელზე, რაც შიგნით მიტრიალებს. ვიცი, რომ ქაოსში ვარ. არაუშავს. ასე ვსწავლობ გარედან შევხედო ჩემს ქაოსს.

როცა ფიქრობ, რომ ვეღარაფერს აკონტროლებ, რადგან ამ შეშლილ დროებაში ვეღარავინ ვეღარაფერს აკონტროლებს გარდა ოლიგარქებისა, დიქტატორებისა და არაადეკვატური მილიონერებისა, რა უნდა ქნა? ამ კოლექტიურ ქაოსს, ჩემი აზრით, ღრმა სულიერი ძიებები ძალიან უხდება. თქვენი არ ვიცი და მე ვამჩნევ ტენდენციებს ჩემს ირგვლივ ადამიანებში, საკუთარ თავშიც, რომ ვიპოვოთ რაღაც ახალი არსებული რწმენების, ფასეულობების სისტემის თუ სოციალური სტრუქტურების მიღმა. ჯერ არ ვიცი, რას ვიპოვი, თუმცა იმას ვგრძნობ, რომ რაღაც გარანტიების მსგავსი მინდა ჩემივე სიმშვიდისთვის, ალბათ. წინასწარ მინდა ვიცოდე, რომ რასაც ვიპოვი, ის კეთილდღეობას მომიტანს. მატერიალურზე უფრო მეტად, ემოციური უსაფრთხოება მინდა ვიგრძნო. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი ეს საჭიროება ჩემივე კონტროლის მოთხოვნილებიდან მოდის და კარგი არაფერი მოაქვს, გარდა უძილობისა და შფოთვისა. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩემი საყვარელი სიზმარი გავიხსენე, სადაც ყველაფერი უკუღმა ხდებოდა სულ და ასეთ იდეამდე მივედი, რამაც ძალიან დიდ ინტერესში ჩამაგდო – ირინე, მოდი იყოს პირიქით, იმის სრულიად საპირისპიროდ, რისი მოთხოვნილებაც ახლა გაქვს. თუკი კონტროლი გინდა, მოდი, დანებება /გაშვება ისწავლე. თუკი წესრიგი გინდა, მოდი ქაოსში ყოფნა ისწავლე. თუკი სიმყარე გინდა, მოდი, დარბილება ისწავლე. ვფიქრობ, ჩემთვის არის ეს გზა.

კონტროლის გაშვება – ჯერ სხეულით დავიწყე. მე ძალიან მიყვარს ხელებით ცეკვა და ზოგადად, ჩემი ხელები ძალიან მომწონს, რადგან სწორედ აქ მაქვს კონტროლის შეგრძნება. მახსოვს, ჩემს თავს რომ ვკითხე პირველად, სად ვგრძნობდი კონტროლის ძალას სხეულში, დიდი ენერგია მოვიდა ხელებში. ასოციაციაც ასეთი მაქვს – ხელებით ვაკეთებ ყველაფერს, ხელებით ვწერ, ხელებით ვხატავ, ვაკეთებ კერძებს, ვალაგებ სახლს, ხელებით ვუკრავ და ვცეკვავ. დავიწყე ხელების გარეშე ცეკვა და მოძრაობა. უბრალოდ ჩამოვყარე ხელები, წარმოვიდგინე, რომ თოკებივით მკიდია, ძალა არ აქვს და დავიწყე მოძრაობა. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ტერფებში მეტი სიმყარე მოვიდა და მერე ეს სიმყარე ხერხემალში ამოიზარდა. მთელი 1 საათი ვიცეკვე ასე, ხელების გარეშე, დამიწებული ტერფებით და მყარი ხერხემლით. სწორედ აქ ვიგრძენი კონტროლის გაშვება და პროცესზე დანებება. მე იმ ცეკვას დავნებდი, იმ მომენტს და იმ მდგომარეობას.

სხეულს რომ გავეშვა და რაციონალიზაცია ჩავრთო, ასეთ კითხვებს დავსვამდი – სად, რა ნაწილში ვეწინააღმდეგები ცვლილებას? რა მინდა ვაკონტროლო ყველაზე მეტად? სად მიმდის ჩემი ენერგია ყველაზე მეტად? რა მოხდება, თუკი სრულად მივენდობი ჩემს ამ გზას? …ჩემს თავს? …შეუცნობელს?

ადამიანებს გვაქვს ფსიქოლოგიური მოტივატორები, რომელიც მეტად უკავშირდება “მინდა”-ს და ნაკლებად უკავშირდება ვალდებულებებს. და თუ ვერ ხდება ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, მოდის დაძაბულობის, შფოთვის, სტრესის შეგრძნება. ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ვაცნობიერებთ, რამ გამოიწვია ეს. ერთ-ერთი მოტივატორია კონტროლის მოთხოვნილება, რაც ებმის უსაფრთხოების საჭიროების დაკმაყოფილებას ემოციურ თუ ფიზიკურ დონეზე. თუკი გავაკონტროლებთ ადამიანებს, მოვლენებს, გარემოს, ამბებს, ჩნდება დაცულობის შეგრძნება. ემოციურად დაცულ გარემოში კი მეტად შეგვიძლია ავთენტური საკუთარი თავის შემოქმედებითი გამოვლენა. და ყველაზე კრიტიკულია შევძლოთ და განვასხვაოთ, რა არის ჩვენი კონტროლის ზონაში და რა არა.

სავარჯიშოც ასეთია: ერთმანეთში ჩახატე სამი წრე. შიდა წრეში, რომელიც ცენტრშია, ჩაწერე: რისი კონტროლი შეგიძლია სრულად? – შენი ფიქრები, ემოციები, რეაქციები, გადაწყვეტილებები; შუა წრეში ჩაწერე: რას ვერ აკონტროლებ სრულად, მაგრამ შეგიძლია გავლენის მოხდენა? – ურთიერთობები, სამუშაოს დინამიკა, დიალოგები; გარე წრეში: რას ვერ აკონტროლებ საერთოდ? – სხვა ადამიანების ქმედებები, გარე მოვლენები, ეკონომიკა… კარგად დააკვირდი ამ წრეებს და გააცნობიერე შენი კონტროლის მოდელები – დაწერე შენი ცხოვრების კონკრეტული ასპექტები, რომლის კონტროლის ძლიერი მოთხოვნილება გაქვს. შეხედე შენს წრეებს და შეუსაბამე სფეროებს; დააკვირდი, რას გაჩვენებს წრეები? რომელ წრეშია ის, რისი კონტროლის მოთხოვნილებაც გაქვს? საით მიედინება შენი ენერგია? ენერგიის მართვისთვის შეხედე ცენტრალურ წრეს – აქ ასეთი კითხვა მაქვს შენთან: რა მოხდება, თუკი ამის კონტროლს გაუშვებ, რაც ამ წრეში გიწერია? შეხედე სხვა წრეებს: რას გაძლევს კონტროლის ეს მოთხოვნილება? უსაფრთხოებას? ვალიდაციას? კიდევ? სად, რა სიტუაციაში ისწავლე, რომ ამ სფეროების კონტროლი გჭირდება? რას გეუბნება ეს? რას ნიშნავს საკუთარი თავის ნდობა შენთვის? თუკი შენს თავს სრულად მიენდობი, როგორ შეიცვლება შენი კონტროლის მოთხოვნილება?

ქაოსი – აქ ასეთი პრაქტიკა მომწონს: დააკვირდი ქაოსს, კარგად შეხედე, კარგად უსმინე, კარგად დააკვირდი, ოღონდ ნუ გაერთიანდები მასთან, ნუ გახდი ქაოსს შენს იდენტობად, ნუ გახდები მისი მონაწილე, უბრალოდ დააკვირდი. კი, იმოქმედე, როცა ამის საჭიროება გექნება, მაგრამ ნუ გახდები კოლექტიური შეშლილობის ნაწილი. შეინარჩუნე ეს მდგომარეობა – იყავი ცნობიერი მოწმე ქაოსისა, დაინახე ფაქტები შეფასებების გარეშე და აღიქვი, რომ შენ ამაში კი არ იკარგები, ამის ნაწილი კი არ ხარ, შენ ამას უბრალოდ აკვირდები. და აქვე კითხვა: საიდან მოქმედებ – შიშიდან თუ სიბრძნიდან? როგორ შეგიძლია შექმნა სივრცე გარდაქმნისთვის? … ცვლილებისთვის? ამის გაკეთებას შეძლებ მხოლოდ მაშინ, თუკი გაერთიანდები შენს შინაგან სინამდვილესთან და არა გარეგან ქაოსთან. გარე ხმაური – მედია, პოლიტიკა, კოლექტიური შიში, სოციუმის მოლოდინები – ეს ყველაფერი ქაოსის ნაწილია. შენ კი შეგიძლია განასხვაო სად არის ქაოსი და სად არის შენი შინაგანი სინამდვილე. და ხვალ რომ სამყარო ამოყირავდეს, შენ ვინ იქნები? ხვალ რომ ყველანაირი ღირებულებების სისტემა გაქრეს, შენთვის რა იქნება მაინც ღირებული? რომ არ გეშინოდეს და მეტად უსმენდე ინტუიციას, რას გეტყოდა ის?

ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ თუკი სამყაროს ახლა აკლია სიყვარული, მე შემიძლია მეტი გავცე. თუკი სამყაროს ახლა აკლია სიკეთე, მე შემიძლია მეტი გავცე. თუკი სამყაროს ახლა აკლია სინამდვილე, მე შემიძლია მეტი გავცე და არცერთს არ სჭირდება შელამაზებული ფორმის პოვნა. ეს ყველაფერი ლამაზია ისეთი, როგორიც არის. მეტიც, ვფიქრობ დროა ფორმებზე ფიქრი უკან გადავწიოთ ცოტა ხნით და მეტად ღრმა შინაარსში ჩავიდეთ ყველა ერთად, სადაც ნამდვილი ყოფნაა – მოჩვენებითობის, თავდაცვითი მექანიზმების და ჯავშნების გარეშე. რადგან ეს შეშლილი დროება ისედაც არსებობს, ამაზე მეტს ვეღარ გავაფუჭებთ. მაშ, რაღა გვაკავებს ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში ვართ?  

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე