რომელ საკანში ცხოვრობ?

ახლა რომ მკითხოთ, რისთვის დავწერე ეს ტექსტი, აზრზე არა ვარ. წავიკითხავ ასე ორი კვირის მერე და იქნებ გავარკვიო.

იბადები, თვალს ახელ, იწყებ აზროვნებას და იწყებ კედლების აშენებას შენს ირგვლივ, საზღვრების მონიშვნას, გისოსების გალამაზებას. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იყო, მშვიდად გალიო შენი მოსაწყენი ცხოვრება, რომელიც ამავე დროს ითხოვს ველურ ბუნებაში გაჭრას, ცად ავარდნას, ღრმად ჩაყვინთვას. მაგრამ არა, უსაფრთხოება მაინც თავისუფლებაზე უტკბესია. ჰო, კარგი, შეიძლება ცოტა გადავაჭარბე და უტკბესი არ არის, მაგრამ ცხადი ხომ არის? უსაფრთხოება თავისუფლებაზე ცხადია. ხომ ზუსტად იცი, როდის რა გელოდება და ისიც ხომ იცი, რომ არაფერიც არ გელოდება. მაგრამ მშვიდად ხარ, ემოციების დუღილი არ გაწამებს და ხარ მშვიდად. ცხოვრობ მშვიდად. და ასე სიბერემდე. მთელი ცხოვრება ამით ხარ დაკავებული, ერთი საკნიდან მეორეში გადადიხარ, დამოგზაურობ, მთელ ციხეს მოივლი, რაღაც მომენტში გგონია, რომ აი, გათავისუფლდი, თუმცა არა – ესეც საკანია, ოღონდ თავისუფლების საკანი.

მემგონი, იმ უხილავი საკნის პატიმარი ვარ, სინამდვილეში რომ არ არსებობს, არავითარი კედლები და გისოსები რომ არ აქვს, მე კიდევ ავდექი და თავი დავიპატიმრე ჩემი ნებით, ჩემივე გონებით. და რაც არ უნდა ჩემს თავს ვაძახო, „გამბედაობა, ირინე, გამბედაობა… გაარღვიე, მოანგრიე კედლები, აჯანყდი, აბობოქრდი, გაიქეცი…“ ჯანდაბა… მე ხომ ვიცი, რომ საკნიდან საკანში გიჟივით რბოლაა ეს ყველაფერი. საიდან ვიცი? როგორც მინიმუმ, ორ საკანში ვართ გამოკეტილი ადამიანები – წარსულის და მომავლის. ყველა გუშინდელი დღე აჩრდილივით დამდევს და ყველა ხვალინდელი დღე ბუნდოვნად მელანდება. ამ დროს დღევანდელი დღე თვალსა და ხელს შუა მეპარება. ზოგჯერ ისე ღამდება, არც მახსოვს წინა ათი საათი რას ვაკეთებდი. ა ვიცი, გუშინდელ აჩრდილებს და ხვალინდელ ბინდ-ბუნდს ვფანტავდი. რა სასაცილოები ვართ ამ საკნებში – შეშინებული და ამავდროულად, ილუზიებით ამოტენილი, გაფუყულ ეგოიანი არსებები. აი, თუნდაც ამ ერთ წინადადებაში, რამდენმა საკანმა ერთად მოიყარა თავი. ვთქვათ შეულამაზებელი სინამდვილე? აბა რა უნდა ვქნათ.

შიშის გალია – წარუმატებლობის, უარყოფის, მიტოვების, წარმატების, არცოდნის, ბუნდოვანების, გაურკვევლობის, სიკვდილის… არადა, ეს ბოლო ყველაზე კარგი შიშია და რა სამწუხაროა, რომ ყველაზე ცოტას ამაზე ვფიქრობთ ან საერთოდ არ ვფიქრობთ. არადა, რამდენი ღირებული რამის მოცემა შეუძლია. ჰოდა, ირინე, თუ აუცილებლად უნდა გეშინოდეს, მოდი, სიკვდილის შიში აირჩიე და ამის გეშინოდეს. რადგან, არაფერი ისე არ გაგრძნობინებს სიცოცხლეს, როგორც საკუთარი უსუსურობის განცდა.

საკანი სახელად ეგო – ეს რაღაცნაირი დიდებული იდენტობა და მასზე შეწებებული სტატუსი, დაფიქსირებული სელფი, რომელსაც არ უნდა გამოძრავება, არსებულს მიღმა გახედვა, კვარცხლბეკიდან ჩამოსვლა, არცოდნის სივრცეში შესვლა, მოსწავლედ ყოფნა და სწავლა. არადა, რას არ თმობს?

ილუზიების გალია – რა ტკბილია ეს ოხერი, დახუჭავ თვალებს და რასაც გინდა იმას მოუგონებ შენს თავს, ნებისმიერ სცენარს, ნებისმიერ გმირს და ნებისმიერ დრამას. თანაც იცი, რომ ეს უფრო უსაფრთხოა, რადგან ილუზიები გიცავს რეალობისგან. მართალია, თავის ფასსაც მოითხოვს, დროს, მაგრამ განა ეს რა ფასია იმასთან შედარებით, რასაც გაძლევს?

დროის საკანი – დედლაინიდან დედლაინამდე, პაემნიდან პაემნამდე, წარუმატებლობიდან წარუმატებლობამდე. ეს რომ მექნება, მერე კარგად ვიქნები… ეს რომ მოხდება, მერე კარგად ვიქნები… ამას რომ მივაღწევ, აქ რომ წავალ, ასეთი რომ გავხდები, მერე კარგად ვიქნები… არადა, გაფანტული დროის შიშმა ყველაზე გვიან იცის თავის შეხსენება.

დანაშაულის გალია – უსარგებლობის, მარცხის და შეცდომის ყველა ამბავი აქ ერთიანდება და ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ თავს არაფერი აპატიო, არ ისწავლო და არ გაიზარდო.

სირცხვილის საკანი – ეს სოციალური კონსტრუქცია და წნეხი ყველა სურვილს გიკლავს ჩანასახში და ყველა მოქმედებაზე გახსენებს, რომ ვერ მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. არაუშავს, დახრი თვალებს, აიჩეჩავ მხრებს, მოიწურები და გააგრძელებ. საკუთარი თავის მოტყუება ხომ ასე ადვილია.

ტრავმების გალიაში ყველაზე მახინჯი მხეცებია დაბმული. ღმუიან თავისთვის, ხან გესმის, ხან არა. ხან გრძნობ, ხან ვერ. მაგრამ ისინი ხომ იქ არიან დაბმულები, ისინი ხომ სულ ღმუიან. მე კიდევ გაქცევის დიდოსტატი ვარ, არ შემჩნევის, თვალის არიდების. ჰოდა იღმუვლონ, იქნებ საერთოდაც არ ვიცი, რომ ისინი არიან, იქ არსებობენ. და მერე რა, რომ კოგნიტური ბარიერები მაქვს და ჩემი სამყაროც ჩემი მხეცებივით მახინჯია? მე ხომ კარგად ვიმალები? ჰოდა, ვიმალები, სულ ერთი და იგივე ადგილას. მანდ ვერ მაგნებენ. იგივე წრეზე ვტრიალებ. დრო მაქვს, ჯერ აქ ვიქნები.

ოჯახური გალია – თუკი ისე მოხდა, რომ მშობლებმა ვერ მოგცეს სათანადო სიყვარული, ამასთან მხეცის ღმუილი რა მოსატანია? მერე მთელი ცხოვრება ემსგავსება „დაკარგული“ სიყვარულის ძიებას და სხვა ადამიანებმა სულ რომ მთები გადადგან შენს გამო, შენ მაინც რაღაც სხვა გინდა, სხვა და არარსებული. თუ ოდესმე მიხვდი, რომ შენი მშობლების არარეალიზებული მოლოდინები ხარ, შენი საგვარეულოს დაგროვებული ტკივილები ხარ, შენი მომავალი შვილებისთვის შეწირული მსხვერპლი ხარ, მხოლოდ მაშინ შეძლებ „დაკარგულ“ სიყვარულს გაეშვა და… აჰ, რას ვიგონებ ახლა, ვერაფერსაც ვერ შეძლებ.

და აქვე სოციალურ-კულტურული გალია – დიდი ტექსტი რომ არ გამომივიდეს, აქ შევყრი ყველაფერს ერთად – სოციალური კონსტრუქციები და ნორმები, გენდერული როლები, რელიგიური რწმენები და დოგმები, აქვე ღმერთი დაგვსჯის შიში, ეკონომიკური სისტემები, კარიერული კიბეები, სოციალური კლასების ჩარჩოები, ეთნიკური დისკრიმინაცია და ყველაზე რიგიდული “განათლების” საკანი, რომელშიც, თავიდან სიხარული შერბიხარ და მერე იქიდან ვეღარასოდეს გამოდიხარ. დაახლოებით ის აქტია, ეშმაკს რომ მიჰყიდი სულს.

საკანი მორალი და ეთიკა – ძალიან გავმხიარულდი. არადა, როგორ დრამატულად დავიწყე. ნახეთ, როგორი სასაცილო სიტყვები უნდა ვთქვა – ეგზისტენციალური შფოთვა და ადამიანის თავისუფალი ნება. ვხარხარებ.

თავისუფალი ნების და დეტერმინიზმის საკანი – ეს დაუსრულებელი დებატები, ერთი თუ მეორე? ერთი თუ მეორე? კონტროლის ილუზია თუ უმწეობის განცდა? არჩევანი თუ ბედისწერა? ორივე, ირინე, ორივე და თუ ჩემი და ხარ, დროულად გადი ამ საკნიდან.

არსი – ეს საკანიც არ არის, ეს რაღაც სხვაა. და იცი რატომ, ირინე? არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხი და იმიტომ. და თუკი შეიძლება არსებობდეს რაიმე პასუხი, ის მხოლოდ ერთია, რომელიც კითხვასაც მოიცავს და პასუხსაც – არავინ.

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე